სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას ორი ადმინისტრაციული საჩივარი დაუკმაყოფილეს

2006-09-12 20:00
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) პროექტის - “ფინანსური გამჭვირვალობა და საჯარო დაწესებულებათა ანტიკორუფციული მონიტორინგი” -ფარგლებში შეტანილი ადმინისტრაციული საჩივრები საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და იუსტიციის მინისტრების მიერ დაკმაყოფილდა.

საიამ 2006 წლის  28 ივნისს საჯარო ინფორმაცისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განცხადებით მიმართა, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.

საიას მიერ 2006 წლის 16 აგვისტოს  გასაჩივრებულ იქნა საჯარო  დაწესებულების უმოქმედობა. ადმინისტრაციული საჩივრით ვითხოვდით:

  • გამოთხოვლი საჯარო ინფორმაციის მოწოდებას;
  • საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისათვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებას სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობისათვის. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ყოველი საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაადგინოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე, ხოლო ეს მომსასახურე ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია 10 დღის ვადაში.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 11 სექტემბრის #11/938 ბრძანებით დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი, დაუყოვნებლივ მოწოდებულ იქნა საჯარო ინფორმაცია. დისციპლინარული პასუხისმგებლობა დაეკისრა, როგორც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, ასევე, პრივატიზების დეპარტამენტის პრივატიზების პოლიტიკის სამმართველოს უფროსს. გარდა ამისა, ბრძანებით გამკაცრდა კონტროლი საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის კანონით დადგენილი ვადების დაცვაზე.

საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით საიას მიერ ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროშიც.

ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნები იყო:

  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის ბათილად ცნობა;
  • გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის გაცემა;
  • საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმეგებელი პირისათვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 17 აგვისტოს #686 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ პირს დაევალა ინფორმაციის გაცემა. რაც შეეხება, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი მოხელისათვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, აღნიშნულის შესწავლა დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ეს პრეცენდენტები პოზიტიურ გავლენას მოახდენს საჯარო დაწესებულებათა მხრიდან ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნათა სრულყოფილად შესრულებასა და დაცვაზე, ამავდოულად დაამკვიდრებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების წესებს.