სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია-ს შეფასება ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ

2020-03-08 12:56
Featured image

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა, რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლის და ამ დღის აღნიშვნა უკავშირდება ქალთა ბრძოლას პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური თანასწორობისთვის. საქართველოში, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას სწორედ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა და გენდერული თანასწორობის მიღწევა წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლში გაიწერა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. აღნიშნული ჩანაწერით, სახელმწიფომ კონსტიტუციის დონეზე განამტკიცა ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის საკითხი და აიღო ვალდებულება, რომ გაატარებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად. 

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბოლო წლებში ამ მიმართულებით გატარებული სხვადასხვა წინგადადგმული ნაბიჯის მიუხედავად, კვლავ პრობლემას წარმოადგენს გენდერული თანასწორობის საკითხი და სახელმწიფოს მხრიდან საჭიროებს მრავალი ასპექტით მუშაობას. 

სახელმწიფოს მხრიდან პრევენციულ ღონისძიებებზე ორიენტირებული პოლიტიკის სისუსტეს წარმოადგენს გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის - „ფემიციდის“ შემთხვევები. ამ დროის მონაცემებით, 2020 წელს 8 ქალია მოკლული, ოჯახის წევრის, ყოფილი მეუღლისა თუ პარტნიორის მიერ. ასეთი ტრაგედიები, მწვავედ წარმოაჩენს სახელმწიფოს მხრიდან ძლიერი, ეფექტიანი და კოორდინირებული პრევენციულ მექანიზმებზე დაფუძნებული პოლიტიკის არ არსებობას. ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც სახელმწიფო უწყება ახორციელებს და რომელიც ემსახურება პრევენციას, მეტწილად არის ქაოტური და არასისტემური, რაც ამცირებს პრევენციული სამუშაოების ეფექტიანობის კოეფიციენტს.   

ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გენდერის ნიშნით ჩადენილ დანაშაულთა ბუნების გამოკვლევა, მსხვერპლთა დაცვის ქმედითი მექანიზმების შექმნა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა ქალებისა და გოგონებისთვის. საქმეში, გენდერული მოტივის გამოკვეთის მიზნით, საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და ნათელი ხედვა, თუ რა უნდა იყოს მიჩნეული გენდერულ მოტივად. აუცილებელია, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, კონკრეტულ ფაქტებზე, ეფექტიანი და სწრაფი რეაგირება. პროკურატურამ, ხოლო შემდგომ სასამართლომ გამოკვეთოს დანაშაულის ჩადენის მოტივი, რაც გამოიწვევს პირისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას.  

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები, განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფს განეკუთვნებიან. პრობლემას წარმოადგენს ძალადობის მსხვერპლი შშმ ქალებისა და გოგონათა მხრიდან სამართალდამცავთათვის მიმართვიანობის დაბალი მაჩვენებელი. მათ უჭირთ მტკიცებულებების შეგროვება, არიან დაშინებულ და სტრესულ მდგომარეობაში, რადგან აცნობიერებენ, რომ ძალადობის შემთხვევის აღიარებით, შესაძლოა დაკარგონ ახლობლებისა და საზოგადოების მხარდაჭერა. 

 

პრობლემურია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონების რეაბილიტაციის საკითხი. ფაქტობრივად, არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა  სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებული  სარეაბილიტაციო ცენტრები, რომლებიც მიიღებენ შშმ ძალადობის მსხვერპლს.

 

სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების და აღებული ვალდებულების მიუხედავად, იძულებითი აბორტის საკითხი დღემდე არ არის კანონმდებლობით რეგულირებული და სისხლის სამართლით დასჯადი ქმედება. სტამბოლის კონვენციის 39-ე მუხლის მიხედვით, იძულებითი აბორტი გულისხმობს ქალისთვის აბორტის გაკეთებას მისი წინასწარი და ინფორმირებული თანხმობის გარეშე. 

ქვეყანაში, ადრეულ ასაკში ქორწინება, ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში გავრცელებულია როგორც ქორწინების, ისე ნიშნობის იძულების პრაქტიკა. ზოგიერთ ეთნიკურ ჯგუფში ადრეული ქორწინების ასაკად სახელდება 13-15 წელი, ძირითად მოსახლეობაში ადრეული ქორწინების ასაკია 16-17 წელი. აქვე აღსანიშნავია, რომ 2018 წელს მშობლად დარეგისტრირდა 715 არასრულწლოვანი დედა და  23 არასრულწლოვანი მამა. არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირთა რაოდენობა კი გაცილებით მეტია. პრობლემის პრევენციის კუთხით, მთავარ გამოწვევას საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონე და სერვისების არაეფექტური მიწოდება წარმოადგენს. 

საქართველოში სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცესა და შრომით ურთიერთობებში საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდა 2019 წელს.  საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების აღსრულების მექანიზმი დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირებს, ხოლო შრომით ურთიერთობებში სექსუალური შევიწროების აღსრულების მექანიზმი საქართველოს სახალხო დამცველს ეკუთვნის. 

მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონსა და საქართველოს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმადაც, დამსაქმებელი ვალდებულია, პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად მიიღოს შესაბამისი ზომები. რაც გულისხმობს დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებების შემუშავებას დაწესებულებების შინაგანაწესებსა თუ სხვა დოკუმენტებში. სამწუხაროდ, მსგავსი სახის დოკუმენტაცია დამსაქმებლების უმეტეს ნაწილს დღემდე არ გააჩნია. 

მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამის არ არსებობა წარმოადგენს კიდევ ერთ საკითხს, რომელიც ხელს უშლის დანაშაულის პრევენციას. 2019 წელს განხორციელებული ცვლილებების მიხედვით დამცავი ორდერი ითვალისწინებს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას. აღნიშნული ვალდებულების შესრულება სასამართლოს მხრიდან ვერ მოხდება იმდენად, რამდენადაც ფაქტობრივად შეუძლებელია ვალდებულების აღსრულება, საქართველოს მთავრობის მხრიდან შესაბამისი დადგენილების მიუღებლობისა და მისი აღსრულების წესის განუსაზღვრელობის გამო.

ზემოაღნიშნული საკითხები იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც საია-ს მიერ გამოიკვეთა მრავალწლიანი მუშაობის საფუძველზე.  

 

შესაბამისად, საია საქართველოს მთავრობას და პარლამენტს მოუწოდებს:

- შექმნას პრევენციის სისტემური მექანიზმი, რომელიც დაგეგმავს პრევენციული ღონისძიებების გატარებას - ქალთა თანასწორუფლებიანობის მიმართულებით, მათ შორის შემდეგ საკითხებზე: ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება, ადრეული და იძულებითი ქორწინება. 

- ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით,  დანერგოს და განახორციელოს შესაბამისი პროფესიული გადამზადების პროგრამები.

- შშმ გოგონებისა და ქალების მიმართ ძალადობის თავიდან  ასაცილებლად შექმნას ისეთი სამართლებრივი ადვოკატირების სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს სამართალდამცველ ორგანოებს აწარმოონ დროული და მტკიცებულებაზე დამყარებული გამოძიება.

- შეიქმნას შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო სერვისები.

- მოხდეს იძულებითი აბორტის და აბორტის იძულების კრიმინალიზაცია და  სტამბოლის კონვეციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

- დროულად შემუშავდეს სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციის საკითხებთან დაკავშირებით შიდა სამართლებრივი გასაჩივრების მექანიზმები, როგორც კერძო დაწესებულებებში, ასევე საჯარო სექტორში.

-  დროულად მოხდეს იმ მოძალადე პირთათვის ქცევის კორექციის პროგრამის დანერგვა და შემუშავება, რომელთა მიმართაც გამოცემულია ოჯახში ძალადობის შედეგად დამცავი ორდერი.