არჩევნებზე დაკვირვება ავტორიტარიზმის გზაზე: გამოწვევები და მანიპულაციები
20 მაისი, 2025შესავალი
„დემოკრატია არის სისტემა,
რომელშიც პარტიები არჩევნებს აგებენ“1
თანამედროვე მსოფლიოში სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი განაპირობებს არა მხოლოდ ხელისუფლების შიდა პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, არამედ მის საერთაშორისო აღიარებას, გეოპოლიტიკურ პარტნიორებთან თანამშრომლობასა და ნდობის გამყარებას. თუმცა პრაქტიკაში ჰიბრიდული რეჟიმები,2 რომლებიც ფორმალურად ეთანხმებიან საერთაშორისო სტანდარტებს, რეალურად ცდილობენ პროცესები ისე წარმართონ, რომ არჩევნები მხოლოდ დემოკრატიის იმიტაციად დარჩეს. ამ ბლოგში განვიხილავთ, რა როლს ასრულებენ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები თანამედროვე პოლიტიკურ კონტექსტში და რა გამოწვევებს აწყდებიან ისინი საარჩევნო პროცესების რეალური მონიტორინგის დროს.
ძირითადი ნაწილი
არჩევნების მონიტორინგი, მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში თითქმის უნივერსალურ ნორმად იქცა, ხოლო ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების უარყოფა განიხილება როგორც მნიშვნელოვანი ინდიკატორი იმისა, რომ შესაბამისი სახელმწიფო არ არის ორიენტირებული საერთაშორისო ასპარეზზე დემოკრატიული ლეგიტიმაციის მოპოვებაზე და, შესაბამისად, უარს ამბობს იმ პოტენციურ სარგებელზე, რაც აღნიშნული საერთაშორისო აღიარებიდან შეიძლება გამომდინარეობდეს. ამდენად, ავტორიტარ ლიდერებს უჩნდებათ მოტივაცია: ჩაატარონ ფორმალური არჩევნები, მოიწვიონ საერთაშორისო დამკვირვებლები, თუმცა მართონ პროცესი ისე, რომ გარანტირებული იყოს მათთვის სასურველი შედეგი.3 პრაქტიკაში, ეს მიდგომა გამოიხატება სტრატეგიული მანიპულაციებით, როდესაც გამიზნულად ხორციელდება ისეთი ქმედებები, რომელთა აღმოჩენაც დამკვირვებლებისთვის განსაკუთრებით პრობლემურია.4 ამგვარი მანიპულაცია შეიძლება იყოს: საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება მმართველი პარტიის მხარდამჭერებით; კამპანიისთვის სახელმწიფო რესურსების ფარული გამოყენება; ანონიმური მუქარა ან ძალადობა ოპოზიციური კანდიდატებისა და მომრჩევლების მიმართ; ოპოზიციის კანდიდატების დისკრედიტაცია, მაგალითად, მათი ცრუ დადანაშაულება დანაშაულში; ამომრჩეველთა სიის გაყალბება; დამკვირვებლების მიკერძოებაში დადანაშაულება ან მათი საქმიანობის შეზღუდვა და სხვა.5 ყოველივე ეს ქმნის დემოკრატიის იმიტაციის სურათს — სადაც არჩევნები ტარდება, დამკვირვებლები მოდიან, მაგრამ პროცესი იმგვარადაა კონტროლირებული, რომ ძალაუფლების რეალური გადანაწილების შანსი არ ასახავს ელექტორატის რეალურ განწყობებს.
კენტუკის უნივერსიტეტის პროფესორის, ემილი ბოლიესა, და იელის უნივერსიტეტის პროფესორის, სიუზან ჰაიდის 2009 წლის კვლევამ აჩვენა, რომ სტრატეგიული მანიპულაციის ერთ-ერთი ეფექტი არის ოპოზიციის ბოიკოტისკენ წახალისება.6 ეს შეიძლება მოხდეს ისეთ შემთხვევებში, როდესაც ავტორიტარული რეჟიმი ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ბლოკავს და მხოლოდ საერთაშორისო მისიებს აძლევს დაკვირვების შესაძლებლობას. ასეთ დროს იქმნება გარემო, სადაც ოპოზიციური პარტიები შიშობენ, რომ დაკვირვების ლიმიტების გამო საერთაშორისო დამკვირვებლები, მიუხედავად მათი კეთილსინდისიერებისა, ვერ შეძლებენ ეფექტიანად დააიდენტიფიცირონ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული დარღვევები და მანიპულაციები.7 შედეგად, ამ პარტიებისთვის პოლიტიკურად არახელსაყრელია არჩევნებში მონაწილეობა, რადგან მათი მონაწილეობით არაკეთილსინდისიერი პროცესის ფორმალური ლეგიტიმაცია შეიძლება საერთაშორისო დონეზე მოხდეს.8
დამოუკიდებელი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა პოსტ-საბჭოთა ავტორიტარული რეჟიმებისთვის აპრობირებული პრაქტიკაა. მაგალითად, რუსეთში 2021 წელს „უცხოეთის აგენტად“ დაარეგისტრირეს სააგენტო „გოლოსი“, რომელიც არჩევნების დამოუკიდებელ მონიტორინგს აწარმოებდა.9 2025 წლის 14 მაისს მოსკოვის სასამართლომ „გოლოსის“ თანახელმძღვანელს, გრიგორი მელკონიანცს, ხუთწლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, „არასასურველი“ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის მიღების ბრალდებით.10 ბრალდებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მელკონიანცის თანამშრომლობას არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპულ ქსელთან (ENEMO).11 აზერბაიჯანში „არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიის კვლევის ცენტრს“ (EMDS) მუდმივად უარს ეუბნებიან რეგისტრაციაზე, ხოლო მისი ხელმძღვანელი, ანარ მამადლი, არაერთხელ დააკავეს.12 2023 წელს, ბელარუსის ხელისუფლებამ ჩაატარა მასობრივი რეიდები არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ. ორგანიზაციებს „ექსტრემისტულ ფორმირების“ სტატუსი მიენიჭათ და ლიკვიდირებულად გამოცხადდნენ. მათ შორის რეპრესიები შეეხო „Viasna Human Rights Center-ს“ და სხვა ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც წლების განმავლობაში ახორციელებდნენ არჩევნების მონიტორინგს.13
საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო წლებში სისტემატური ნაბიჯები გადადგა დამოუკიდებელი სადამკვირვებლო, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესაზღუდად. 2024 წელს მიღებულმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული სტილის კანონმა, სავალდებულო გახადა ორგანიზაციების მასტიგმატიზირებელ რეესტრში რეგისტრაცია.14 მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა 2025 წელს მიღებულმა კანონმა, ამერიკული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ტექსტობრივმა ანალოგმა,15 რომელიც სისხლის სამართლის სანქციებს ითვალისწინებს და ინსტიტუციების მიტაცების პირობებში სახიფათო ინსტრუმენტს წარმოადგენს დამოუკიდებელი ორგანიზაციების წინააღმდეგ. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ აკრძალა მთავრობის წინასწარი თანხმობის გარეშე უცხოური გრანტების მიღება.16
არსებითია, რომ დაკვირვების შესაძლებლობის შემთხვევაშიც დამკვირვებელს სჭირდება მკაფიო და მყარი გარანტიები იმისათვის, რომ მის მიერ განხორციელებული საქმიანობა არ იქცეს მხოლოდ ფორმალურად დამსწრე ფუნქციად.
ავტორიტარული ტენდენციების მქონე ხელისუფლებები, ახერხებენ საარჩევნო გარემოს მანიპულირებას არა მხოლოდ ღია რეპრესიებით, არამედ დახვეწილი სამართლებრივი ინსტრუმენტებით. ისინი ხშირად ცვლიან საარჩევნო კოდექსს რეალური კონსულტაციების გარეშე, არ ითვალისწინებენ დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მოსაზრებებს და იღებენ რეგულაციებს, რომლებიც ფაქტობრივად ზღუდავს მონიტორინგის ეფექტურობას.17
ავტორიტარული რეჟიმები ასევე აქტიურად იყენებენ ე.წ. ზომბი დამკვირვებლებს (government-friendly or „zombie“ observers) — ორგანიზაციებს, რომლებიც მხოლოდ ფორმალურად ასრულებენ სადამკვირვებლო ფუნქციას, მაგრამ რეალურად მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურებიან.18
ტენდენცია თვალსაჩინოა საქართველოს მაგალითზეც. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს — საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ცესკოში 101 სადამკვირვებლო ორგანიზაცია დარეგისტრირდა. მათგან ზოგიერთი, საიას ინფორმაციით, სავარაუდოდ, აფილირებულია „ქართულ ოცნებასთან“.19 ასეთი ორგანიზაციების მიზანი არ არის დარღვევების აღმოჩენა და პროცესის გაჯანსაღება, არამედ საარჩევნო უბანზე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მომხრეთა რაოდენობის გაზრდა, რაც ამ პარტიას არამართლზომიერ უპირატესობას ანიჭებს სხვებთან შედარებით. საიას ინფორმაციით, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამომრჩევლის ნების კონტროლსა და საარჩევნო უბნებზე ე.წ. „ძველი ბიჭების“ მობილიზებაში.
ასევე, ხელისუფლებები ცდილობენ არჩევნების შესახებ დადებითი შეფასებები მიიღონ მოწვეული, რეჟიმისადმი მეგობრულად განწყობილი უცხოელი დამკვირვებლებისგან. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიამ დაასკვნა, რომ 2019 წლის ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნები „ხასიათდებოდა ფუნდამენტური თავისუფლებების უხეში დარღვევებითა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ ზეწოლით“, ყაზახურ მედიაში ციტირებული იყო უნგრელი დამკვირვებლის სიტყვები, რომლის მიხედვითაც არჩევნებზე „არანაირი პრობლემა არ დაფიქსირებულა“.20
ასევე, შეიძლება მოვიხმოთ 2020 წლის აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებიც.21 ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ მის 42-გვერდიან საბოლოო ანგარიშში მკაფიოდ აღნიშნა, რომ „მიუხედავად კანდიდატების დიდი რაოდენობისა, შეზღუდულმა კანონმდებლობამ და პოლიტიკურმა გარემომ ხელი შეუშალა რეალურ კონკურენციას“.22 საპირისპიროდ, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) 10-გვერდიან საბოლოო ანგარიშში არჩევნები შეფასდა როგორც „...კონკურენტული, ღია, თავისუფალი და დემოკრატიულ საარჩევნო პრინციპებთან შესაბამისი“.23 სხვა დამკვირვებელთა ჯგუფმა - დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციამ (GUAM), კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის სანდოობა.24 მან არა მხოლოდ ეუთოს დასკვნები უარყო არჩევნების დადებითად შეფასებით, არამედ განაცხადა, რომ არჩევნები „…ორგანიზებული და ჩატარებული იყო საერთაშორისო ვალდებულებებისა და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის, ეუთოსა და ევროპის საბჭოს ვალდებულებებისა და სტანდარტების შესაბამისად“.25
დასკვნა
ავტორიტარული ტენდენციების მქონე რეჟიმები პოსტ-საბჭოთა სივრცეში, მათ შორის საქართველოში, იყენებენ სტრატეგიული მანიპულაციის არაერთ ფორმას, იმ მასშტაბითა და ინტენსივობით, რაც მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად იქნება საკმარისი, ხოლო ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია, როგორც წესი, რეპრესიული კანონმდებლობის შემუშავებით, დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შევიწროვებითა და აკრძალვით სრულდება. მსგავსი პროცესი ოპოზიციურ პარტიებს, ისევე როგორც ამომრჩეველს, სკეპტიკურად განაწყობს საარჩევნო პროცესის მიმართ, რაც საერთო ჯამში ქმნის ჩაკეტილ წრეს, ერთგვარ ჩიხურ ვითარებას, საიდანაც გამოსვლა სულ უფრო რთულდება.
ავტორი: ნიკოლოზ ოდიკაძე
1 Adam Przeworski, Democracy and the Market: Political and Economic Reforms in Eastern Europe and Latin America (New York: Cambridge University Press, 1991), 10.
2 ტერმინი გამოიყენება პოლიტიკური რეჟიმების აღსანიშნავად, რომლებიც აერთიანებენ ავტორიტარული და დემოკრატიული მმართველობის ელემენტებს. აკადემიური ლიტერატურაში ის აღწერს ისეთ სახელმწიფოებს, რომლებშიც ფორმალურად მოქმედებს დემოკრატიული ინსტიტუტები (არჩევნები, პარლამენტი, სასამართლო), მაგრამ ფაქტობრივად ეს ინსტიტუტები მეტწილად კონტროლდება მმართველი ძალის მიერ და არ ასრულებს თავისი დემოკრატიული დანიშნულებით.
3 Beaulieu, E., & Hyde, S. D. (2009). In the shadow of democracy promotion: Strategic manipulation, international observers, and election boycotts. Comparative Political Studies, 42(3), 392–415.
4 იქვე.
5 იქვე.
6 Beaulieu, Emily, and Susan D. Hyde. In the Shadow of Democracy Promotion: Strategic Manipulation, International Observers, and Election Boycotts. Comparative Political Studies 42, no. 3 (2009): 392–415.
7 იქვე.
8 იქვე.
9 Max Bader, “Disinformation in Elections,” Security and Human Rights (forthcoming), Leiden University.
10 “The Moscow Times, Election Monitor Grigory Melkonyants Sentenced to 5 Years for 'Undesirable' Affiliation”, 14 მაისი, 2025, ხელმისაწვდომია: https://www.themoscowtimes.com/2025/05/14/election-monitor-grigory-melkonyants-sentenced-to-5-years-for-undesirable-affiliation-a89076.
11 იქვე.
12 Max Bader, “Disinformation in Elections,” Security and Human Rights (forthcoming), Leiden University.
13 Belarus: Viasna Human Rights Center was declared as an “extremist formation”, OMCT, 2023, August 28, available at: https://www.omct.org/en/resources/urgent-interventions/belarus-viasna-human-rights-center-was-declared-as-an-extremist-formation.
14 საქართველოს კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6171895?publication=0.
15 საქართველოს კანონი „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6461578?publication=0.
16 „ქართულმა ოცნებამ“ აკრძალა გრანტების გაცემა/მიღება მთავრობის ნებართვის გარეშე“, საინფორმაციო პორტალი „რადიო თავისუფლება“, 2025 წლის 16 აპრილი, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/33387188.html, განახლებულია: 15.05.2025.
17 იხილეთ, საქართველოს 2024 წლის პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღის და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიში (თბილისი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2025).
18 VENICE COMMISSION, REPORT ON ELECTION OBSERVERS AS HUMAN RIGHTS DEFENDERS, Approved by the Council for Democratic Elections at its 81st meeting (Venice, 5 December 2024), para 62.
19 2024 წლის საქათველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღის, არჩევნების შემდგომი პერიოდისა მონიტორინგის ანგარიში, გვ. 133 (თბილისი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2025).
20 Max Bader, “Disinformation in Elections,” Security and Human Rights (forthcoming), Leiden University
21 Bush, S.S., Cottiero, C. & Prather, L. Zombies ahead: Explaining the rise of low-quality election monitoring. Rev Int Organ (2024). https://doi.org/10.1007/s11558-024-09554-3.
22 იქვე.
23 იქვე.
24 იქვე.
25 იქვე.
გააზიარე: