ზაზა ხარებავას უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტმა დროულად უნდა იმსჯელოს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს. დღეს, 7 ივნისს, გაიმართება კონკურსში მონაწილე პირთა კანდიდატად რეგისტრაციის სხდომა, რომელსაც რამდენიმე ეტაპად მოყვება ფარული კენჭისყრები საბჭოში. ამ ვითარებაში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს ვადებში იმსჯელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის - ზაზა ხარებავას - საბჭოში არჩევის კანონიერების საკითხსა და მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე.

2019 წლის 14 მაისს, კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ საქართველოს პარლამენტს მიმართა მოთხოვნით, შეისწავლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის - ზაზა ხარებავას არჩევის კანონიერების საკითხი. კოალიციის განცხადებით, ზაზა ხარებავას არჩევის პროცესში დარღვეულია კანონის მოთხოვნები,[1]რამდენადაც მისი კანდიდატურა პარლამენტს არაუფლებამოსილმა სუბიექტმა წარუდგინა. კანონის თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში. ზაზა ხარებავას წარმდგენი ორგანიზაცია კი კანონის ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

კანონის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია “წევრად არჩევა ან დანიშვნა კანონით დადგენილი წესის დარღვევით”.[2] მიუხედავად იმისა, რომ ნათლად ჩანს ზაზა ხარებავას წარდგენისა და წევრად არჩევის პროცესში კანონის მოთხოვნების დარღვევა, პარლამენტს ამ დრომდე არ უმსჯელია 2019 წლის 14 მაისს რეგისტრირებულ განცხადებაზე.

როგორც ითქვა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცედურებს. იმისათვის რათა ამ პროცსის კანონიერებას საფრთხე არ შეექმნას, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს უმოკლეს ვადებში გადაწყვიტოს ზაზა ხარებავას არჩევის კანონიერების საკითხი, ხოლო საკითხის გარკვევამდე მოვუწოდებთ ზაზა ხარებავას საკუთარი ნებით ჩამოცილდეს საკითხის განხილვებსა და კენჭისყრებში მონაწილეობას. 

 

ხელმომწერები:

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge