„გონგო“ ორგანიზაციები - „ტრანსმისიის სარტყელი“ სახელმწიფოს, პარტიასა და მოქალაქეებს შორის
27 მაისი, 2025სამთავრობო სამოქალაქო ორგანიზაციების წარმოშობა
სამთავრობო-არასამთავრობო ორგანიზაციის („გონგო“)1 კონცეფცია ერთდროულად დამაბნეველი და ოქსიმორონია: როგორ შეიძლება ორგანიზაცია იყოს სამთავრობო და ამასთანავე - არასამთავრობო? სხვაგვარად რომ ვთქვათ, ორგანიზაცია იყოს მთავრობის მიერ შექნილი და/ან ემსახურებოდეს მმართველი პარტიის ინტერესებს და ამავდროულად, მისი საქმიანობა უკავშირდებოდეს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ქვეყანაში უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა და დარღვევების გამოვლენა, კორუფციის კვლევა, მართლმსაჯულების ხარვეზების შესწავლა და სხვა - მოკლედ, აკეთოს საქმე, რომელიც გამოავლენს მმართველი პარტიის ხარვეზებს და იმუშავებს ამ საკითხების ადვოკატობაზე. ორგანიზაციული ფორმის პარადოქსულობამ გამოიწვია ის, რომ როგორც მეცნიერები, ისე პრაქტიკოსები ხშირად ვერ თანხმდებიან, რა არის სინამდვილეში „გონგო“ ორგანიზაცია და როგორ უნდა განვიხილოთ ისინი სამოქალაქო საზოგადოების კონტექსტში.2
ტრადიციული სამოქალაქო/არასამთავრობო ორგანიზაციების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი - „არასამთავრობოობა“ - ეფუძნება დაშვებას, რომ ისინი არ არიან მკვეთრად დამოკიდებული მთავრობების ფინანსურ მხარდაჭერაზე.3
ამასთანავე, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 60-იან წლებში ამერიკულ რეალობაში გამოიკვეთა ერთი საინტერესო ფენომენი - ე.წ. „კვაზი არასამთავრობო ორგანიზაციები“.4 ეს ორგანიზაციები გარეგნულად ჰგავდნენ ტრადიციულ სამოქალაქო გაერთიანებებს, თუმცა მათ დაფინანსების ძირითადი წყარო იყო სახელმწიფო და ისინი სახელმწიფოს დაკვეთით იყვნენ შექმნილი, თუმცა არა პროსახელისუფლებო საქმიანობის განზრახვით. პირიქით, ასეთი ორგანიზაციები იდეალისტურ მიზნებს ემსახურებოდნენ, წარმოიშვნენ რა საზოგადოებაში არსებული ახალი, რთული პრობლემების საპასუხოდ და მათი საქმიანობა მიმართული იყო სახელმწიფოსთვის სპეციალიზებული სერვისების მიწოდებისკენ. ამასთანავე, ასეთი ორგანიზაციები იმთავითვე არ განიხილებოდნენ „ნამდვილ“ სამოქალაქო გაერთიანებად, რადგან ისინი მაინც დამოკიდებული რჩებოდნენ სახელმწიფოზე და ანგარიშვალდებულნი იყვნენ მის წინაშე.5
უფრო თანამედროვე დოქტრინები „გონგო“ ორგანიზაციების განსაზღვრების ჩამოსაყალიბებლად იშველიებენ ავტორიტარული რეჟიმების კვლევებს, სადაც ამ ორგანიზაციებმა ვრცლად მოიკიდეს ფეხი სახელმწიფოს მიზანმიმართული სტრატეგიის ფარგლებში, როგორც კორპორატისტულმა მექანიზმებმა, საბაზისო სამოქალაქო სივრცის იმიტაციის შესაქმნელად.6
საბოლოოდ, როდესაც ვცდილობთ „გონგო“ ორგანიზაციების განსაზღვრას, ყურადღება უნდა გავამახვილოთ მის სახელწოდებაში არსებულ „სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ“ („GO“-„NGO“) ასპექტზე. „გონგო“ ორგანიზაციის განსაზღვრა შესაძლებელია ორი კრიტერიუმით: როგორ შეიქმნა (სახელმწიფოს ინიციატივით) და ვინ მართავს მას (სახელმწიფოს შერჩეული/სახელმწიფოსადმი ლიოალური პირები).7
ფუნქციური განზომილების თვალსაზრისით, „გონგო“ ორგანიზაციებად კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია იმის შეფასებაც, თუ რას საქმოანობენ ეს ორგანიზაციები.8 ისინი ხშირად „სრულად ავტონომიურ“ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შედარებით უპირატესად მიიჩნევიან, რადგან მარტივად იკიდებენ ფეხს ავტორიტარულ სახელმწიფო სტრუქტურაში, ფაქტობრივად არ წარმოადგენენ საფრთხეს მმართველი ძალისთვის, ნაკლებად აზიანებენ მთავრობის რეპუტაციას და მეტად უჭერენ მხარს კონკრეტულ იდეოლოგიას.9
გარდა ამისა, „მარიონეტული“ ორგანიზაციების შექმნა შეიძლება ხელისუფლების ლეგიტიმაციის გასაძლიერებლადაც იყოს გამოყენებული. მაგალითისთვის, ჩინეთის კონტექსტში „გონგო“ ორგანიზაციების გამოყენებით სახელმწიფომ ეფექტიანად შეძლო რესურსებისა და მოქალაქეების მობილიზება ეროვნული ერთიანობის გაღვივების მიზნით10 და 1978 წლის შემდგომ რეფორმირებულ ჩინეთში პარტიასა და სახელმწიფოს შორის მზარდმა ხიდჩატეხილობამ გააჩინა საჭიროება, რომ პარტიას განევითარებინა საკუთარი ორგანიზაციები სამოქალაქო სივრცეში პოზიციის შესანარჩუნებლად.11
საინტერესო მაგალითია რუსეთი, სადაც ავტორიტარული ტენდენციების ზრდის კვალდაკვალ ფართოვდება მთავრობის მიერ ორგანიზებული პროსახელისუფლებო გაერთიანებათა („გონგო“ ორგანიზაციების) ქსელი, პარალელურად კი იზღუდება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უცხოური დაფინანსების მიღების შესაძლებლობა.12 2004 წლიდან რუსეთის სახელმწიფოს მიერ ჩამოყალიბდა და დამტკიცდა არასამთავრობო ორგანიზაციების სია, რომლებსაც მიეცათ შესაძლებლობა, შიდა რუსული საგრანტო დამფინანსებლებიდან მიიღონ ფინანსური მხარდაჭერა, ხოლო 2017 წლიდან შექიმნა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის საპრეზიდენტო გრანტების ფონდი, რომელიც ყოველწლიურად გასცემს დაფინანსებას სამოქალაქო საზოგადოებების ორგანიზაციებისთვის.13 ამასთანავე, 2022 წელს საპრეზიდენტო გრანტების პროგრამა მიზანმიმართულად კონცენტრირებული იყო სამხედრო ინიციატივების მხარდაჭერაზე უკრაინის აღმოსავლეთში, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების დახმარებაზე, სოციალურ დაცვასა და პატრიოტული აღზრდის პროექტებზე. ამ დროიდან რუსეთში კიდევ უფრო გამკაცრდა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უცხოური დაფინანსების მიღება.14
ქართული კონტექსტი
„ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო წლები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ სიძულვილის გაღვივებას, რეპრესიული კანონმდებლობით, ერთი მხრივ, მათი საქმიანობის ხელშეშლასა და კონტროლს და, მეორე მხრივ, მათ სტიგმატიზებას თუ ეტიკეტირებას ემსახურება.
2023 წლის მარტში მმართველმა პარტიამ ინიცირებული რუსული სტილის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მეორე მოსმენით „ჩააგდო“15 მძლავრი საპროტესტო აქციების ფონზე.16 მომდევნო წელს „ქართულმა ოცნებამ“ სისრულეში მოიყვანა სამოქალაქო სექტორის დევნის განზრახვა რეინკარნირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით, რომელიც 2024 წლის 1 აგვისტოდან სრულად ამოქმედდა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს 2 სექტემბრამდე ნებაყოფლობით რეგისტრაციის ვალდებულება განესაზღვრათ.17 2025 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო „უცხოეთის აგენტის რეგისტრაციის აქტი“ (მათი თქმით, ამერიკული FARA-ს იდენტური ვერსია)18 და ასევე, აკრძალა მთავრობის ნებართვის გარეშე გრანტის გაცემა/მიღება.19
რუსული კანონის ამოქმედების პარალელურად მმართველმა პარტიამ დაიწყო საუბარი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრირებული ორგანიზაციების ფინანსური დახმარების მიზნით საგრანტო ფონდის შექმნაზე - „საზოგადოების წინაშე გამოვლენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თითოეულ ამ ორგანიზაციას მადლობა მინდა გადავუხადო [იგულისხმება: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში საკუთარი ინიციატივით რეგისტრაცია]. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება“.20
დასკვნა
მზარდი ავტორიტარული ტენდენციების პარალელურად, „გონგო“ ორგანიზაციების ფენომენი საქართველოში აქტუალურია მმართველი პარტიის მიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის დამოუკიდებლობისა და ავტონომიის შეზღუდვის გათვალისწინებით.
„გონგო“ ორგანიზაციები მმართველი პარტიის ხელში პლურალისტური საარჩევნო გარემოს იმიტაციის შექმნის ინსტრუმენტია,21 თუმცა ახალ რეალობაში იგი, ავტორიტარული რეჟიმების პატერნების გათვალისწინებით, იქცა ხელისუფლების მიერ სამოქალაქო სივრცის კონტროლის, მათ საქმიანობაში ჩარევისა და პოლიტიკური გავლენის განხორციელების ინსტრუმენტად, რაც გამოჩნდა არა მხოლოდ მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული და მიღებული რეგულაციების სახით, არამედ აგრეთვე ხელისუფლების მიერ სამოქალაქო სექტორის სახელმწიფო საგრანტო პროგრამებით წახალისების გზით „დამორჩილების“ სურვილში.
ეს მდგომარეობა მნიშვნელოვნად არღვევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ბუნებრივი ფუნქციონირების პირობებს, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ართმევს სივრცეს რეალურ სამოქალაქო ინიციატივებს და ხელს უწყობს „გონგო“ ორგანიზაციებად ჩამოყალიბებული სუბიექტების ილუზორული აქტიურობის წარმოქმნას, რომლებიც უფრო ხშირად მოქმედებენ მმართველი პარტიის ინტერესების სასარგებლოდ. ეს საბოლოოდ ხელს უწყობს ავტორიტარული მმართველობის კონსოლიდაციას.
ავტორი: გიორგი აბულაძე
1 Government-organized non-governmental organization, მთავრობის მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია.
2 Hasmath, R., Hildebrandt, T., YJ Hsu, J., Conceptualizing Government-Organized Non-Governmental Organizations, Journal of Civil Society, VOL. 15, NO. 3, 2019, 267.
3 Rosenau, J. N., Powerful tendencies, enduring tensions and glaring contradictions: The United Nations in a turbulent world. შემდეგი მითითებით: Paolini, A., Jarvis, A., Reus-Smit, C. (Eds.), Between sovereignty and global governance: The United Nations, the state, and civil society, NY: St. Martin’ s, 252–273.
4 Pifer, A., The Quasi Nongovernmental Organization, Annual report for 1967. ხელმისაწვდომია: https://eric.ed.gov/?id=ED018846 . განახლებულია: 13.05.2025.
5 იქვე.
6 Tam, J., Hasmath, R., Navigating uncertainty: The survival strategies of religious NGOs in China. Journal of Civil Society, 11(3), 2016, 283–299.
7 Hasmath, R., Hildebrandt, T., YJ Hsu, J., Conceptualizing Government-Organized Non-Governmental Organizations, Journal of Civil Society, VOL. 15, NO. 3, 2019, 267.
8 იქვე.
9 იქვე. შემდეგი მითითებით: Mulligan, M., On the trail of Malaysia’s weirdest animal: The GONGO. The Round Table, 96, 2007, 429–434. ასევე: Hasmath, R., Pomeroy, C., Convergence and divergence in China’s foreign policy: The role of think tanks. American political science association annual conference, San Francisco, CA, 2017.
10 Chen Weiss, J., Authoritarian signaling, mass audiences, and nationalist protest in China. International Organization, 67, 2013.
11 Thornton, P. M., The advance of the party: Transformation or takeover of urban grassroots society? The China Quarterly, 213, 2013, 1–18.
12 Gretskiy I., Is There Life in the Desert? Russian Civil Society After the Full-Scale Invasion of Ukraine. International Centre for Defence and Security, 2023, 7-10. ხელმისაწვდომია: https://icds.ee/en/is-there-life-in- the-desert-russian-civil-society-after-the-full-scale-invasion-of-ukraine/ . განახლებულია: 14.05.2025.
13 ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის საპრეზიდენტო გრანტების კონკურსის შედეგების შესახებ. ხელმისაწვდომია: http://www.en.kremlin.ru/catalog/keywords/87/events/copy/65829 . განახლებულია: 16.05.2025.
14 Kondratenko, o., Combating Foreign Funding As A Mechanism For Ensuring The Controllability Of Non-Governmental Organizations In Russia, National Technical University of Ukraine Journal, No. 3(63), 2024, 53. შემდეგი მითითებით: Russian Journalists, Political Scientist Declared Foreign Agents, The Moscow Times. 15th April 2022.
15 “პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო”, ონლაინ გამოცემა “ინტერპრესნიუსი”, 2023 წლის 10 მარტი. ხელმისაწვდომია: https://www.interpressnews.ge/ka/article/748166-parlamentma-ucxouri-gavlenis-gamchvirvalobis-shesaxeb-kanonproekti-meore-mosmenit-chaagdo/ . განახლებულია: 14.05.2025.
16 „საიას ანგარიში: 7-9 მარტის სამოქალაქო პროტესტის შეფასება – კანონიერება, პროპორციულობა და ადამიანის უფლებათა დარღვევები“, ონლაინ გამოცემა „Civil.ge“, 2023 წლის 31 ოქტომბერი. ხელმისაწვდომია: https://civil.ge/ka/archives/566559 . განახლებულია: 14.05.2025.
17 “დღეიდან რუსული კანონი ამოქმედდა”, ტელეკომპანია “ფორმულა”, 2024 წლის 01 აგვისტო. ხელმისაწვდომია: https://formulanews.ge/News/114970 . განახლებულია: 14.05.2025.
18 „პარლამენტში ე.წ. FARA-ს კანონპროექტი საბოლოო მოსმენით დამტკიცდა“, ტელეკომპანია „ფორმულა“, 2025 წლის 01 აპრილი. ხელმისაწვდომია: https://formulanews.ge/News/124786 . განახლებულია: 14.05.2025.
19 “„ქართულმა ოცნებამ“ აკრძალა გრანტების გაცემა/მიღება მთავრობის ნებართვის გარეშე”, ონლაინ გამოცემა “რადიო თავისუფლება”, 2025 წლის 16 აპრილი. ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/33387188.html . განახლებულია: 14.05.2025.
20 “კობახიძე: ვაფუძნებთ საგრანტო პროგრამას არასამთავრობოებისთვის, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსდება”, ინტერნეტგამოცემა “ნეთგაზეთი”, 2024 წლის 09 სექტემბერი. ხელმისაწვდომია: https://netgazeti.ge/life/741138/ . განახლებულია: 15.05.2025.
21 საია, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების სადამკვირვებლო მისია (წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიში, 1-ლი აპრილი - 16 ნოემბერი), 2025, 133.
გააზიარე: