სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია

2020-01-23 16:46
Featured image

2020 წლის 23 იანვარს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) კვლევის „საქართველოს უზენაესი სასამართლო - ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი“  პრეზენტაცია გამართა.

კვლევა აანალიზებს ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორიც არის: უზენაესი სასამართლოს როლი და ადგილი სასამართლო სისტემაში, მისი დაკომპლექტება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები, თავმჯდომარის/მოსამართლეთა პასუხისმგებლობა, უზენაესი სასამართლოს პლენუმის კომპეტენცია, პალატების მუშაობა და საქმეთა განაწილება. გარდა ამისა, კვლევა აფასებს 2019 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს და განიხილავს  პროცესის მიმდინარეობისას გამოვლენილ პრობლემურ საკითხებს.

კვლევა მოიცავს შემდეგ ძირითად მიგნებებს:

- მოქმედი კანონმდებლობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში არ ითვალისწინებს სათანადო გარანტიებს, რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლეთა დანიშვნას დამსახურების პრინციპის საფუძველზე;

- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობისას სამ ეტაპიანი ფარული კენჭისყრა ეწინააღმდეგება ამ მხრივ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს, რადგან გამორიცხავს გადაწყვეტილების დასაბუთების (კანდიდატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალ სტატუსთან შესაბამისობის თაობაზე) შესაძლებლობას;

- პირველი ფარული კენჭისყრა გამორიცხავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას, რადგან ამ ეტაპზე საბჭოს წევრებისთვის ცნობილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსამართლეობის კანდიდატი ფორმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და გადაწყვეტილებას იღებენ მხოლოდ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მითითებულია კანდიდატის განაცხადში;

- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობისას გამოიკვეთა მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხები, კერძოდ, ინტერესთა კონფლიქტის არსებობის მიუხედავად, საბჭოს წევრების მონაწილეობა შერჩევის პროცედურებში, ასევე პირველი ფარული კენჭისყრისას ხმების ერთნაირი სქემით გადანაწილება, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკანონმდებლო ჩარჩოს ხარვეზებს და საზოგადოებაში კითხვის ნიშნები გააჩინა;

- პარლამენტის რეგლამენტი არ იძლევა ცხად წარმოდგენას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფუნქციურ დანიშნულებაზე, არ ითვალისწინებს გარე ექსპერტების სავალდებულო ჩართულობას, არ ადგენს ექსპერტებისა და პარლამენტის წევრების, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის კვოტას;

- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის წესი ხარვეზიანია, ვინაიდან პირველ ეტაპზე ხმათა 2/3-ის მიუღწევლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. შესაბამისად, მეორე კენჭისყრისას არამოსამართლე წევრებს არ აქვთ არავითარი გავლენა შერჩევის პროცესზე;

- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მინიჭებული აქვს ცალკეული ფართო უფლებამოსილებები, ასევე იკვეთება ფუნქციების დუბლირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან;

- კანონმდებლობა უზენაესი სასამართლოს პლენუმს ფართო უფლებამოსილებებს ანიჭებს, გარდა ამისა, იკვეთება კომპეტენციების დუბლირება პლენუმსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის;

- დამკვიდრებული პრაქტიკით, უზენაესი სასამართლოს პლენუმის დადგენილებით, მოსამართლეს დროებით ეკისრება სხვა პალატის შემადგენლობაში უფლებამოსილების განხორციელება. შედეგად, ეს მოსამართლეები უფლებამოსილნი არიან განიხილონ სამივე პალატის ქვემდებარე საქმეები. უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებები შაბლონურია;

- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, საქმე ეწერება სხდომის თავმჯდომარეს/მომხსენებელ მოსამართლეს. წესი დამატებით არ ითვალისწინებს კოლეგიის სხვა 2 წევრის შერჩევის პროცედურას, რაც აჩენს კოლეგიური შემადგენლობის თვითნებურად დაკომპლექტების რისკს.

კვლევაში წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები. იმედს ვიტოვებთ, რეკომენდაციები გამოყენებულ იქნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდგომი რეფორმის მხარდასაჭერად.

კვლევა მომზადდა „საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეფორმის მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. კვლევის შინაარსზე პასუხისმგებელია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია). ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.