სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ასუსტებს პარლამენტის როლს გადაადგილების თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებით

2021-02-12 17:51
Featured image

2020 წლის 11 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მთავრობის მიერ დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებთან დაკავშირებით. ამ საქმეში, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მოსარჩელის ინტერესებს საიაც იცავდა. იმის მიუხედავად, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა საიას პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ კონსტიტუციის 26-ე მუხლს ეწინააღმდეგებოდა შრომით უფლებებზე შეზღუდვების არა ორგანული, არამედ ჩვეულებრივი კანონით დაწესება, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ე.წ. „კომენდანტის საათთან“ (გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა) დაკავშირებით საიას უფრო მნიშვნელოვანი სასარჩელო მოთხოვნა

საია საკონსტიტუციო სასამართლოში ამტკიცებდა, რომ ადამიანისათვის სახლში დარჩენის ვალდებულების დაკისრება იყო ისეთი პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილება ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეულ პარლამენტს უნდა მიეღო. ამის ნაცვლად, ამ საკითხის დარეგულირების უფლებამოსილება პარლამენტმა მთავრობას მიანდო.  

ე.წ „კომენდანტის საათი,“ რაც გულისხმობს 21 საათიდან 5 საათამდე ადამიანების იძულებას, დარჩნენ საკუთარ სახლში არ მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლომ ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხად, უფლებაში ინტენსიურ ჩარევად.[1] ეს მაშინ როცა სახლში დარჩენის იძულება არის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის ყველაზე მძიმე ფორმა. ამასთან საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ „კომენდანტის საათის“ გამოყენება არ არის დაკავშირებული რეპრესიულ ღონისძიებასთან.[2]სინამდვილეში 21-საათიდან 5 საათამდე სახლიდან გამოსვლა იწვევს, პირველ ჯერზე ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ამ ქმედების ჩადენა, უალტერნატივოდ, ითვალისწინებს ისეთი მძიმე სასჯელების გამოყენებას, როგორიცაა შინაპატიმრობა და თავისუფლების აღკვეთაა სამ წლამდე.[3] ცხადია, როგორც ადმინისტრაციული ჯარიმა, ისე სისხლისსამართლებრივი პატიმრობა (შინაპატიმრობა) სხვა არაფერია თუ არა სახელმწიფოს მიერ რეპრესიული ღონისძიების გატარება 

საია ასევე ვერ დაეთანხმება საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მართალია, საზოგადოებას გააჩნია ინტერესი კომენდანტის საათის მიმართ, თუმცა ეს გარემოება ვერ აქცევს კომენდანტის საათს ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხად. კომენდანტის საათი გავლენას ახდენს მილიონობით საქართველოში მყოფ ადამიანებზე, რომლებსაც არა აქვთ ე.წ. „საშვები.“ შესაბამისად, უფრო ლეგიტიმური იქნებოდა, თუკი ამ ღონისძიებაზე გადაწყვეტილებას მიიღებდა ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული საკანონმდებლო და არა აღმასრულებელი ორგანო. 

საკონსტიტუციო სასამართლო იმას, რომ ე.წ. „კომენდანტის საათი“ არ არის უფლების მძიმე ფორმით შეზღუდვა, ხსნის ამ ღონისძიების დროებითი ხასიათით.[4] ეს მაშინ, როცა ხელისუფლების განცხადებით, ეს იქნება ის საკარანტინო ღონისძიება, რაც ბოლოს გაუქმდება.[5] შესაბამისად, უცნობია რა დრომდე გაგრძელდება ეს ღონისძიება. ამასთან საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, პანდემიის ვითარება ცვალებადია და აღმასრულებელ ხელისუფლებას უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, მოერგოს ამ ცვალებად ვითარებას, ვიდრე საკანონმდებლო ხელისუფლებას.[6] ამასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში საიას იურისტების პოზიცია იყო ის, რომ „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ (ეს არის კანონი, რომელიც დღეისათვის არ მოქმედებს) გარდა სხვა კანონშიც უნდა ყოფილიყო დეტალური მითითება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება, მოსთხოვოს მოქალაქეს სახლიდან გასვლისაგან თავის შეკავება, პანდემიური ვითარების გაუარესების შესაბამისად. ხოლო საკითხი იმასთან დაკავშირებით რამდენი ხანი უნდა გაგრძელებულიყო კომენდანტის საათი, რა ტერიტორიულ ერთეულებში უნდა ყოფილიყო ეს ღონისძიება გამოყენებული, ეს საკითხი თავად მთავრობას გადაეწყვიტა, შეცვლილი გარემოებების გათვალისწინებით. სამწუხაროდ, გადაწყვეტილებაში არ ვხვდებით პასუხს ამ არგუმენტებთან დაკავშირებით. 

საიას მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ასუსტებს საქართველოს პარლამენტის როლსაც მთავრობის კონტროლის და ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ამ კუთხით საინტერესოა განსხვავებული აზრის ავტორის გიორგი კვერენჩხილაძის მოსაზრება: „სადავო ნორმებით გათვალისწინებული დელეგირების პირობებში, არც ერთ პრინციპულ საკითხზე საქართველოს პარლამენტს გადაწყვეტილება თავად არ მიუღია. აღმასრულებელ ხელისუფლებას მიანდო არა თუ დეტალების, პროცედურის ან ტექნიკური ასპექტების განსაზღვრის უფლება, არამედ გადასცა პანდემიის/ეპიდემიის დროს საკუთარი შეხედულებისამებრ ძირითად უფლებათა არსისა და მათი შეზღუდვის პირობების განსაზღვრის სრული უფლებამოსილება.“[7]

საია მიიჩნევს, რომ 2020 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება საშიში პრეცედენტია გადაადგილების თავისუფლებისა და მთავრობაზე ეფექტური საკანონმდებლო კონტროლის თვალსაზრით.

 


[1] გადაწყვეტილების მეორე თავის 59-ე პუნქტი. 

[2] იქვე 

[3] სისხლის სამართლის კოდექსის 248მუხლი 

[4] გადაწყვეტილების მეორე თავის 57-ე პუნქტი 

[5] https://www.interpressnews.ge/ka/article/640007-paata-imnaze-komendantis-saati-albat-qvelaze-bolos-moixsneba-ar-mgonia-rom-aprilshic-gagrzeldes/

[6] გადაწყვეტილების მეორე თავის 58-ე პუნქტი 

[7] განსხვავებული აზრის მე-18 პუნქტი