სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

როდის აქვს ხალხს უფლება იყოს დაუმორჩილებელი?

2020-11-09 22:56
Featured image

პოლიტიკისა და სამართლის ფილოსოფოსის ჯოზეფ რაზის დოქტრინის მიხედვით, სამოქალაქო დაუმორჩილებელობა გამართლებულია არალიბერალურ დემოკრატიებში მაშინ, როდესაც ადამიანები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას ჩართულნი იყვნენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. 

მოდით განვიხილოთ დღევანდელი შემთხვევა რამდენად აკმაყოფილებს რაზის დოქტრინით აღწერილ მოცემულობას და გავცეთ კითხვას პასუხი: ქონდათ თუ არა პარლამენტის წინ მდგომ ადამიანებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის უფლება.

2020 წლის მაისიდან მოყოლებული საქართველოს პარლამენტმა მთავრობას გადასცა უზარმაზარი უფლებამოსილება შეეზღუდა ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. მთავრობა 2020 წლის მაისიდან მოყოლებული აწესებს სხვადასხვა შეზღუდვებს პარლამენტისგან გვერდის ავლით. პარლამენტი არის ისინსტიტუცია, რომელიც ხალხის წარმომადგენლებისგან შედგება და შესაბამისად მათ გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ხასიათდება დაბალი ლეგიტიმაციით, ხალხის ნაკლები ჩართულობით. 2020 წლისმაისიდან მოყოლებული უწყებათაშორისი საბჭო მართავს ქვეყანას. ქვეყნის მართვაში კი არ მონაწილეობენ ხალხის წარმომადგენელი პარლამენტარები, შესაბამისად, ადამიანები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას მათი წარმომადგენლების მეშვეობით ჩართულნი იყვნენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ამასთან, უწყებათაშორისი საბჭოს წარმომადგენლებმა (მაგალითად, ეკონომიკის მინისტრმა) არაერთხელ განაცხადეს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებისას სამოქალაქო სექტორის ჩართულობის საჭიროება არ არსებობდა და დატუქსეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს მონაწილეობა მიეღოთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ამდენად, ჯერ კიდევ 2020 წლის მარტიდან დაწყებული პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე და შემდეგში 2020 წლის მაისიდან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მთავრობა უწყებათაშორის საბჭოს ფორმატით მართავს ქვეყანას ისე, რომ სამოქალაქო ჩართულობა არის 0. 

შესაბამისად, მაშინ, როდესაც ქვეყანა ნელ-ნელა მიდის არალიბერალური დემოკრატიისკენ და მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის დონე 0-ს უახლოვდება, დღეს ამ ადამიანებს  ლეგიტიმურად ჰქონდათ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის უფლება, რომელიც, ვფიქრობ, სათანადოდ განახორციელეს.

 

 

 

ვასილ ჟიჟიაშვილი საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას