სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია არაკვალიფიციური სამედიცინო დახმარების შედეგად გარდაცვლილი პაციენტების საქმეებზე ეფექტურ რეაგირებას ითხოვს

2019-05-31 13:32
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება არაკვალიფიციური სამედიცინო დახმარების შედეგად გარდაცვლილი პაციენტების საქმეებს.

2017 წლიდან საია-ს აჭარის ფილიალი რეგულარულად განიხილავდა სავარაუდო სამედიცინო არაკვალიფიციური სამედიცინო დახმარების შედეგად გარდაცვლილი პაციენტების საქმეებს, რომლებშიც არაეფექტიანი გამოძიების პრობლემა იკვეთებოდა. მსგავსი საქმეები შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს შეეხებოდა:

1. ჯ.ჩ.-ს განმარტებით, მისი მეუღლე ნ.ჩ. იყო ორსულად, მუცლის არეში ტკივილების გამო წაიყვანა ექიმთან კონსულტაციაზე, რის შემდეგაც, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა გადაწყვიტა, რომ ნ.ჩ.-სთვის გაეკეთებინა საკეისრო კვეთა. ოპერაციული ჩარევის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ აუცილებელი გახდა მისი გადაყვანა თურქეთის რესპუბლიკაში. თურქეთის კლინიკაში ჩატარებული ანალიზებით დადგინდა, რომ საქართველოში განხორციელებულმა არასწორმა სამედიცინო ჩარევებმა გამოიწვია პაციენტის კრიტიკული მდგომარეობა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, ნ.ჩ.-ს ოჯახის წევრებმა მიმართეს პროკურატურას, თუმცა, გამოძიება დაუსაბუთებლად ჭიანურდება. მათ ასევე მიმართეს სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“, საიდანაც პასუხი დღემდე არ მიუღიათ.

2. ქ.კ.-ს განმარტებით, 2018 წლის 19 აპრილს, დაახლოებით ღამის 12 საათზე, დ.კ. შეუძლოდ გახდა, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. პაციენტი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გაუკეთდა ანალიზები. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ პაციენტისთვის გაეკეთებინათ აპენდიციტის ოპერაცია. პაციენტი მოამზადეს საოპერაციოდ. რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ ნათესავებმა მოიკითხეს პაციენტის მდგომარეობა, აღმოჩნდა, რომ დ.კ.-სთვის ოპერაცია საერთოდ არ გაუკეთებიათ და ის ამ დროის განმავლობაში გარდაცვლილი იყო პალატაში.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება დაიწო პროკურატურამ. ასევე ოჯახმა მიმართა სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“, საიდანაც პასუხი დღემდე არ მიუღიათ.

3. ლ.ლ.-ს.-ს განმარტებით, 2018 წლის 14 დეკემბერს, ე.ჩ.-მ თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. პაციენტი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გადაუღეს თირკმლის ექოსკოპია, დაფიქსირდა 9 მმ კენჭი, პაციენტს გაუკეთდა ანალიზები, მორფინი. ტკივილის გაყუჩების შემდეგ იგი საავადმყოფოდან გაწერეს. სახლში მისვლისთანავე პაციენტის მდგომარეობა გახდა კრიტიკული, ვინაიდან პაციენტს ჰქონდა ფილტვის თრომბი, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

მომხდართან დაკავშირებით, ე.ჩ.-ს ოჯახის წევრებმა 2019 წლის 14 იანვარს მიმართეს პროკურატურას და სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“, საიდაც პასუხი დღემდე არ მიუღიათ.

4. მ.ს.-ს განმარტებით, 2018 წლის 25 დეკემბერს, მისი შვილი ს.კ. გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც, ერთი კვირის განმავლობაში, უტარდებოდა მკურნალობის კურსი, თუმცა, უშედეგოდ. ამის გამო ოჯახი დაინტერესებული იყო პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანით, რასაც ეწინააღმდეგებოდა კლინიკის ექიმი. როდესაც პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული გახდა, ექიმის გადაწყვეტებით, ს.კ. გადაიყვანეს თბილისში. ექიმის გადაწყვეტილებით, ს.კ.-ს ჩაუტარდა თირკმლის ოპერაცია, რა დროსაც არასწორად ჩაუსვეს კათეტერი. აღნიშნულის გამო, ს.კ.-ს მდგომარეობა გახდა კრიტიკული, რამაც საბოლოოდ პაციენტის სიკვდილი გამოიწვია.

მომხდართან დაკავშირებით, ს.კ.-ს ოჯახის წევრებმა 2019 წლის 19 აპრილს მიმართეს სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“, საიდანაც პასუხი დღემდე არ მიუღიათ.

5. შ.ი.-ის განმარტებით, 2017 წლის 17 მარტს, მისი შვილი ა.ბ. მაღალი ტემპერატურის გამო გადაიყვანა საავადმყოფოში, ექიმმა პაციენტს გაუკეთა მხოლოდ სისხლის ანალიზი, რის შემდეგაც შ.ი.-ის განუმარტა, რომ ა.ბ-ს მდგომარეობა იყო სტაბილური და შეეძლოთ სახლში დაბრუნებულიყვნენ. სახლში დაბრუნების შემდეგ, ა.ბ.-მ თავი ცუდად იგრძნო, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, საავადმყოფოში ხელახლა გადაყვანის შემდეგ შ.ი.-ს ექიმებმა განუმარტეს, რომ ა.ბ.-ს გადარჩენა შეუძლებელი იყო, ვინაიდან მკურნალობა დაგვიანებული იყო. 2017 წლის 22 მარტს პაციენტი გარდაიცვალა .

ოჯახს არ მიუმართავს პროკურატურისა და სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის“.

6. ნ.დ.-ის განმარტებით, მისი შვილი, თ.გ., გარდაიცვალა 2017 წლის 13 იანვარს, რისი მიზეზი კურორტ „გოდერძზე" თხილამურებით სრიალისას მიღებული ტრავმა და შემდგომი არასათანადო სამედიცინო მკურნალობა იყო. 2017 წლის 31 იანვარს სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“-მ დაიწყო მოკვლევა და დაადგინა პაციენტ თ.გ.-ის მკურნალობაში დაშვებული შეცდომები.

2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით, „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარგლებში შექმნილმა პროფესიული რეგულირების საბჭომ“ ორ ექიმს გაუუქმა სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობებში, ხოლო ერთ ექიმს სამი თვის ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სპეციალობაში „საოჯახო მედიცინა" და დაევალა სპეციალური რეაბილიტაციის კურსის გავლა თემაზე: პირველადი და გადაუდებელი დახმარება ტრავმული დაზიანებების დროს.

ამასთან, 2017 წლის 13 იანვარს აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება, თუმცა, არც ერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

7. ა.ფ.-ს განმარტებით, მისი ძმა ზ.ფ. გარდაიცვალა 2018 წლის 31 მარტს, რისი მიზეზი არასათანადო სამედიცინო მკურნალობა იყო. 2019 წლის მარტში სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“-მ დაიწყო მოკვლევა და დაადგინა პაციენტ ზ.ფ.-ს მკურნალობაში დაშვებული შეცდომები. საბჭოს გადაწყვეტილებით ერთ ექიმს ერთი თვის ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება. ამასთან, არც ერთი პირის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

როგორც ზემოაღნიშნული შემთხვევების განხილვის შედეგად იკვეთება:

1. სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ“ ზემოაღნიშნული 7 ფაქტიდან მხოლოდ 2 შემთხვევაში მიიღო გადაწყვეტილება.

ერთ შემთხვეაში, კერძოდ, ზ.ფ.-ს საქმეზე, სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ დაიწყო მოკვლევა და დაადგინა პაციენტის მკურნალობაში დაშვებული შეცდომები. აღნიშნულის შემდეგ, ამავე სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე დაისვა პაციენტის მკურნალი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ექიმს ერთი თვით შეუჩერდა სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება. ამ ვადის დასრულების შემდეგ, იმავე ექიმის შეცდომის გამო დაიღუპა პაციენტი, რომლის ოჯახის წევრმა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ასევე მიმართა საჩივრით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამსჯელოა, რამდენად არის სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს გამოყენებული სანქცია პრევენციული ღონისძიების შემცველი, და სახდელდადებული ექიმის მიერ გაწული მკურნალობა, რამდენად უსაფრთხოა მომავალი პაციენტებისათვის.

მეორე შემთხვევაში, კერძოდ თ.გ.-ს საქმეზე, დაიწყო მოკვლევა და გამოკვეთა პაციენტის მკურნალობის პროცესში დაშვებული შეცდომები. ამის შემდეგ, ამავე სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე დაისვა პაციენტის მკურნალი სამი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. საბჭომ მიმართვიდან 15 თვეში მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ორ ექიმს გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობებში, ხოლო ერთ ექიმს სამი თვის ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება.

აღნიშნული მიუთითებს, რომ სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში“ გადაწყვეტილების მიღება ჭიანურდება.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსა და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარგლებში შექმნილი პროფესიული რეგულირების საბჭოს  დებულება არ ითვალისწინებს რაიმე კონკრეტულ ვადას რომლის განმავლობაშიც სავარაუდო სამედიცინო გადაცდომის შესახებ უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული. ასეთ შემთხვევაში კი სააგენტოსა და საბჭოსთვის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოებისთვის, მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით (სზაკ) დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების წესი და ვადა, რომელიც ერთ თვეს შეადგენს. მიუხედავად ამისა, არც სსიპ სახელმწიფო საქმიანობის რეგულირების სააგენტო და არც პროფესიული განვითარების საბჭო იცავს სზაკ-ით დადგენილ ვადებს და, ფაქტობრივად, აჭიანურებს მოკვლევისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

 

  1.  

 

2016 წელი

2017 წელი

2018 წელი (იანვარი-ივლისი)

1.

ექიმების საერთო რაოდენობა, რომლებსაც პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრათ

198

300

160

2.

წერილობითი გაფრთხილება

105

207

19

3.

სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედების სხვადასხვა ვადით შეჩერება

93

93

49

4.

სახელმწიფო სერთიფიკატის გაუქმება

 

 

2

 

 

2. პროკურატურისადმი მიმართვის მიუხედავად, არც ერთ შემთხვევაში არ დამდგარა არც ერთი ექიმის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რაც, ამ მიმართულებით, საგამოძიებო ორგანოების მუშაობის შესაძლო არაეფექტიანობაზე მიუთითებს.

პროკურატურა ასევე აჭიანურებს პირისთვის დაზარალებულის სტატუსი მინიჭებას, რის შედეგად, გარდაცვლილი პაციენტის ახლობლებს ერთმევათ შესაძლებლობა, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს და  გამოძიების პროცესში მეტად იყვნენ ჩართულები.

აქვე აღვნიშნავთ, რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, ეფექტიანი გამოძიების წარმართვისთვის გონივრული ვადა, ამ ეტაპზე, გასული არ არის.

3. პრევენციის მიზნებისთვის, არც რეგულირების სააგენტო და არც პროფესიული განვითარების საბჭო, არ სწავლობს სამედიცინო გადაცდომებით დამდგარ ცუდ პრაქტიკას, არ განაზოგადებს მას და არ შეიმუშავებს სავალდებულო რეკომენდაციებს/გაიდლაინებს მსგავსი შეცდომების თავიდან ასაცილებლად.

 

4. მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ მეან გინეკოლოგებსა და ნეონატოლოგებს ევალებათ რესერტიფიცირება და თავიანთი კვალიფიკაციის დადასტურება. ეს ვალდებულება სხვა პროფილის ექიმებს არ ეკისრებათ, რაც პრობლემაა ექიმთა უწყვეტი კვალიფიციურობის უზრუნველსაყოფის მხრივ.

 

5. მართალია, სსიპ სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კანონითა და დებულებით აქვს უფლებამოსილება, გააკონტროლოს სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან როგორც პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი, ისე სამედიცინო დაწესებულებების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულება (სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები), თუმცა, ზემოთ განხილული შემთხვევების ფონზე, სადავოა აღნიშნული ბერკეტის ეფექტიანობა.

 

საია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს არაკვალიფიციური მკურნალობის შედეგად გარდაცვლილი პაციენტების საქმეში სახელმწიფოს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობის მნიშვნელობას. სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს ძალისხმევა, რათა არ გაჩნდეს კითხვები სამართალწარმოების ობიექტურად, მიუკერძოებლად და ეფექტიანად წარმართვასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საია მიზანშეწონილად მიიჩნევს რომ

1. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, თავისი კომპეტენციის შესაბამისად, სრულყოფილად და ეფექტიანად უნდა მოახდინოს მოკვლევა და მის ფარგლებში შექმნილმა პროფესიული რეგულირების საბჭომ დამრღვევი ექიმების მიმართ გამოიყენოს პროპორციული და ადეკვატური სანქციები;

2. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსა და პროფესიული განვითარების საბჭოს დებულებებში, შესაბამისად, გაიწეროს მოკვლევისა და გადაწყვეტილების მიღების კონკრეტული ვადები.

3. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულებას უნდა დაემატოს საჩივრების საფუძველზე ერთგვაროვანი სამედიცინო გადაცდომების განზოგადებისა და განზოგადების საფუძველზე სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციების/გაიდლაინების შემუშავების ფუნქცია. ასევე, სააგენტომ უნდა მიაწოდოს სადავოდ გამხდარი სამედიცინო მკურნალობის კვლევისა და შეფასების შედეგები იმ საავადმყოფოს, რომელშიც პაციენტს ხარვეზიანი მკურნალობა გაეწია, რათა შემდგომში კლინიკამ მსგავსი შეცდომა თავიდან აიცილოს.

4. რესერტიფიცირება და კვალიფიკაციის დადასტურება, უწყვეტი სამედიცინო განათლების კონტექსტში, უნდა გახდეს სავალდებულო ყველა პროფილის ექიმისთვის დროის გონივრულ ინტერვალში.

5. კლინიკების მიერ სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი უნდა იყოს რეგულარული და მყისიერი, რაც გულისხმობს სააგენტოს უფლებამოსილებას, შეამოწმოს კლინიკები წინასწარი გაფრთხილებისა და რეგულარული შემოწმებით გათვალისწინებული ვადების ფარგლებს გარეთ.

6. საქართველოს პროკურატურამ უნდა უზრუნველყოს განცხადებაში მითითებული საქმეების სრულყოფილი და დროული გამოძიება. ამასთან, არაკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების შედეგად გარდაცვლილი პაციენტების საქმეებზე, გამოძიების საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გაავრცელოს ინფორმაცია გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესის გარშემო არსებული დეტალების შესახებ.