სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას რეკომენდაციები აჭარის ა/რ-ის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით

2006-07-12 20:00
Featured image

საიამ რეკომენდაციები წარუდგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს  რესპუბლიკურ ბიუჯეტში აჭარის სარეზერვო ფონდის განმარტებასა და ხარჯვის პროცედურებთან დაკავშირებით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ამჟამად მუშაობს კანონპროექტზე "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ”.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მესამე წელია ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტებით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდების მონიტორინგს. მონიტორინგის შედეგად საიამ გამოავლინა არაერთი დარღვევა, რაც ძირითადად სარეზერვო ფონდების სახსრების არამიზნობრივ, თვითნებულ ხარჯვასა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის მუდმივ დარღვევაში გამოიხატებოდა. ამ პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს კონკრეტული საკანონმდებლო წინადადებები შესთავაზა.

მუხლი 18. ავტონომიური რესპუბლიკის  რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი

  1. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი და საგანგებო ხარჯების დასაფინანსებლად შეიძლება შეიქმნას სარეზერვო ფონდი, ფიქსირებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის - 2%-ის ფარგლებში, რომლის განკარგვას ახორციელებს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
  2. სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფა რესპუბლიკური ბიუჯეტით დაუგეგმავი, ხელისუფლების ორგანოებისაგან დამოუკიდებლად წარმოშობილი, ადგილობრივი მნიშვნელობის ისეთი გადაუდებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები და ერთჯერადი სოციალური დაცვის ღონისძიებები.
  3. ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფების შედეგად გამოწვეული (მიყენებული) ზარალის ასანაზღაურებელი თანხები და კომპენსაციები სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა მხარჯავი დაწესებულების განაცხადისა და/ან მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის დასკვნის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულების საფუძველზე. მხარჯავი დაწესებულება ან/და შემსწავლელი კომისია ვალდებულია ზუსტად განსაზღვროს და დაასაბუთოს საჭირო თანხის მოცულობა და მიზნობრიობა. 
  4. ერთჯერადი სოციალური დაცვის ღონისძიებებისთვის სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოიყოფა ადგილობრივი დაწესებულების განაცხადის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულების საფუძველზე. დაწესებულება ვალდებულია ზუსტად განსაზღვროს და დაასაბუთოს საჭირო თანხის მოცულობა, მიზნობრიობა და თანხის გამოყოფის აუცილებლობა. 
  5. ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სარეზერვო ფონდის სახსრების ხარჯვის შესახებ ყოველკვარტალურ ანგარიშს წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. 
  6. საბიუჯეტო წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების (მ.შ. კვარტალური) ანგარიშში აუცილებელია ცალკე იქნეს მითითებული ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება, მიზნობრიობა, თანხის მოცულობა და მხარჯავი დაწესებულება, თითოეულ ასიგნებაზე ცალ-ცალკე. 
  7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტები რესპუბლიკური  ბიუჯეტის შესრულების წარმოდგენილი ანგარიშების მიხედვით განიხილავენ სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების ოდენობისა და მიზნობრიობის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან.