სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა საქართველოში სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზების შესახებ გაეროში ერთობლივი ანგარიში წარადგინეს

2024-02-09 18:12
Featured image

მიმდინარე წლის იანვარში, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის შესრულებასთან დაკავშირებით გაეროს კომიტეტს ანგარიშები წარუდგინეს. ორი თემატური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა ხუთმა ორგანიზაციამ (სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) და ღირსეული შრომის პლატფორმა) მიიღო.

კომიტეტისთვის წარდგენილი დოკუმენტები აფასებს საქართველოში სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას და შეიცავს იმ კრიტიკული საკითხების ჩამონათვალს, რომელთა წამოჭრაც საქართველოს მთავრობის ანგარიშის პირველადი განხილვის დროს მნიშვნელოვანი იქნებოდა. 

როგორც აღინიშნა, კომიტეტს საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ორი დამოუკიდებელი ანგარიში წარედგინა. ანგარიში, რომელიც ორგანიზაციების - სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის და ღირსეული შრომის პლატფორმა - ძალისხმევით მომზადდა, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ პაქტის მუხლებს მიჰყვება და აანალიზებს გამოწვევებს შრომისა და დასაქმების, სოციალური დაცვის, სათანადო საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების უფლებების განხორციელების ნაწილში.

მოცემულ ანგარიშში, სხვა თემებთან ერთად, მიმოხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა, ქვეყანაში მოქმედი მინიმალური ხელფასის უკიდურესი სიმწირე და არაადეკვატურობა, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება (მათ შორის, კულტურის სფეროში), არაფორმალურ შრომაში ჩართულ დასაქმებულთა სოციალური დაცვის გარანტიების არარსებობა, ღირსეული შრომის პირობებისა და შრომის უსაფრთხოების დაცვა. დოკუმენტით გაეროს კომიტეტს ასევე მიეწოდა ინფორმაცია სიღარიბესთან ბრძოლის ღონისძიებების (განსაკუთრებით, მიზნობრივი სოციალური დაცვისა და საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ნაწილში) გამოწვევებთან, ასევე, სათანადო საცხოვრებლისა და გამოსახლების პოლიტიკის უკიდურეს ხარვეზიანობასთან, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან ქალების წვდომის ბარიერებსა და ზოგადი განათლების სისტემაში ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების კომპონენტის არარსებობასთან დაკავშირებით. 

ანგარიში, რომელიც ორგანიზაციებმა -  სოციალური სამართლიანობის ცენტრი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი - მოამზადეს, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციაზე კონცენტრირდება. კერძოდ, დოკუმენტი მიმოიხილავს ეთნიკური უმცირესობების (მათ შორის, ამ ჯგუფების სოციალური ექსკლუზიისა და სახელმწიფოს უკიდურესად პრობლემური ენის პოლიტიკის, განათლებასა და სოციალურ დაცვასთან წვდომის ბარიერების ნაწილში), კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის (როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა, ისე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანებისა და იძულებით გადაადგილებული პირების უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით), ლგბტქ+ პირების (სოციალურ დაცვასთან, საცხოვრისთან, დასაქმებასა და შემოსავლის წყაროებთან, ასევე, ეფექტიან მხარდაჭერაზე წვდომის სერიოზული გამოწვევების ნაწილში), ბავშვებისა (ბავშვთა სიღარიბისა და მათზე ორიენტირებული ერთიანი და ეფექტიანი სოციალური დაცვის სისტემის არარსებობის, არასრულწლოვანთა შრომის, მათ მიმართ ძალადობისა და დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით არსებული გამოწვევების ნაწილში) და შშმ პირების (ამ ჯგუფის წარმომადგენელთა სოციალური დაცვისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის უფლების განხორციელების, ასევე დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით) უფლებრივ მდგომარეობასა და ამ სფეროში არსებულ სისტემურ გამოწვევებს.

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ფარგლებში მოქმედი უნივერსალური უფლებრივი ინსტრუმენტია, რომელიც შესასრულებლად სავალდებულო საქართველოსთვის 1994 წლიდან გახდა. აღნიშნული პერიოდიდანვე მთავრობას გაუჩნდა ვალდებულება, გაეროს კომიტეტს პერიოდული ანგარიშები წარუდგინოს პაქტის შესრულებასთან დაკავშირებით. Ამ ანგარიშის საფუძველზე, კომიტეტი გამოსცემს რეკომენდაციების პაკეტს ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. 

სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, გაეროს კომიტეტს საქართველოში არსებული მდგომარეობა არ შეუფასებია - უკანასკნელად მისი დასკვნითი რეკომენდაციები 2002 წელს გამოიცა. ამ პერიოდის შემდგომ, საქართველოს მთავრობას კომიტეტის წინაშე ანგარიშგების ვალდებულება არ შეუსრულებია და ანგარიში მხოლოდ 15-წლიანი დაგვიანებით, 2022 წელს გაიგზავნა. 

საქართველოს მიერ წარდგენილი ანგარიშის პირველადი განხილვა გაეროს კომიტეტის წინასასესიო სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, მიმდინარე წლის 4-6 მარტს შედგება. ამ პერიოდში, დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, სამუშაო ჯგუფი სახელმწიფოს წინაშე კითხვებს/საკითხებს დასვამს, ინფორმაციის მიღების შემდგომ კი, საბოლოო შეფასებას მოამზადებს და დასკვნით რეკომენდაციებს გამოსცემს.

ერთობლივი ანგარიშის მომზადებაში ჩართული ორგანიზაციები მონაწილეობას მიიღებენ ანგარიშის განხილვაში და საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდიან ინფორმაციას, მიმდინარე პროცესების, ქვეყნის მიმართ გაცემული რეკომენდაციების შინაარსისა და მათი შესრულების მდგომარეობის შესახებ.

1. Report on the Implementation of the International Covenant on Economic, Social and Cultural Rights in Georgia

2. Report on the Implementation of the International Covenant on Economic, Social and Cultural Rights in Georgia