სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შიდა ქართლის რწმუნებულს სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ მოუგო

2006-03-20 20:00
Featured image

2006 წლის 21 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის სააპელაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება შიდა ქართლში რწმუნებულის ადმინისტრაციას ავალდებულებს საჯარო ინფორმაციის გაცემას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასარგებლოდ. აღნიშნული ინფორმაცია ჯერ კიდევ 2005 წლის ივნის-ივლისის თვეში იქნა გამოთხოვილი საია-ს გორის ოფისის მიერ  #482 და #505 განცხადებების საფუძველზე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან მოპასუხე მხარეს წარმოადგენდნენ პროექტის “პრეზიდენტის რწმუნებული ხალხის სამსახურში” დირექტორი ნიკა გეგეშიძე და საია-ს გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიუღებლად მიაჩნია შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის, მიხეილ ქარელის, ადმინისტრაციის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში საჯარო ინფორმაციის გაუცემლობა და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევების ფაქტები.