სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის ანგარიში

2006-11-07 20:00
Featured image

აღნიშნული მონიტორინგის შედეგად, კონკრეტულ ფაქტებთან ერთად, გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომლებიც საჭიროებს დამატებით გაანალიზებას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას:

  •  საარჩევნო ღონისძიებების განრიგი და თანამშრომლობა პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებთან – როგორც მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა, ადგილებზე საარჩევნო კომისიების პასიურობა იწვევს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ღონისძიებათა განრიგის არარსებობას. შესაბამისად, მასმედიისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არსებითი პრობლემები ექმნებათ სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით;
  •  ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მოხელეთა მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში – საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, მონიტორინგის დროს წარმოიშვა შემდეგი საკითხები:
    ო არსებული ნორმები საჯარო მოხელეთათვის აგიტაციაში მონაწილეობის შეზღუდვასთან დაკავშირებით (როდესაც ისინი ასრულებენ თანამდებობრივ და სამსახურებრივ მოვალეობებს), საკმაოდ ბუნდოვანია საარჩევნო ადმინისტრაციებისა და დამოუკიდებელი მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციებისათვის იმის განსასაზღვრად, სამუშაო საათებისგან განსხვავებულ დროს რა ტიპის საქმიანობა შეიძლება ჩაითვალოს ‘თანამდებობრივი და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებად’;
    ო საარჩევნო კოდექსის სპეციალური მითითება ‘პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირთა’ მიმართ აგიტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ცენტრალური ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან მცდარად იქნა აღქმული – კერძოდ, იგნორირებულ იქნა მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომ მათ მიერ აგიტაციაში თავისუფალი მონაწილეობა (სამუშაო დროს) კანონიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უშუალოდ ისინი იღებენ მონაწილეობას არჩევნებში.
    ო საარჩევნო კოდექსის 1291 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის ბუნდოვანება, ამავე მუხლის მე-5 ნაწილსა და კოდექსით გათვალისწინებულ ‘პოლიტიკური თანამდებობის პირების’ დეფინიციაზე დაყრდნობით, იწვევს შესაძლებლობას, დავასკვნათ, რომ 2006 წლის არჩევნებზე აგიტაციაში მონაწილეობის ექსკლუზიური (სხვა ქალაქების აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელებისაგან განსხვავებით) და შეუზღუდავი უფლება გააჩნდა მხოლოდ ქ. თბილისის მერს.
  • ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება – წინასაარჩევნო პერიოდში ორგანიზებული ღონისძიებების დროს დაფიქსირდა პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით ე.წ. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება (სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საფესტივალო პროგრამა; ადგილობრივი დაფინანსების მქონე ფოლკლორული ანსამბლი). საარჩევნო კანონმდებლობით დაურეგულირებელი რჩება იმ ორგანიზაციათა მატერიალური რესურსის გამოყენება საარჩევნო სუბიექტების მხრიდან, რომლებიც ბიუჯეტიდან პირდაპირ არ ფინანსდებიან, მაგრამ სარგებლობენ სახელმწიფო საკუთრებით.
  •  ამომრჩევლის ფინანსური/მატერიალური დაინტერესება – მონიტორინგის დროს ამომრჩეველთა ფინანსური/მატერიალური დაინტერესების (მოსყიდვის) შესაძლო ფაქტების თაობაზე მოპოვებული ცნობები ეყრდნობოდა ცენტრალური თუ ადგილობრივი მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. მიუხედავად საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (1641 მუხლის) ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით არსებული ნათელი აკრძალვისა, აღნიშნულ ფაქტებს მაინც ჰქონდა ადგილი, რასაც, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შესაბამისი დაინტერესება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ მოჰყოლია.
  •  წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა/დარღვევები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით აგიტაციის დროს – ცსკ-დან პერიოდულად გამოთხოვნილი და რეგიონებში მოპოვებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მხრიდან არ ხდებოდა კანონით მათზე დაკისრებული მოვალეობის (საარჩევნო ადმინისტრაციებისათვის კონკრეტული და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება) სრულყოფილად შესრულება. აღნიშნული საკითხის ეფექტურად გადაჭრის მიზნით, აუცილებელია თვითონ საარჩევნო ადმინისტრაციების მხრიდან აქტიურობა მედიასთან ურთიერთობაში. შესაბამისად, წინასაარჩევნო პერიოდში, უპირველეს ყოვლისა, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა დაინტერესდეს მასმედიის საშუალებებით პოლიტიკური რეკლამის დარღვევით (მითითების გარეშე) გასვლის ფაქტებით და მოახდინოს მყისიერი რეაგირება ‘შეცდომის’ დროული აღმოფხვრის მიზნით.
  • ზეწოლა/დაშინება საიას თანამშრომელზე – საიას რუსთავის ოფისის თანამშრომლის მიმართ დაშინების ფაქტი დღის წესრიგში აყენებს წინასაარჩევნო მონიტორინგის განმახორციელებელი დამოუკიდებელი სუბიექტების საქმიანობის დროს საარჩევნო ადმინისტრაციისგან უფრო მეტ თანამშრომლობას და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან დროული რეაგირების აუცილებლობას.


 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას განვლილი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში წამოჭრილი საკითხების განხილვისა და კანონმდებლობის თუ პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად ითანამშრომლოს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საარჩევნო ადმინისტრაციასთან, საკანონმდებლო ორგანოს და პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებთან.

სრული ანგარიში იხილეთ დანართის სახით ჩვენს ვებგვერდზე.

წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის ანგარიში
კენჭისყრის დღის მონიტორინგი