სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას ადვოკატების აპრილის თვის წარმატებული საქმეები

2007-05-14 20:00
Featured image

1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იურიდიული დახმარება აღმოუჩინა აფხაზეთიდან დევნილებს მ.ფ.-სა და მ.კ.-ს, რომელთაც 1994 წელს თბილისში, ისნის რაიონში, შავი ზღვის ქუჩაზე მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზაზე არსებული სახლმმართველობის შენობა დაიკავეს, სადაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მათი აღრიცხვა მოხდა.
2003 წელს ამ ობიექტის პრივატიზაცია განხორციელდა. უძრავი ქონება კონკურსის წესით შეიძინა მურთაზ გუჯეჯიანმა. რომელმაც თვითნებურად ჩაკეტა საცხოვრებელი ოთახების კარებები და დევნილები ღია ცის ქვეშ დატოვა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ აღმოჩენილი სამართლებრივი დახმარების შედეგად სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხეს აეკრძალა შენობით ფლობისა და სარგებლობაში ხელშემშლელი მოქმედებების განხორციელება, მას ასევე დაევალა მოსარჩელეთათვის სველი წერტილებით სარგებლობის უფლების მიცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა როგორც სააპელაციო ასევე საკასაციო სასამართლოს განჩინებით.
თუმცა, მურთაზ გუჯეჯიანის მხრიდან უკანონო ქმედებები ამით არ შეჩერებულა და მან ახალი სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომლის შესაბამისადაც მოითხოვა კუთვნილი ფართიდან დევნილების მ.ფ.-სა და მ.კ.-ს გამოსახლება თანმხლებ პირებთან ერთად.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ აღმოჩენილი სამართლებრივი დახმარების შედეგად გაფორმდა მორიგების აქტი, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელემ, მოპასუხეებს ფართის გათავისუფლების სანაცვლოდ გადაუხადა თანხა ოთხ-ოთხი ათასი აშშ დოლარის ოდენობით.


2. საიას იურიდიული დახმარების ცენტრს დახმარებისათვის მიმართა მოქალაქე ჟ.ი.-მ, რომელმაც განაცხადა, რომ არის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი.
მასთან გასაუბრების დროს დადგინდა, რომ მისი მეუღლე ვ.ზ.-მ წლების განმავლობაში, პერიოდულად, ხოლო ბოლო წლების მანძილზე სისტემატურად, ოჯახს ამყოფებს მუდმივი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის ქვეშ.
საიამ შეადგინა სპეციალური განცხადება, რომელიც წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გამოსცა დამცავი ორდერი, რომელიც გასაჩივრდა მოძალადეს მიერ. მიუხედავად ამისა, სასამართლომ დამცავი ორდერი ძალაში დატოვა.


3. საიას იურიდიული დახმარების  ცენტრმა საადვოკატო მომსახურება გაუწია ნ.ბ.-ს, რომელსაც ბრალი ედებოდა  დანაშაულში გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით (ხულიგნობა).
აღნიშნულ ქმედებაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ  ნ.ბ. იცნო დამნაშავედ და სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, რომელიც შეეცვალა პირობითი მსჯავრით იმავე ვადით. ასევე დაკმაყოფილდა დაზარალებულების მიერ წარდგენილი სამოქალაქო სარჩელი 2000 ლარის ოდენობით.
განაჩენი დაცვის მხრიდან გასაჩივრდა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ 2006 წლის 13 ივლისის განაჩენით ქმედება ხულიგნობიდან გადააკვალიფიცირა სხეულის მსუბუქ დაზიანებად, სასჯელის სახით დანიშნული პირობითი მსჯავრი კი შეეცვალა ჯარიმით 1000 ლარის ოდენობით, ასევე შეიცვალა გადაწყვეტილება სამოქალაქო სარჩელის ნაწილში  და ზიანის ანაზღაურება შემცირდა 1000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული განაჩენი გასაჩივრდა უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო სარჩელის ნაწილში. საკასაციო პალატამ დააკმაყოფილა საჩივარი და მსჯავრდებული სრულად გაათავისუფლა 1000 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურებისგან.


4. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრმა მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით საადვოკატო მომსახურეობა გაუწია მსჯავრდებულ ი.კ-ს.
ი.კ-ს ბრალი ედებოდა სსკ-ის 180-ე  მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებაში (თაღლითობა).
სახელმწიფო ბრალდებამ (პროკურორმა) სასამართლო სხდომაზე მოითხოვა ი.კ-ს სასჯელის სახით განსაზღვროდა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. დაცვის მხარის მიერ წარდგენილ იქნა განსასჯელის შემამსუბუქებელი გარემოებების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებები და მოთხოვნილ იქნა სასჯელის მინიმუმის დაკისრება.
განსასჯელი ი.კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180 მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ განესაზღვრა 5 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა.


5. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით საადვოკატო მომსახურებას უწევს არასრულწლოვან დ.ჯ.-ს. მას ბრალი ედება ქურდობის მცდელობაში (დანაშაული გათვალისწინებული ს.ს.ს. კ-ის 19-177-ე მუხლის 2-ე ნაწილის “ა’’ ქ/ პუნქტით და მე-3 ნაწილის “ა’’ და “გ’’ ქ/ პუნქტებით) და აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 3 000 ლარის გადახდით.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მცხეთის რაიონული სასამართლოს ბრძანების გასაჩივრების შედეგად თავისი დადგენილებით დ.ჯ.-ს გირაო 2000 ლარის ოდენობით შეუცვალა.  დ.ჯ.-ს ოჯახმა ამ თანხის გადახდაც ვერ შეძლო და შესაბამისად იგი პატიმრობაში რჩებოდა.
დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ იქნა დოკუმენტები, რომლის თანახმადაც არასრულწლოვანი დ.ჯ.-ი დაავადებული გახლდათ ე.წ. დაუნის სინდრომით, კერძოდ გონებრივი ჩამორჩენილობით დებილობის ფარგლებში, ასევე მეტყველების განუვითარებლობის მესამე დონით. გამოძიებისადმი დაყებნებულ იქნა შუამდგომლობა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, რომელზეც მიღებული უარი გასაჩივრებულ იქნა გამოძიებაზე ზედამხედველ პროკურორთან.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაყენებულ იქნა შუამდგომლობა მითითებული გარემოებების ფონზე არასრულწლოვანის პატიმრობიდან განთავისუფლების შესახებ. სასამართლომ თავისი ბრძანებით დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა და დ.ჯ. პატიმრობიდან გაათავისუფლა. ამჟამად დ.ჯ. საკუთარ სახლში, მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.


6. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისს იურიდიული დახმარებისათვის მიმართა ჟურნალისტმა ნ.დ.-მ.
ჟურნალისტი შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან გორში სტალინის ქუჩაზე მდებარე სახლების ფასადების სარემონტო სამუშაოებსა და მის დაფინანსებაზე საჯარო ინფორმაციის გაცემას თხოვდა.
პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია არ გაუცია, რაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ჩვენს მიერ  გასაჩივრებულ იქნა გორის რაიონულ სასამართლოში. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა და შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს დაევალა ზემოაღნიშნული საჯარო ინფორმაციის გაცემა.
გორის რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მიერ  გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჟურნალისტ ნ.დ.-ს სასარგებლოდ.

7. საიას ქუთაისის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრმა მისი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით საადვოკატო მომსახურება გაუწია ა.ხ.-ს და სხვა 81 მოსარჩელეს, რომლებიც მუშაობდნენ ყოფილ ცენტრალურ სამხედრო სანატორიუმ “წყალტუბოში”.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თითოეული მოსარჩლის მიმართ 1998-2000 წლებში სხვადასხვა ოდენობის  სახელფასო დავალიანება დაუგროვდა.
თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტი არ უარყოფდა მათ მიმართ სახელფასო დავალიანებების არსებობას, მაგრამ მის გადახდაზე უარს ამბობდა. დეპარტამენტის განცხადებით თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული გასული წლების დავალიანების დაფარვის შესაბამისი ასიგნებები.
საიას ქუთაისის ფილიალმა  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სახელფასო დავალიანებების დაკისრების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სახელზე სარჩელი მოამზადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის  გადაწყვეტილებით ა.ხ.-ს და სხვა 81 მოსარჩლის სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელფასო დავალიანებების გადახდა დაეკისრა.


8. საიას ქუთაისის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრმა მისი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით საადვოკატო მომსახურება გაუწია  მოქალაქე ა.გ-სა და ნ.ლ.-ს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პროფესორ გიორგი ონიანის 2006 წლის 19 ივნისის #43 ბრძანებით დამტკიცდა ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე პროფესორ-მასწავლებელთა ახალ აკადემიურ თანამდებობზე გადაყვანის წესი.
ბრძანების თანახმად გამოცხადდა ღია კონკურსი ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე სხვადასხვა მიმართულებების, მათ შორის არქეოლოგიის მიმართულების მიხედვით  არაუმეტეს 4 საშტატო ერთეულზე და ქართული ლიტერატურის მიმართულების მიხედვით  არაუმეტეს 13 საშტატო ერთეულზე.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო ა.გ.-მ და ნ.ლ.-მ.
საკონკურსო კომისიამ (თავმჯდომარე _ პროფესორი რისმაგ გორდეზიანი), სხვადასხვა კონკურსანტების აკადემიური თანამდებობის დაკავების შესახებ რეკომენდაცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელს მისცა.
საკონკურსო კომისიამ ა.გ.-ს საერთოდ არ გაუწია რეკომენდაცია, ხოლო ნ.ლ.-ს კი მხოლოდ ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე მისცა რეკომენდაცია, რითაც დაარღვია  საქართველოს კანონის “უმაღლესი განათლების შესახებ” 35-ე მუხლის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პროფესორ გიორგი ონიანის   #43 (19.06.2006) ბრძანების მოთხოვნები.
მომმართველებს საიას ქუთაისის ფილიალის მიერ გაეწიათ საადვოკატო მომსახურება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მომმართველთა სარჩელი დაკმაყოფილდა და   ბათილად იქნა ცნობილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ახალ აკადემიურ თანამდებობებზე გადაყვანასთან დაკავშირებული საკონკურსო კომისიის შედეგები ქართული ენის ლიტერატურის და არქეოლოგიის მიმართულებებში და მოპასუხეს დაავალა ახალი კონკურსის ჩატარება.
სასამართლომ ჩათვალა, რომ საკონკურსო კომისიამ დაარღვია, როგორც კონკურსის გამჭვირვალობის, ასევე მისი თანასწორობისა და სამართლიანობის  ძირითადი პრინციპები.