სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ფოთში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

2012-09-17 11:39
Featured image

2012 წლის 13 სექტემბერს ფოთის მშენებარე ტაძრის ეზოში ინტერვიუს ასაღებად მისულ ინტერნეტ გამოცემა TSpress.ge-ს რედაქტორს ელისო ჯანაშიასა და ჟურნალისტ იზა სალაყაიას მეუფე გრიგოლმა და სხვა სასულიერო პირებმა გადაღების საშუალება არ მისცეს.

ელისო ჯანაშიას განცხადებით, სასულიერო პირებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, კამერა ძალის გამოყენებით წაართვეს და ძირს გადაუგდეს.  ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, როგორც საქმიანობის განხორციელების ხელშეშლის, ისე  ქონების დაზიანების თაობაზე დასტურდება ვიდეოჩანაწერით. მნიშვნელოვანია, ის ფაქტიც, რომ საპასუხოდ გავრცელებულ წერილში სასულიერო პირი უარყოფს ინციდენტის დეტალებს  და     მომხდარში ბრალს ჟურნალისტს სდებს.

გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია, მოიცავს პირის უფლებას, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ჟურნალისტისთვის კი, მათი პროფესიიდან გამომდინარე, ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი ფორმა  კითხვების დასმაა.

მიგვაჩნია, რომ, მნიშვნელოვანია როგორც საერო, ისე სასულიერო პირები, თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას, ითვალისწინებდნენ და პატივს სცემდნენ ჟურნალისტის პროფესიას და  როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში.

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი აღნიშნავს, რომ მიუღებელია ჟურნალისტისთვის  პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლა.