სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ რუსთავი 2-ის წილებთან დაკავშირებით მიმდინარე საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა

2022-05-11 13:56
Featured image

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მას შემდეგ, რაც შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2-ის“ წილები საკუთრებაში დაუბრუნდა ქიბარ ხალვაშს, წინა მესაკუთრეებმა, ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა მიმართეს სასამართლოს წარსულში მათი კუთვნილი წილების დაბრუნების მოთხოვნით. კერძოდ, მოსარჩელეები სასამართლოში ითხოვენ 2004 წელს იძულებით დადებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობას, საჯარო რეესტრში შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2-ის’’ პარტნიორის, ქიბარ ხალვაშის 60%-იანი წილის რეგისტრაციის გაუქმებასა და მათ 30%-30%-იანი წილებისმესაკუთრეებად აღიარებას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების სარჩელი, იმ მოტივით რომ ქიბარ ხალვაში არის შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2-ის“ წილების კეთილსინდისიერი შემძენი და მან არ იცოდა ქიბარ ხალვაშის მიმართ წინა ხელისუფლების დროს განხორციელებული იძულების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო წესით საქმის განხილვისას საიამ სასამართლოს წარუდგინა სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება. დოკუმენტის მიზანია წილის ნასყიდობისას შემძენის კეთილსინდისიერების შესაფასებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე, 187-ე და 312-ე მუხლების გამოყენების საკითხის გადაწყვეტაში სასამართლოს დახმარება. ასევე, განხილულია რიგი ხარვეზები, რომლებიც საიას მოსაზრებით გამოიკვეთა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ამ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში.

საია იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება დაეხმარება თბილისის სააპელაციო სასამართლოს წინამდებარე საქმეზე ობიექტური, კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებაში.

საკითხით დაინტერესებულ პირებს საიას მიერ მომზადებულ სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებას შეუძლიათ გაეცნოთ მიბმულ ფაილში.