სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

წინ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებია...

2016-05-18 16:48
Featured image

2016 წლის გაზაფხული პოლიტიკური თვალსაზრისით დატვირთული იყო, თუმცა ზაფხულის დადგომასთან ერთად არა მხოლოდ ჰაერის ტემპერატურა აიწევს საქართველოში, წინ პოლიტიკურადაც ცხელი ზაფხული გველოდება... წინ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებია.

მოდით ქრონოლოგიას უკუთვლით მივყვეთ:

2016 წლის 16 მაისს  თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ „კაბელების საქმესა“ და საქმის პოლიტიკურ მოტივს შორის ტოლობის ნიშანი დასვა.  ადვოკატებმა გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრება, თავისუფალმა დემოკრატებმა კი აქციების გამართვა დააანონსეს.

2016 წლის 16 მაისს ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო სიის პირველი ათეული ოფიციალურად დაასახელა.

2016 წლის 14 მაისს ქართული ოცნების ყრილობა გაიმართა,  ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას პოლიტსაბჭოს ახალი სახეები წარუდგინა.

თუმცა არც ერთ პარტიას არ გაახსენდა სია გენდერულად დაებალანსებინა, რამაც კიდევ ერთხელ დაგვანახა სავალდებულო კვოტირების აუცილებლობა. მახსოვს, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ჩვენ მიერ შეტანილი წინადადება პარლამენტში სავალდებულო კვოტებთან დაკავშირებით, რომელიც მეტ ქალს მისცემს შესაძლებლობას ჩაერთოს პოლიტიკაში. მახსოვს სკეპტიციზმი „ქალს  რა უნდა პარლამენტშიო...“

2016 წლის 7 მაისი - დღეს მსოფლიო ბანი შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში. თუმცა მანამდე, მანამდე იყო მთელი ერთთვიანი კამპანია საქართველოს მასშტაბით: შეხვედრები, მხარდამჭერების ძიება, ოფისების გახსნა და აუდიტის სამსახურის სიტყვის, შესაძლო საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებით, ბანზე აგდება.

მანამდე იყო ქართული ოცნების კოალიციის დაშლაც და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიერ პარტიის დატოვება და ახალი პოლიტიკური სპექტრის შექმნაც.

იყო საარჩევნო სისტემის რეფორმაზე დისკუსიის განახლებისა და პოზიტიური ცვლილებების მიღწევის ახალი შესაძლებლობები. თუმცა მანამდე იყო საარჩევნო სისტემის დახვეწაზე გათენებული ღამეები. როგორც იქნა, თითქოს მოხდა შეჯერება და შედგა ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება  პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, თუმცა ხელისუფლებამ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება  2020 წლისთვის გადადო.

გარკვეული ცვლილებებიც იყო ინიცირებული პარლამენტში სამხედრო მოსამსახურეების ხმის მიცემის წესისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის შეუთავსებლობასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრობის კანდიდატურის სტატუსთან, თუმცა ისევე, როგორც სხვა ბევრი თემის ირგვლივ, ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმაც არ განხორციელებულა.

იყო  სასამართლო სისტემის ფასადური რეფორმაც...

მთავარი კი წინასაარჩვენო პერიოდის ცხადი საწყისის ათვლის ძიება იყო, როდის დაწყებულიყო საარჩევნო ციებ-ცხელება...

წინ ცხელი ზაფხული გველოდება... განსხვავებით 2012 წლის პარლამენტის არჩევნებისგან, როდესაც ორი პოლუსი იყო პოლიტიკურ ასპარეზზე, დღეს მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრია წარმოჩენილი დასავლური და პრო-რუსული ღირებულებებით და 8 ივნისს დაიწყება ოფიციალური რბოლა, 4 თვიანი რბოლა გამარჯვებისთვის საარჩევნო სისტემით, რომელსაც თამამად შეიძლება დავარქვათ „გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი.“

წინ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებია...

ირმა პავლიაშვილი საიას იურისტი

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას