სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას პირველადი განცხადება ცესკოს მიერ 2008 წლის 5 იანვრის არჩევნების შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებით

2008-01-12 20:00
Featured image

დღეს, 13 იანვარს 10:00 საათზე ცესკომ ოფიციალურად შეაჯამა 2008 წლის 5 იანვრის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების შედეგები.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ახორციელებდა 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დაკვირვებას. საიამ 3 იანვარს გამოაქვეყნა წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის პირველადი ანგარიში და მიუთითა იმ კანონდარღვევებზე რაც ამ პერიოდში ხდებოდა. საია 5 იანვარს დააკავირდა თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ხელვაჩაურის რიგ საარჩევნო უბნებს და მნიშვნელოვან საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით შეიტანა 230-მდე საჩივარი საუბნო, საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში.

საიამ 7 იანვარს შეაფასა 5 იანვარი (კენჭისყრის დღე) თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის დაკვირვების შედეგად – კენჭისყრის დღე მოცემულ ოლქებში შედგა მაგრამ თან ახლდა მნიშვნელოვანი დარღვევები, რომლებზეც დროული და ადექვატური რეაგირება საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან იქნებოდა გადამწყვეტი ფაქტორი არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად აღიარებისათვის.

დღეს, 13 იანვარს ცესკომ შეაჯამა 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. შედეგების შეჯამებამდე საიას დამკვირვებლები საოლქო საარჩევნო კომისიებში და ცესკოში პერმანენტულად აყენებდნენ საკითხს მათ მიერ წარდგენილი საჩივრების არსებითად განხილვის მოთხოვნით. საჩივრები ეხებოდა, როგორც კენჭიყრის დღის პროცედურის მნიშვნელოვან დარღვევებს, აგრეთვე სხვადასხვა ოლქებში შედეგების უკანონო შეჯამებას (ბათუმი, ხელვაჩაური – განსხვავებული ოქმები, ცესკოს მიერ დამატები სიებით მიცემული ხმების შეჯამება მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე). საიას 230 საჩივრიდან მხოლოდ 1 იქნა დაკმაყოფილებული ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან. ცენტრალურმა საარჩენო კომისიამ 5 იანვრის შემდეგ დღემდე საიას არც ერთი საჩივარი არსებითად არ განიხილა, არ დაინტერესდა თუ კონკრეტულ საარჩევნო უბანზე თუ ოქლში რა კანონდარღვევები იქნა დაფიქსირებული დამკვირვებლების მიერ. კოდექსის უკანონო ინტერპრეტაციით ცესკომ უარყო საიას ყველა საჩივარი არსებითად განხილვის გარეშე. ამასთან ერთად, საჩივრების პროცედურული მოტივით უარყოფასთან ერთად, ცესკო საკუთარი ინიციატივითაც არ დაინტერესებულა კონკრეტულ უბნებზე აღმოჩენილი დარღვევებით. საიას მიერ სასამართლოში შეტანილი და განხილული საჩივრების აბსოლუტური უმრავლესობა განხილულ იქნა 12 იანვარს და უარყოფილ იქნა “პროცედურული” დარღვევების გამო.

ამასთან, საარჩევნო კოდექსის 641 მუხლის მიხედვით აკრძალულია ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება საერთო სასამართლოში არსებული შესაბამისი საარჩევნო დავების დასრულებამდე. მიუხედავად იმისა, რომ საიას მიერ შეტანილია საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის რიგი უბნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ და 13 იანვრის 10:00 საათის მდგომარეობით მოცემული საჩივრის განხილვა დასრულებული არ არის, ცესკომ კანონის დარღვევით მაინც შეაჯამა არჩევნების შედეგები.

არჩევნები მხოლოდ კენჭიყრის დღე არ არის, ის იწყება წინასაარჩევნო კამპანიით და სრულდება საჩივრების განხილვისა და შედეგების კანონიერად შეჯამებით. საარჩევნო ადმინსიტრაციამ და სასამართლომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საჩივრების არსებითად განხილვაზე უარის თქმით და მთელი რიგი საარჩევნო ოლქების უკანონო შეჯამებით ხელყო კანონის უზენაესობის პრინციპი, რაც უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ცნობისათვის.

საია არჩევნების მონიტორინგის საბოლოო სრულ ანგარიშს გამოაქვეყნებს უახლოეს დღეებში.

გიორგი ჩხეიძე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე