სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კიდევ ერთი განაცხადი გააგზავნა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში

2007-01-07 20:00
Featured image

2006 წლის  29 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კიდევ ერთი განაცხადი გააგზავნა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში. განაცხადი შეეხება  არასამთავრობო ორგანიზაციის “თანასწორობის ინსტიტუტი”-ს წევრების დაკავებასა და 30 დღიანი პატიმრობის ფაქტს. 

2006 წლის 29 ივნისს სააპელაციო სასამართლოს ეზოში “თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრები ირაკლი კაკაბაძე, ლაშა ჩხარტიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, ზურაბ რთველიაშვილი და დავით დალაქიშვილი”  საჯაროდ გამოხატავდნენ თავიანთ მოსაზრებას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. ისინი ხმის გამაძლიერებლის ე.წ. მეგაფონის საშულებით მოუწოდებდნენ სასამართლოს მიუკერძოებლობისკენ და დამოუკიდებელ ტელეარხ “202”-ის დამფუძბნებლების, შალვა რამიშვილისა და დავით კოხრეიძის განთავისუფლებას მოითხოვდნენ. აქციის დაწყებიდან დაახლოებით 5 წუთში სასამართლოს შენობიდან გამოვიდნენ მანდატურები და ზემოაღნიშნული პირები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დააკავეს. შემდგომში ისინი სააპელაციო სასამართლოს შენობაში შეიყვანეს და ერთ-ერთ ოთახში მოათავსეს. მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ეკა ტყეშელაშვილმა სსსკ–ს 208-ე მუხლზე დაყრდნობით ადგილზე თათბირითა და  ზეპირი მოსმენის  გარეშე განმცხადებლებს 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. შესაბამისად, პატიმრობის შეფარდების პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ არც უშუალოდ განმცხადებელებს და არც მათ ადვოკატებს. უფრო მეტიც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით  განკარგულება არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას. 

განმცხადებლები თვლიან რომ მათ მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-5, მე-6, მე-10, მე-11, მე-13 და მე-7 ოქმის მეორე მუხლი.