სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლის, ზვიად მთავრიშვილის, საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში წერილობითი პოზიცია წარადგინა

2023-05-22 14:09
Featured image

საია აგრძელებს ზვიად მთავრიშვილის ოჯახის ინტერესების დაცვას, როგორც ეროვნულ, ასევე, - საერთაშორისო დონეზე. საქმე ეხება 2019 წლის 15 აპრილს, კაჭრეთში მცხოვრები ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალებას, რომელსაც წინ უძღოდა 2019 წლის 22 მარტს ამ უკანასკნელის მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობა.

საია ჯერ კიდევ 2019 წლის 19 აპრილს მოუწოდებდა საქართველოს პროკურატურას, რომ საქმეზე ეწარმოებინა ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიება, ხაზს უსვამდა საქმის სათანადო კვალიფიკაციით წარმართვის საჭიროებასა და ამ პროცესში გარდაცვლილის ოჯახის წევრთა ჩართულობის მნიშვნელობას. გამოძიების მიმდინარეობის დროს გამოიკვეთა არაერთი ხარვეზი, რამაც ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გამოძიების ეფექტიანობა ეჭქვეშ დააყენა. ვინაიდან მითითებულ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლების დარღვევა იკვეთებოდა, საიამ 2022 წლის 29 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. საჩივარი ეხება, როგორც ზვიად მთავრიშვილის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებსა და ამ ფაქტების მიზეზობრივ კავშირს მის გარდაცვალებასთან, ასევე, ზვიად მთავრიშვილის საქმის არაეფექტიან გამოძიებას. 

2022 წლის 20 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზვიად მთავრიშვილის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა და მისი გარდაცვალების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სტრასბურგის სასამართლომ საჩივარში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას კითხვები დაუსვა.

2023 წლის 9 მარტს საქართველოს მთავრობამ ევროსასამართლოში გაგზავნილ საჩივარზე წერილობითი პოზიცია წარადგინა. წარდგენილი მოსაზრებით საქართველოს ხელისუფლებამ დარღვევები არ აღიარა. საიას მოსაზრებით, სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი პოზიციით პასუხი არ გაეცა მნიშვნელოვან კითხვებს. კერძოდ, რატომ არ ტარდებოდა სათანადო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალების ფაქტზე,  რატომ არ ენიჭებოდა წლების განმავლობაში გარდაცვლილის დას, დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის სტატუსი, გარდაცვლილის დას, თელავის რაიონულმა სასამართლომ 2021 წლის 28 სექტემბერს მიანიჭა. მიუხედავად დაზარალებულის სტატუსისა და არაერთი მოთხოვნისა, დაზარალებულის ინტერესების დამცველს სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის შეტანის შემდეგ გადაეცა.

საგამოძიებო ორგანომ ოთხი წლის განმავლობაში, ვერ მიიღო კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა Covid-19-ის გავლენაზე უსვამს ხაზს, გამოძიება პანდემიამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე დაიწყო და ეს არგუმენტი სრულად ვერ აქარწყლებს მომჩივნის პრეტენზიას.

საიამ წერილობით პოზიციაში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ზვიად მთავრიშვილის  საქმეზე სახელმწიფომ არა მხოლოდ დაარღვია საქმეზე ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიების ჩატარების ვალდებულება, არამედ ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალება, სავარაუდოდ, სწორედ სახელმწიფოს მოხელეთა (პოლიციის თანამშრომელთა) ქმედებების პირდაპირ შედეგს წარმოადგენს, რაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება.