სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა

2019-10-09 14:33
Featured image

2019 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორისა და თელავის სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგების მე-13 ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

მონიტორინგი საიას მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს. პროექტის მიზანია, სასამართლო სხდომის დარბაზში პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვებით და შეგროვებული ფაქტობრივი ინფორმაციის ანალიზით, გაიზარდოს საქართველოს სასამართლოებში სისხლის სამართალწარმოების გამჭვირვალობა და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები.

საიამ დღემდე მონიტორინგის 13 ანგარიში მოამზადა, რომლებიც მოიცავს 2011 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტამდე დაფიქსირებულ ტენდენციებს. ამჯერად საია საზოგადოებას წარუდგენს 2018 წლის მარტის თვიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში 2700-ზე მეტი სასამართლო პროცესის დაკვირვების შედეგებს.   

სასამართლო პროცესების მონიტორინგი ცხადყოფს, რომ სისხლის სამართალწარმოება ხარვეზებით მიმდინარეობს, თუმცა, გარკვეულ საკითხებში შეინიშნება გაუმჯობესებული მიდგომები.

 

ძირითადი მიგნებები:

- ანგარიშმა აჩვენა, რომ პრობლემები, რომლებიც ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომებზე არსებობდა, კვლავინდებურად სახეზეა. კერძოდ, სასამართლო, როგორც წესი, იყენებს აღკვეთის ღონისძიების ორ სახეს – გირაოს და პატიმრობას. სასამართლომ, 98% შემთხვევაში გამოიყენა გირაო ან პატიმრობა. სასამართლოების მხრიდან ფაქტობრივად არ ხდება ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიების გამოყენება;

- შეინიშნება პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია[1] და კრიტიკულად მაღალია სასამართლოს მხრიდან პატიმრობის მოთხოვნის დაკმაყოფილების მაჩვენებელი.[2]

- მკვეთრად არის გაზრდილი პირველი წარდგენის სხდომაზე დაკავებულის სტატუსით წარდგენილი ბრალდებულების რაოდენობა. ამ საანგარიშო პერიოდში, პირველი წარდგენის სხდომაზე, 668 ბრალდებულიდან 452 (68%) სასამართლოში გამოცხადდა დაკავებულის სტატუსით. ამ საანგარიშო პერიოდშიც, უმრავლეს შემთხვევაში (376 - 83%), სასამართლომ სხდომაზე ყურადღება არ დაუთმო დაკავების კანონიერების შემოწმებას.

- სასამართლო მონიტორინგმა აჩვენა, რომ სასამართლო ნაკლები გულმოდგინებით ეკიდება პატიმრობის პერიოდული გადასინჯვის საკითხს და თითქმის ყველა შემთხვევაში უცვლელად ტოვებს პატიმრობას, ხოლო უმრავლეს შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე არ ასაბუთებს პატიმრობის ვადის გაგრძელების აუცილებლობას.[3]

- მონიტორინგმა აჩვენა, რომ საპროცესო შეთანხმების სხდომების მიმდინარეობისას სასამართლო კიდევ უფრო იშვიათად მსჯელობს სასჯელის კანონიერებასა და სამართლიანობაზე. [4]

- საქმის არსებითი განხილვის სხდომებზე დაკვირვებამ გამოავლინა არაერთი შემთხვევა, როდესაც პროცესები ჭიანურდებოდა, კერძოდ, სხდომები დაგვიანებით იწყებოდა ან, საკმაოდ ხშირად, გახსნისთანავე ხდებოდა მათი გადადება. საიამ დააიდენტიფიცირა შემთხვევები, როდესაც დარღვეული იყო კანონით გათვალისწინებული საქმის განხილვის და გადაწყვეტილების გამოტანის 24-თვიანი ვადა.[5]

- საანგარიშო პერიოდში ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომებზე დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ მკვეთრად არის გაზრდილი ოჯახური დანაშაულების პროცენტული მაჩვენებელი, რაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დანაშაულის გამოვლენის გაზრდილ რაოდენობაზე მიუთითებს.

- ნარკოტიკულ დანაშაულებს, პროცესების მონიტორინგმა ცხადყო, რომ ასეთ საქმეებზე აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოსა[6] თუ სასჯელის სახით გამოყენებული ჯარიმის[7] ოდენობები საგრძნობლად აღემატება სხვა ტიპის დანაშაულებზე შეფარდებული გირაოსა თუ ჯარიმის საშუალო ოდენობას.

- სასამართლო სხდომების მონიტორინგი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ ნარკოტიკულ დანაშაულებთან მიმართებით არსებული კანონმდებლობა ხარვეზიანია და საჭიროებს მოწესრიგებას. აუცილებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად დაიხვეწოს ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების ნუსხა და დაწესდეს ადეკვატური სასჯელები.

 


[1] წარდგენილი 668 ბრალდებულიდან პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა 399 (60%) შემთხვევაში, მაშინ, როცა წინა საანგარიშო პერიოდში პატიმრობის მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელი 45%-ს არ აღემატებოდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ 182 საქმეზე, რომელიც ოჯახურ დანაშაულებს ეხებოდა, 163 (90%) შემთხვევაში პროკურატურა პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ოჯახური დანაშაულების გარდა, სხვა ტიპის დანაშაულებზე პროკურატურამ, 414 პირველი წარდგენის სხდომიდან, სადაც წარმოდგენილი იყო 486 ბრალდებული, 236 (49%) მათგანის მიმართ მოითხოვა პატიმრობის გამოყენება.

[2] 2016 წლის თებერვალი-ივლისის პერიოდიდან მოყოლებული, სტაბილურად მზარდია სასამართლოს მხრიდან პატიმრობის დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი და ამ საანგარიშო პერიოდში შეადგინა 81%. მონიტორინგის მთელი პერიოდის განმავლობაში (მისი დაწყებიდან დღემდე) ეს არის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი. მას მხოლოდ 2012 წლის ივლის-დეკემბრამდე არსებული მონაცემები აღემატება, როდესაც სასამართლო აკმაყოფილებდა პროკურატურის ყველა შუამდგომლობას პატიმრობის თაობაზე.

 

[3] საია დაესწრო 190 წინასასამართლო სხდომას, რომელზეც განიხილებოდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი. სასამართლომ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – 182 (96%) შემთხვევაში უცვლელად დატოვა. აქედან 137 (75%) შემთხვევაში სასამართლომ სხდომაზე არასაკმარისად ან საერთოდ არ დაასაბუთა, თუ რატომ იყო აუცილებელი პატიმრობის ძალაში დატოვება;

 

[4] სასამართლომ 534 საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა და, აქედან, მხოლოდ 11 (2%) შემთხვევაში აღნიშნა, რომ სამართლიანად მიაჩნდა ის სასჯელი, რომელიც ბრალდებულს შეეფარდა.

[5] 1202 საქმის არსებითი განხილვის სხდომიდან 477 (40%) სხდომა გახსნისთანავე გადაიდო. ყველაზე ხშირად სასამართლო სხდომები იდება ბრალდების მხარის მოწმეთა წარუდგენლობის მოტივით (195 (32%) პროცესი). მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკების მოტივით გადაიდო 140 (23%) სხდომა

[6] ნარკოტიკულ დანაშაულზე გირაოს საშუალო ოდენობა არის 3855 ლარი, რაც 650 ლარით აღემატება სხვა დანაშაულებზე გამოყენებული გირაოს საშუალო ოდენობას.

[7] ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით გამოყენებული ჯარიმის საშუალო ოდენობა შეადგენს 6778 ლარს, ხოლო ყველა სხვა დანაშაულთან დაკავშირებით ჯარიმის საშუალო ოდენობა 4238 ლარით განისაზღვრა.