სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

,,სირცხვილიას“ აქტივისტის - თამარ კურატიშვილის მიმართ სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა

2021-11-19 21:24
Featured image

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა ,,სირცხვილიას“ აქტივისტის, თამარ კურატიშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და საქმის წარმოება შეწყვიტა. თამარი 2021 წლის 13 ნოემბერს, ქალაქ ბათუმში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქცია-პერფორმანსის - ,,რამდენს დაგვიჭერთ?“ მიმდინარეობისას დააკავეს. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეები მდუმარედ და ბანერის გაშლით ცდილობდნენ თავიანთი პროტესტის გამოხატვას, რის შესაძლებლობასაც პოლიციელები არ აძლევდნენ. პროტესტის დაწყებიდან დაახლოებით 5-6 წუთის შემდეგ თამარ კურატიშვილი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით, უკანონოდ დააკავეს. დაკავების შემდგომ, იგი გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის მიუხედავად, მაქსიმალური დროით, 48 საათის განმავლობაში იმყოფებოდა

სასამართლოში საქმის განხილვისას, მხარეთა პოზიციებისა და მოწმეთა ჩვენებების მოსმენის, ასევე საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების შეფასების შემდგომ, მოსამართლემ დაადგინა, რომ თამარ კურატიშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია და მის მიმართ დაწყებული საქმის წარმოება უსაფუძვლობის გამო შეწყვიტა. მის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.