სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

„წრეზე სიარული“ და მედიის თავისუფლება

2017-03-10 13:54
Featured image

ყველა ხელისუფლება რომელიც საქართველოში მოდის, მოსვლამდე და მოსვლის პირველ დღეებში მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობს. იფიცებიან, გვპირდებიან და გვარწმუნებენ, რომ მედიის თავისუფლება მათთვის „წმინდათა წმინდაა“. მედიის თავისუფლების სიწმინდე დიდი ხანი არ გრძელდება. ყველაზე მეტი ერთი წელი ალბათ. მერე იწყება უცნაური გადაადგილებები, დანიშვნები და გათავისუფლებები, გაურკვეველი განცხადებები, სასამართლო დავები, მოულოდნელად დახურული რეიტინგული გადაცემები და ა.შ. მანამ, სანამ ხელისუფლებაში მყოფ ერთ პოლიტიკურ ჯგუფს მეორე არ ჩაანაცვლებს. ასე დავდივართ წრეზე და მორიგ წრეზე წასვლის დრო, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდა.

ჯერ იყო 2013 წელი და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ტელეკომპანია მეცხრე არხის დახურვა. ასევე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე საეჭვო ვითარებაში დახურული ეკა კვესიტაძის და დათო პაიჭაძის გადაცემები. მაშინ ჟურნალისტები არხის დირექტორის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ კონტექსტს უკავშირებდნენ.

2014 წელს ტელეკომპანია მაესტრო დატოვეს არხის სახეებმა ვახო სანაიამ, დიანა ტრაპაიძემ და თეონა გეგელიამ. დეკემბერში კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს მაესტროს დირექტორის მოადგილე და მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი. მაშინ ჟიჟილაშვილის გათავისუფლებას არხზე „არასწორი გარემოს შექმნას“ და საკადრო პოლიტიკის წინააღმდეგ წასვლას უკავშირებდნენ. ამ ზღაპრის ალბათ არც გადაწყვეტილების მიმღებ პირებს არ სჯეროდათ, მაგრამ ეს არ იყო მაშინ მთავარი.

2014 წელს არაფრით ჩამორჩა 2015. აგვისტოში საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემის - ,,პირველი სტუდია“ დახურვის თაობაზე გავრცელდა ინფორმაცია. საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლის განმარტებით, ამის მიზეზი ეკა მიშველაძის პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრზე ალექსი პეტრიაშვილზე დაქორწინება გახდა. მოგვიანებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს პოზიცია შეცვალა და ეკა მიშველაძემ პირობა მიიღო, რომ მისი გადაცემა შეცვლილი ფორმატით ეთერში გავიდოდა. მიუხედავად დაპირებისა, 2016 წლის თებერვალში საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა გააუქმა გადაცემა და ეკა მიშველაძე გაათავისუფლა.

2015 წელს, ტელეკომპანია მაესტროში 55% წილის მესაკუთრე გახდა გიორგი გაჩეჩილაძე, რომელმაც განაცხადა, რომ „მაესტროს გადარჩენისათვის“ საჭირო თანხის მისაღებად მან ტელეკომპანია იმედის მესაკუთრე პატარკაციშვილების ოჯახს მიმართა. იმავე წელს მაესტროზე დაიხურა რეიტინგული გადაცემები „ბიზნესკონტაქტი“ და  „საქმიანი დილა“. სინამდვილეში თანდათან უფრო ცხადი გახდა, რომ ვიღაც ქართული სატელევიზიო მედიის „დალაგებას“ ცდილობდა.

2015 წლის აგვისტოში, მაშინ როცა მაღალი ტემპერატურა მხოლოდ თერმომეტრზე უნდა ყოფილიყო, ტემპერატურამ აიწია რუსთავი ორის ირგვლივ. სასამართლოს პირველივე განჩინებას, რომელიც 2015 წლის 5 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ იქნა მიღებული  რუსთავი ორის  მეწილეების წილებსა და კომპანიის ქონებაზე ყადაღის დადება და დირექტორისათვის კომპანიის მართვის/ ხელმძღვანელობის აკრძალვა მოჰყვა. იმავე წელს სარჩელი შევიდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, მაგრამ გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მიღებული.

რუსთავი ორის საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქმის განმხილველ მოსამართლეზე ზემოქმედება ხორციელდებოდა მისი ოჯახის წევრის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მეშვეობით. მოსამართლის დედას პროკურატურამ ბრალი წაუყენა მომხდარი ფაქტიდან 1 წელზე მეტი დროის შემდგომ, რაც დაემთხვა რუსთავი ორის საქმის განხილვის პროცესს. ეს ეჭვი ვერ გააქარწყლა პროკურატურის მიერ გაკეთებულმა განმარტებებმა.

იმავე წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ შექმნა მედიაში დროებითი მმართველის დანიშვნის უაღრესად საშიში პრეცედენტი. მოსამართლემ იმსჯელა მედიის მიერ საკითხების გაშუქების მართებულობასა და მედიის ობიექტურობაზე (ამასაც მოვესწარით), მაშინ, როდესაც საკითხების ობიექტური გაშუქება სარედაქციო გადაწყვეტილებების, თვითრეგულირების ნაწილია. კიდევ კარგი აღნიშნული განჩინება მოგვიანებით  სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.

2015 წლის შემოდგომაზე სცენაზე ტელეკომპანია იმედი გამოჩნდა და მოულოდნელად დახურა ამ არხის ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური თოქ-შოუები - ,,რეაქცია“ და ,,იმედის კვირა“. შედეგად, არხი დატოვა გადაცემების წამყვანმა ინგა გრიგოლიამ. საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია იმედის მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების სეგმენტის გაურკვეველი დროით შეჩერებამ, თანაც ისე, რომ აღნიშნულზე გადაცემის პროდიუსერები და ჟურნალისტები წინასწარ არ იყვნენ ინფორმირებულნი, სერიოზული კითხვები გააჩინა პროცესების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.

2016 წელი რუსთავი ორით გაიხსნა. ოღონდ ამჯერად საქალაქო სასამართლო სააპელაციომ ჩაანაცვლა. პირველი ამბავი საქმის განმხილველი მოსამართლეების ცვლილება იყო. მაშინ გაჩნდა ეჭვი, რომ ეს გადაწყვეტილება სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას წარმოადგენდა.

2016 წლის ნოემბერში მოულოდნელად  თანამდებობა დატოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა. არადა პარასკევ დღეს - „ორშაბათამდე“ სურვილით დაემშვიდობა თანამშრომლებს, ორშაბათ დილით კი პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა. ეს ამბავი დროში მედიაში მორიგი გადალაგების  წინ მოხდა. იმავე წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია იმედი – მაესტროს და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახთან დაკავშირებულ ტელეკომპანია „GDS” ყიდულობდა.

2017 წელი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გახსნა. 6 იანვარს, მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ხმათა უმრავლესობით გენერალური დირექტორის პოსტზე ვასილ მაღლაფერიძე აირჩია. არადა, მის მიმართ ყველაზე მეტი კითხვა არსებობდა პოლიტიკურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. სხვა თუ არაფერი, 2014 წლიდან 2016 წლის მაისის ჩათვლით, მაღლაფერიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის - ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებულ ტელეკომპანია „GDS”-ზე მუშაობდა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის გადაცემა „2030“-ის გენერალური პროდიუსერი იყო. გენერალური დირექტორის პოსტზე არჩევიდან ერთი თვის თავზე 102-დან 101 გადაცემის დახურვაზე დაიწყო საუბარი. მართალია ეს გეგმა არ გავიდა, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალი ჯერაც ბუნდოვანია.

2017 წლის თებერვალში მოვლენები ისევ რუსთავი ორს დაუკავშირდა. ცნობილი გახდა სააპელაციო სასამართლოში საქმის განმხილველი ერთი-ერთი მოსამართლის, ნატალია ნაზღაიძის ოჯახის წევრისათვის, თბილისის თვითმმართველობის მიერ საკომპენსაციოდ დაახლოებით ერთი მილიონი  ლარის გადაცემის შესახებ. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ამ გარიგების შესაძლო კორუფციულ სქემასთან კავშირის თაობაზე, მაგრამ აღნიშნულ საკითხზე საგამოძიებო ორგანოების მხრიდან შესაბამისი რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა (როგორ არ მიკვირს).

რუსთავი ორის საქმეზე საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში საბოლოო სიტყვა უზენაესმა სასამართლომ თქვა. მიუხედავად იმისა, რომ  2017 წლის 27 თებერვლამდე უცნობი იყო იმ მოსამართლეთა ვინაობა, რომლებსაც დიდი პალატის შემადგენლობაში საქმე უნდა განეხილათ, დიდი პალატის შემადგენლობის გაცხადებიდან უზენაესმა სასამართლომ რთულ და მრავალტომიან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება სულ რაღაც 3 დღეში მიიღო და 2 მარტს წერტილი დაუსვა რუსთავი ორის ირგვლივ არსებულ დავას. ერთი შეხედვით ყველაფერი აქ უნდა დასრულებულიყო და ქართულ მედია სივრცეში მორიგი დიდი ცვლილებაც ოფიციალურად გაფორმებულიყო.

თუმცა, მერე დადგა 3 მარტი და ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უზენაესი სასამრთლოს ის განჩინება, რომლის საფუძველზეც მომჩივან მხარეს კომპანიაში წილების რეგისტრაცია უნდა მოეხდინა შეაჩერა. ეს ნამდვილი ცივი შხაპი იყო ხელისუფლებისათვის. ამ ამბის მომსწრე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა,  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ მოსამართლეს ვინც განჩინების მოქმედება შეაჩერა, სულ „მორიგე მოსამართლე“ ეძახა. პრემიერ-მინისტრმა კი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექნის იდეა გააჟღერა.

2017 წლის 7 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსთავი ორის საქმეზე მიღებული შეჩერების მექანიზმის მოქმედების ვადა საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე დატოვა ძალაში. ახლა ყველაფერი სტრასბურგის ხელშია. ხელისუფლებას მოუწევს თავი იმ საქმეში იმართლოს, სადაც როგორც თავად ამბობს არაფერ შუაშია. სინამდვილეში ხელისუფლებამ ეს საქმე მაშინ წააგო როდესაც სტრასბურგმა შეჩერების მექანიზმი გამოიყენა.

ქართულ სატელევიზიო მედიაში შემთხვევით არაფერი ხდება. სასამართლო დავებს, შეცვლილ მეწილეებს, დახურულ გადაცემებს, თუ არხებიდან გათავისუფლებულ ჟურნალისტებს ხშირად ხელისუფლების ფარულ ზრახვებს მიაწერენ. ამ ფონზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექნის იდეა კონტექსტიდან ამოვარდნილ ამბავს უფრო ჰგავს ვიდრე მედიის დამოუკიდებლობაზე რეალურ ზრუნვას. მედიის თავისუფლების თვალსაზრისით მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნაზე ბევრად მნიშვნელოვანი იქნება, თუ ხელისუფლება მედიის საქმეებისაგან დისტანცირებას  მოახერხებს, „წრეზე სიარულს“ განერიდება და დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას შექმნის. მედიის თავისუფლება ხომ „წმინდათა წმინდაა“.