სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას დახმარებით 10 პენსიონერს უკანონოდ შეწყვეტილი პენსია აღუდგება

2024-03-19 10:26
Featured image

ბოლო პერიოდში საიას არაერთმა პირმა მომართა სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის საფუძვლით ასაკობრივი პენსიის შეწყვეტის გამო, სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით. საიას მხოლოდ გორისა და ქუთაისის ოფისების ადვოკატებმა 2023 წელს სასამართლოში აწარმოეს 10 პენსიონერის საქმე, რომლებსაც სახელმწიფო პენსია უკანონოდ შეუწყდათ.

საქმეებში არსებული გარემოებების მიხედვით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - „სააგენტო“) ტერიტორიულმა ორგანოებმა პენსიონერებისთვის პენსიის შეწყვეტის გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ ისინი პენსიის მიღების პარალელურად მუშაობდნენ სახელმწიფო სამსახურებში, კერძოდ, ნაწილი მათგანი მუშაობდა - სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფლისციხისა და ქუთაისის ისტორიულ - არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალებში, ხოლო ნაწილი - სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

მოპასუხე უწყება პირველ შემთხვევასთან მიმართებით უთითებდა, მოსარჩელეებისთვის პენსიის შეწყვეტის საფუძვლად უთითებდა, რომ მუზეუმ-ნაკრძალს არ აქვს მუზეუმის სტატუსი, რომელიც საგამონაკლისო დაწესებულებად განიხილება არსებული კანონმდებლობის მიხედვით და რომელში მუშაობის პერიოდშიც შესაძლებელია პირს შეუნარჩუნდეს სახელმწიფო პენსიაც.1 აღნიშნულ საქმეზე გორის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში ორ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება: ახორციელებდნენ თუ არა მოსარჩელეები საჯარო საქმიანობას და როგორია მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობის ფორმა და პროფილი.

სასამართლოს მოსაზრებით, ისტორიულ - არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობის მიმართულებით, მიზნებით, ფუნქციებითა და ამოცანებით, უდავოდ დგინდება, რომ იგი წარმოადგენს მუზეუმს, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - ისტორიულ - არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალი კიდევ ერთხელ ადასტურების მისი საქმიანობის მიმართულებასაც. ამდენად, გორის რაიონულმა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებმა მიიღეს სარჩელის დაკმაყოფილების გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების მიხედვით, უკანონოდ იქნა მიჩნეული მოსარჩელეებისთვის პენსიის შეწყვეტა, მოპასუხეს დაევალა მოსარჩელეებისთვის პენსიის აღდგენა და განაცდური პენსიის ანაზღაურება.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებულ პირებს რაც შეეხებათ, სასამართლომ, ამ შემთხვევაშიც უკანონოდ მიიჩნია პენსიის შეწყვეტა.

უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ საქმეებში მოსარჩელეები დასაქმებულნი იყვნენ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მათ შორის, დარაჯისა და დამლაგებლის პოზიციებზე. არსებული კანონმდებლობითა და უკვე მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ზემოთხსენებულ პოზიციებზე მუშაობა არ წარმოადგენს საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას და ეს პირები არ მიიჩნევიან საჯარო მოხელეებად. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ამ შემთხვევაშიც უკანონოდ მიიჩნია მოსარჩელეებისთვის პენსიის შეწყვეტა და შესაბამისად, მიიღო ყველა სარჩელის დაკმაყოფილების გადაწყვეტილება.

აღსანიშნავია, რომ “სახელმწიფო პენსიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის დღეს მოქმედი რედაქცია 2017 წლის 1 ივლისიდან შეიცავს საგამონაკლისო წესს, რომლის მიხედვითაც გარკვეულ შემთხვევებში საპენსიო ასაკის მქონე პირებს საჯარო დაწესებულებებში მუშაობის პარალელურად ეძლევათ პენსიის მიღების შესაძლებლობა. ამის მიუხედავად, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც სააგენტო არასწორ შეფასებას აძლევს კონკრეტული დაწესებულებისა და თანამშრომლის შრომით-სამართლებრივ სტატუსს, შედეგად, პენსიონერები საკმაო ხნის განმავლობაში, სრულიად უკანონოდ, ვერ იღებენ პენსიას. მათ, პენსიის აღდგენის მიზნით, ხშირად სასამართლოში უწევთ დავის წარმოება, რაც მათი მხრიდან საკმაოდ დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს.

ყოველივე ზემოთ მითითებულის მხედველობაში მიღებით, სააგენტოს მოვუწოდებთ გადახედოს თავის პოლიტიკას ამ მიმართულებით. სააგენტომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე უნდა შეიმუშავოს ახალი მიდგომა, რომლის მიხედვითაც ყოველი კონკრეტული პენსიონერისთვის პენსიის შეწყვეტისას ჯეროვნად მოიკვლევს რიგ საკითხებს და იხელმძღვანელებს სასამართლოების მიერ უკვე მყარად დადგენილი სამართლებრივი სტანდარტებით.


1 „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.