სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ და სამართლიანმა არჩევნებმა ერთობლივი პროექტის შემაჯამებელ პრეზენტაცია გამართეს

2009-10-06 14:32
Featured image
6 ოქტომბერს საიამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ “სამართლიანი არჩევნები” ერთობლივად განხორციელებული პროექტის - “დემოკრატიული ინსტიუტების ხელშეწყობა სამართლიანი საარჩევნო პროცესებისა და აქტიური სამოქალაქო მონაწილეობის გზით” – ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართეს.

პროექტი, რომელიც უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა, დაფინანსებული იყო ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული ძირითადი საქმიანობები იყო:
•    ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლების კამპანია საპარლამენტო და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნების დროს, რომლებიც მიზნად ისახავდა საარჩევნო პროცედურების გაცნობას და ამომრჩევლის მოტივაციის გაზრდას არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად;
•    ტრენინგები 62 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ საზოგადოებასთან აქტიური მოქალაქეობის საკითხებზე;
•    ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების ძიება საზოგადოების ჩართულობით;
•    სამუშაო შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან;

კონფერენციაზე გაიმართა დისკუსია საზოგადოებისა და ხელისუფლების ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობებზე და იმ პრობლემებზე, რასაც მოქალაქე მათთან ურთიერთობის დროს აწყდება.

ღონისძიების ბოლოს, პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა ის მოქალაქეები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დააჯილდოვეს, რომელთა უშუალო მონაწილეობამ და აქტიურობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საზოგადოებისათვის პრობლემატური საკითხების მოგვარებაში.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები, ცესკოს წევრები, ადგილობრივი არსამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, პროექტის ფარგლებში ჩართული მოქალაქეები ესწრებოდნენ.