სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბავშვთა დღესთან დაკავშირებით აქცია გამართა

2007-05-31 20:00
Featured image

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ათამდე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად საზოგადოებისა და ხელისუფლების მისამართით სპეციალური მიმართვა გააჟღერეს. პრესკონფერენციაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ ბოლო დროს არასრულწლოვნებში გახშირებულ დანაშაულებსა და მათ მიმართ პრევენციული ღონისძიებების გატარებას აუცილებლობაზე ისაუბრა.

ბრიფინგზე საიას დაკვეთით გადაღებული სოციალური-სარეკლამო კლიპის ჩვენება-პრეზენტაცია შედგა, რომელიც არასრულწოვანთა უკიდურესად მკაცრი დასჯის სავალალო შედეგზე მიუთითებს, რაც შემდგომში მთლიანი საზოგადოების პრობლემად გადაიქცევა.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ საიას წევრებმა და სტუდენტებმა თბილისიში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ოზურგეთში, გორში, თელავსა და დუშეთში სკოლებთან და აზარტულ სათამაშო დაწესებულებებთან სპეციალური ინფორმაციული ბუკლეტები (სახელწოდებით "დავიცვათ არასრულწლოვანები მავნე ზეგავლენისგან") დაარიგეს. ბუკლეტში მოცემულია ინფორმაცია კანონის იმ ნორმების შესახებ, რომლებიც მოქალაქეებს ავალებს დაიცვან ბავშვები და არასრულწლოვანები მავნე ზეგავლენისგან, ასევე არასრულწლოვანის პასუხისმგებლობის ზომების და მშობელთა პასუხისმგებლობის შესახებ.