სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ განაჩენის გადასინჯვის წესი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

2019-07-09 16:10
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჯემალ დუმბაძის სახელით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული განაჩენის გადასინჯვის წესის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ერთ-ერთ საფუძვლად ითვალისწინებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“[1] არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმათა ნორმატიული შინაარსი, რომელიც ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისა და პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას ითვალისწინებდა. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე არაერთმა პირმა საჩივრით მიმართა როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოთხოვა ირიბ მტკიცებულებაზე დაყრდნობით გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა, თუმცა, არსებული პრაქტიკით, საქართველოს უზენაესი სასამართლო არ აკმაყოფილებს იმ პირთა საჩივრებს, რომელებიც 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით იყვნენ გასამართლებულნი.  

საია მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ უტყუარობის სტანდარტსა და 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გასამართლებულ პირებს უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს 2009 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გასამართლებულ პირებთან მიმართებით. უზენაესი სასამართლოს  ბლანკეტური მიდგომა, რომელიც პირდაპირ დაუშვებლად ცნობს მსგავს განაჩენებს, არ იძლევა შესაძლებლობას, სასამართლოს მეშვეობით შეფასდეს ნამდვილად უტყუარ მტკიცებულებებს ეფუძნებოდა თუ არა გამოტანილი განაჩენი.

საია მიიჩნევს, რომ  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე გამოტანილი განაჩენების გადასინჯვას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს, რომელიც თანასწორობის უფლებას ითვალისწინებს, ასევე კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მეშვიდე პუნქტებს, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლებას განამტკიცებს და მიუთითებს, რომ დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს.

 


[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება.