GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია
coalition img

იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2024 წელს: წახალისებული უკანონობა

08 მაისი, 2025

1. მოსამართლეების შერჩევა დანიშვნა - ზეწოლის ბერკეტი საბჭოს ხელში


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ („საბჭო“) საზოგადოებაში ნდობა ვერ მოიპოვა და სისტემაში არსებულ კორპორატივიზმზე როგორც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება, ისე საერთაშორისო პარტნიორები უკვე ღიად საუბრობენ. შესაბამისად, საბჭოს მიერ წარდგენილი და დანიშნული მოსამართლეები ნდობას  და საზოგადოების მხარდაჭერას ვერ იმსახურებენ. პირები მოსამართლეებად არა კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების არამედ, გავლენიანის ჯგუფის მიმართ ლოიალობის ნიშნით ან/და ნეპოტიზმით ინიშნებიან. ევროპული კომისიის 2023 წლის ნოემბრის ანგარიშში ხაზგასმით წერია, რომ წამყვან თანამდებობებზე მყოფი პირები - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, სასამართლოს თავმჯდომარეები,  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და  მოსამართლეობის კანდიდატები უნდა დაექვემდებარონ კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს.[1]


იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თავისი განუზომელი ძალაუფლებით წლებია უკვე ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი და სისტემის მაკონტროლებელი ძირითადი ორგანოა.

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების წარდგინების, სისტემის ახალი მოსამართლეებით დაკომპლექტების უფლებამოსილება, მნიშვნელოვანი ბერკეტია საბჭოს ხელში სისტემის გაკონტროლებისთვის. სისტემაში არსებული მუდმივ ვაკანსიებს და გადატვირთულობის მოუგვარებელ პრობლემას საბჭო მოსამართლეებზე ზეწოლის ბერკეტად იყენებს.  


დღეის მდგომარეობით სასამართლოში მოსამართლის ასზე მეტი ვაკანტური ადგილია. სისტემაში არსებული ვაკანსიების ასეთი დიდი რაოდენობა და მსურველთა ნაკლებობა მიუთითებს, რომ კვალიფიციური კადრები თავს იკავებენ კონკურსებში მონაწილეობისგან.


1.1. კონკურსები პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში



2022 წელს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა შერჩევის მიზნით კონკურსი 76 ვაკანტურ პოზიციაზე გამოაცხადა. მიუხედავად ვაკანსიების რაოდენობისა, დარეგისტრირდა მხოლოდ 21 კანდიდატი, რომელთაგან შეირჩა 8. ამ კონკურსის შედეგებით, სასამართლო სისტემას რეალურად მხოლოდ ერთი ახალი მოსამართლე შეემატა, ხოლო დანარჩენი შვიდი უკვე მოქმედი მოსამართლე უბრალოდ გადაანაწილეს სხვადასხვა სასამართლოებში.



2023 წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კონკურსი არ გამოუცხადებია.



2024 წელს შერჩევის პროცესი გააქტიურდა. პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებისთვის საბჭომ კონკურსი ოთხჯერ გამოაცხადა, ხოლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით - სამჯერ.


ივნისში გამოცხადდა კონკურსი 17 ვაკანტურ პოზიციაზე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში.[2] კონკურსში მონაწილეობა მიიღო 17-მა კანდიდატმა, რომელთაგან არც ერთს არ ჰქონდა სამოსამართლო გამოცდილება.



მომდევნო თვეში, ივლისში, საბჭომ გამოაცხადა ახალი კონკურსი 18 ვაკანსიაზე, რომელიც ეხებოდა როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოებს. რეგისტრაცია გაიარა 20-მა კანდიდატმა, თუმცა მათგან 17 უკვე მონაწილეობდა ივნისის კონკურსშიც. შესაბამისად, მხოლოდ სამი ახალი კანდიდატი დაემატა - ორი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე.[3]


კონკურსის შედეგად 15 ახალი მოსამართლე შეემატა სისტემას.[4] 8 რაიონულ (საქალაქო) ხოლო 7 თბილისის საქალაქო სასამართლოში.



2024 წლის 17 ოქტომბრის საბჭომ განკარგულებით 38 ვაკანსიაზე კვლავ კონკურსი გამოაცხადა.[5] განაცხადი 28-მა პირმა შეიტანა.[6] მათგან 27 ახალ სკოლადამთავრებული კანდიდატი მოსამართლედ განწესდა.[7]


წლებია სასამართლო პოლიტიკური ინტერესების მქონე საქმეებზე გადაწყვეტილებებს მმართველი პარტიის პოლიტიკური მიზნების გათვალისწინებით იღებს.[8] ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა არჩევნების შემდგომ წარმოებულ დავებში. პროტესტის დროს დაკავებული პირების მიმართ სასამართლო განხილვებისას სასამართლო რეპრესიების თანამონაწილედ მოგვევლინა.[9]


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო მოქმედი და ყოფილი მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების შემდეგ,[10] მსგავსი ნაბიჯი გადადგეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმად. კერძოდ, ლიეტუვამ სამ, ხოლო ესტონეთმა 6 მოსამართლეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.[11]


ესტონეთის მიერ დასანქცირებულ პირთა შორის ექვსი სწორედ ის მოსამართლეა, რომელიც პრო-ევროპული პროტესტის დროს დაკავებული პირების ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავდნენ[12] და ბოლო წლებში განწესდნენ მოსამართლეებად.



1.2. წარდგინება/დანიშვნები უზენაეს სასამართლოში არსებულ ვაკანსიებზე



ლიეტუვას მიერ დასანქცირებულ პირებს შორის უზენაესი სასამართლოს ახლა უკვე ყოფილი მოსამართლე შალვა თადუმაძეც იყო. მის ვაკანტურ ადგილზე, 2024 წლის დეკემბერში იუსტიციის საბჭომ კონკურსი გამოაცხადა. მანამდე, უზენაეს სასამართლოში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე, საბჭომ 4 მოსამართლე წარადგინა.  2024 წლის 30 მაისს იუსტიციის საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად  საბჭოს ყოფილი წევრის - ბადრი შონიას, გოჩა ჯეირანაშვილის და გიზო უბილავას წარდგენას.[13] კანდიდატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 27 ივნისს დაუჭირეს მხარი.[14]


პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი.[15] უზენაეს სასამართლოში ნიკოლოზ მარსაგიშვილის მიერ დასაკავებელი პოზიცია 2025 წლის ივნისში ხდება ვაკანტური. საბჭომ კონკურსი ერთი წლით ადრე გამოაცხადა.[16] უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 8 თვით ადრე არჩევამ, საპარლამენტო არჩევნების  წინ, კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, სასამართლო კლანისა და მმართველი პარტიის თანამშრომლობა.


დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების არსებობა კონსტიტუციით დაცული უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ღირებულებაა. ევროპასთან ინტეგრაციის ერთ-ერთ წინაპირობას მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა წარმოადგენდა, თუმცა როგორც ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა იგი ამ ეტაპზე აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს,[17] იმის მიუხედავად, რომ ევროინტეგრაცია ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ურყევი ნებაა. სწორედ ამ ფაქტის გასაპროტესტებლად გამოსული მოქალაქეების ანგარიშსწორების ხელშემწყობად მოგვევლინა სასამართლო სისტემა. კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა სასამართლოს, როგორც ინსტიტუციის არარსებობა ქვეყანაში


2. ანგარიშვალდებულების არარსებობა საბჭოში


2024 წელს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო - სასამართლო სისტემის ადმინისტრირების მთავარი ორგანო სრულად დახურულ უწყებად იქცა.


საბჭოსთვის მინიჭებული ფართო უფლებამოსილებები და ძალაუფლების ის მასშტაბები, რომლებითაც ის სარგებლობს, აუცილებლად უნდა ბალანსდებოდეს ანგარიშვალდებულების მექანიზმებით.


კანონით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე. ეს ანგარიშვალდებულება საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშის წარდგენაში გამოიხატება. კონფერენციისთვის წარსადგენი ანგარიში მანამდე საბჭომ უნდა დაამტკიცოს 10 ხმით  და ასევე, ის უნდა გამოქვეყნდეს ვებ-გვერდზე.[18] ხაზგასასმელია, ის ფაქტი, რომ ანგარიშვალდებულების ეს მცირედი გამოხატულებაც კი, 2024 წელს საბჭოს არ შეუსრულებია. საბჭოს კონფერენციისთვის 2024 წლის წლიური ანგარიში საერთოდ არ წარუდგენია, შესაბამისად არც საიტზე გამოქვეყნებულა. წინა წლებშიც ანგარიშის წარდგენა ფორმალური პროცესი იყო. როდესაც კონფერენციაზე მდივანი 15 წუთის განმავლობაში საუბრობდა სასამართლო სისტემის პრობლემურ საკითხებზე, რეალური გამოწვევების იდენტიფიცირების გარეშე.[19] მოსამართლეთა კონფერენცია, როგორც სასამართლოს თვითმმართველობის ორგანო, რომელიც თავისთავად სასამართლოსა და საზოგადოების ურთიერთობაში ნდობის განმამტკიცებელი უნდა იყოს, რეალურად ვერ ასრულებს ამ ფუნქციას.[20] პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ის არ არის ადგილი სადაც მოსამართლეები ჯანსაღ დისკუსიას გამართავენ სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.[21]


საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი კი სწორედ საჯაროობაა. როდესაც სასამართლოს თვითმმართველობის პროცესიც კი მხოლოდ ფორმალურად ფუნქციონირებს, ეს კიდევ უფრო ამცირებს ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ.



ამ ფონზე განსაკუთრებით პრობლემატურია ის გარემოებაც, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო საზოგადოებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინაშე ანგარიშვალდებულების საჯაროობის კომპონენტს სისტემურად არღვევდა. საბჭო არ იღებს გადაწყვეტილებებს გამჭვირვალე პროცესის შედეგად და არ ახდენს საზოგადოების ინფორმირებულობას საკუთარ საქმიანობაზე.



სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხშირად არ უშვებენ საბჭოს შენობაში და სხდომებზე დასწრების უფლებას არ აძლევენ. საჯარო ინფორმაციებზე მოთხოვნები დაუკმაყოფილებელია; არ ქვეყნდება სხდომების ოქმები და მიღებული გადაწყვეტილებები; სხდომების თარიღებისა და დღის წესრიგების შესახებ ინფორმაცია ვებსაიტზე ხშირად მხოლოდ წინა საღამოს ვრცელდება მაშინ, როდესაც კანონით განსაზღვრული ვადა მინიმუმ სამი სამუშაო დღეა.



გარდა ამისა, უკვე თვეებია, საბჭო იდენტურ, ზედაპირულად ფორმულირებულ დღის წესრიგებს აქვეყნებს.[22] მათი ბუნდოვანება იძლევა საფუძველს ვიფიქროთ, რომ ეს მექანიზმი მეტად ფორმალურია და არ ემსახურება დასაბუთებულ, შინაარსობრივ განხილვას. დაინტერესებული პირისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია წინასწარ განსაზღვროს, სხდომაზე განსახილველი საკითხები, მისი შინაარსი.

 








კანონით გათვალისწინებულია გადაწყვეტილებათა ჩამონათვალი, რომლებიც ვებგვერდზე უნდა განთავსდეს.[23] რეგლამენტის შესაბამისად, ისინი ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა აიტვირთოს მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში, ხოლო კონსოლიდირებული ვერსიები - ცვლილებიდან არაუგვიანეს 14 დღის პერიოდში.[24] საბჭო არც ამ ვალდებულებას ასრულებს.



2 ივნისის შემდეგ საბჭოს ვებ-გვერდზე გადაწყვეტილებები არ განუახლებია. (იხ. სურათი 4)

 

 

საიამ საჯარო ინფორმაციის მისაღებად 2023 წლის 11 ივლისს მიმართა იუსტიციის უმაღლეს სკოლას, ხოლო 2023 წლის 9 აგვისტოს და 2024 წლის იანვარში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 8 წერილი გაუგზავნა. ამ უწყებებიდან ორგანიზაციას პასუხები არ მიუღია.


მოთხოვნილი ინფორმაციების უმეტესი ნაწილი იუსტიციის უმაღლეს სკოლას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვებგვერდებზე პროაქტიულად უნდა გამოექვეყნებინათ. ეს არის საჯარო ინფორმაციაზე წვდომის უფლების დარღვევა, რითაც, ფაქტობრივად, საზოგადოებას ერთმევა შესაძლებლობა, მიიღოს ინფორმაცია სასამართლოსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, ხელი ეშლება სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობას, ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე მოამზადოს და საზოგადოებას გააცნოს სისტემის გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.


საიამ 2023 წლის 14 დეკემბერს ამ უწყებების წინააღმდეგ, მოთხოვნილი მასალების გაუცემლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელები წარადგინა, თუმცა წელიწადნახევარი გავიდა და  პროცესი არ ჩანიშნულა.


საიამ ასევე მიმართა სახალხო დამცველს მისი მანდატის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის მიღებაში დასახმარებლად. სახალხო დამცველსაც დაუდასტურეს, რომ „არ იქნა გაცემული“ ინფორმაცია. რა სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე ეთქვა უარი წერილში არ არის განმარტებული.


საიამ სარჩელების შეტანის შემდგომაც მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, პასუხი კვლავ არ დაუბრუნებიათ.


კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობა და თვითნებობის  მასშტაბები ნათლად ადასტურებს, რომ სისტემაში უკანონობა გავლენიანი მოსამართლეების ნება-სურვილით და “ქართული ოცნების“ მხარდაჭერით არის წახალისებული.

 

ავტორი: ნინო ნოზაძე 

 

მასალა მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.



[1]  Georgia 2023 Report Accompanying the document Communication from the Commission to the European Parliament, the Council, the European Economic and Social Committee and the Committee of the Regions, Brussels, 8.11.2023 SWD(2023) 697 final, გვ. 20-21, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/jeuop3ix, განახლებულია 20.02.2025

[2] იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა, 2024 15 ივლისი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდი, ხელმისაწვდომია: http://hcoj.gov.ge/ka/%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%AD%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%982.html, განახლებულია: 20.02.2025.

[3] ზურაბ ძლიერიშვილი - უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე, ვიოლეტა ფორჩხიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და მაია ივანიძე - ყოფილი მოსამართლე.

[4] იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა, 2024 წლის 30 სექტემბერი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდი, ხელმისაწვდომია:http://hcoj.gov.ge/ka/%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%AD%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A41.html, განახლებულია:19.02.2025

[5] ინფორმაცია, 2024 წლის 18 ოქტომბერი, ხელმისაწვომია: http://hcoj.gov.ge/ka/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90160.html, განახლებულია:19.02.2025

[6] რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში არსებულ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირები კანდიდატად დარეგისტრირდნენ, 2024 წლის 15 ნოემბერი, ხელმისაწვდომია:http://hcoj.gov.ge/ka/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A3.html, განახლებულია:18.02.2025

[7] იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა, 2024 წლის 26 დეკემბერი, ხელმისაწვდომია:http://hcoj.gov.ge/ka/%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%AD%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A42.html, განახლებულია:20.02.2025

[8] ვერძეული ს. მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა საქართველოში (2013-2021 წლები), თბილისი, 2021 წელი, გვ. 4, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/btvyD, განახლებულია: 20.02.2025.

[9] კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს, 2024 წლის 12 დეკემბერი, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, ხელმისაწვდომია: http://www.coalition.ge/index.php?article_id=337&clang=0, განახლებულია: 20.02.2025

[10] Public Designations of Mikheil Chinchaladze, Levan Murusidze, Irakli Shengelia, and Valerian Tsertsvadze, Due to Involvement in Significant Corruption, Press Statement, U.S. Department of State, 5 April 2023, available at: https://www.state.gov/public-designations-of-mikheil-chinchaladze-levan-murusidze-irakli-shengelia-and-valerian-tsertsvadze-due-to-involvement-in-significant-corruption/, accessed: 2.10.24.

[11] ვინ მოხვდა ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ სანქცირებულთა სიაში?, Forbes Georgia, 2024 წლის 16 დეკემბერი, ხელმისაწვდომია: https://forbes.ge/vin-mokhvda-estonethisaietuvis-mier-sanqtsirebultha-siashi/, განახლებულია: 20.02.2025.

[12] იქვე.

[13] საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 21 მაისის N1/23 განკარგულება, რომლითაც კანდიდატები კენჭისყრის საბოლოო ეტაპზე გადავიდნენ. ხელმისაწვდომია: http://hcoj.gov.ge/data/%E1%83%A3%E1%83%96%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98.pd, განახლებულია:20.02.2025

[14] საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 27 ივნისის განცხადება, ხელმისაწვდომია: https://parliament.ge/media/news/parlamentma-uzenaesi-sasamartlos-sami-tsevri-airchia, განახლებულია:20.02.2025

[15] ქართულმა ოცნებამ“ დაასრულა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებით დაკომპლექტება, 2024 წლის 17 სექტემბერი, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/33123165.html, განახლებულია: 28.04.25

[16] კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას ეხმიანება, კოალიცის დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, 2024 წლის 17 სექტემბერი, ხელმისაწვდომია: http://www.coalition.ge/index.php?article_id=331&clang=0, განახლებულია: 27.04.25

[17] ქართულ ოცნებას“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა არ სურს, 2024 წლის 28 ნოემბერი,  რადიო თავისუფლება, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/33219304.html, განახლებულია: 27.04.25

[18] საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის 11 პუნქტი.

[19] კონფერენციის მონიტორინგი

[20] საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

[21] მართლმსაჯულების რეფორმების 10 წელი: გამოწვევები და პერსპექტივები, თბილისი, 2023 წელი, გვ -11.

[22] იხ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის  24 სექტემბრის, 15 აგვისტოს და 20225 წლის 17 თებერვლის სხდომის დღის წესრიგები.

[23] საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტი.

[24] საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-18 მუხლი.