სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ტრენინგი "ინფორმაციის თავისუფლება – საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი ჟურნალისტებისთვის"

2007-12-11 20:00
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოში ეუთოს მისიის მხარდაჭერით ჩაატარა ტრენინგების სერია თემაზე "ინფორმაციის თავისუფლება – საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი ჟურნალისტებისთვის". ღონისძიება განხორციელდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში.

ორდღიანი ტრენინგები 6-7, 8-9 და 10-11 დეკემბერს გაიმართა გუდაურში. მასში მონაწილეობა მიიღო სულ 90-მდე ჟურნალისტმა და თსუ ჟურნალისტიკის დეპარტამენტის სტუდენტმა, ასევე "მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" წარმომადგენელებმა, ქვემო ქართლის და სამცხე ჯავახეთის რეგიონებიდან.

ტრენინინგების სერია ემსახურებოდა ჟურნალისტებისთვის პრაქტიკული ჩვევების გადაცემას, რომელთა მეშვეობით ისინი დამოუკიდებლად შეძლებდნენ საჯარო დაწესებულებებისათვის ოფიციალური ინფორმაციის მისაღებად სწორად მიმართვას, უკანონო უარის გასაჩივრებას, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას და ა.შ.

ტრენინგებზე ყურადღება გამახვილებული იყო ისეთი საკითხებზე, როგორიცაა:
1. საზოგადოებრივი კონტროლის  დანიშნულება და მნიშვნელობა;
2. გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტები და ჟურნალისტთა უფლებები;
3. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურები;
4. საიდუმლო ინფორმაციის სახეები;
5. გასაჩივრების მექანიზმები;
6. ზიანის ანაზღაურების და პასუხისმგებლობის საკითხები და სხვა.

ტრენინგის ძირითად მეთოდს წარმოადგენდა პრაქტიკული სამუშაოები, როლური თამაშები, იმიტირებული პროცესები და ა.შ.

ტრენინგის დასასრულს, მონაწილეები,  საკუთარი სურვილის შესაბამისად,  მონაწილეობდნენ შემოქმედებით ღონისძიებებში, რომლებიც მიძღვნილი იყო სხვადასხვა საკითხებისადმი. 10 დეკემბერს, შემოქმედებითი ღონისძიება მიეძღვნა ადამინის უფლებათა საერთაშორისო დღის აღნიშვნას.