GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია
coalition img

პარტიათა სახელმწიფო დაფინანსების მოდელები და საქართველო - ნაწილი მე-2

28 მაისი, 2025

პოლიტიკური პარტიის სახელმწიფო დაფინანსება დემოკრატიული წესრიგის მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკურ პარტიათა თანასწორობას და მათთვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ისინი შეძლებენ ერთმანეთთან ჯანსაღ კონკურენციას, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასა და არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლას. თუმცა პარტიათა სახელმწიფო დაფინანსების საერთაშორისო პრაქტიკა საკმაოდ მრავალფეროვანია. დაფინანსების სისტემის არსებობა, მისი წესი და კრიტერიუმები სახელმწიფოს დისკრეციას წარმოადგენს. ამ მრავალფეროვნების მიუხედავად, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავდა გარკვეული სტანდარტები, რომლებსაც უნდა პასუხობდნენ დემოკრატიული სახელმწიფოს სისტემები. ქვემოთ წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო სტანდარტები და ამ სტანდარტებისა და ცალკეული სახელმწიფოს პრაქტიკის საფუძველზე ჩამოყალიბებული დაფინანსების კრიტერიუმები და წესი.


1. საერთაშორისო სტანდარტები



პოლიტიკურ პარტიათა სახელმწიფო დაფინანსების შესახებ საერთაშორისო სტანდარტები ადგენს იმ ძირითად მოთხოვნათა კატალოგს, რომელიც დემოკრატიულ წესწყობილებაში სახელმწიფომ უნდა დიაცვას. პირველ რიგში, ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი რეკომენდაცია შეადგინა ევროპულმა კომისიამ სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად („ვენეციის კომისია“).


ვენეციის კომისიის 2001 წლის რეკომენდაციით,1 პოლიტიკური პარტიები შესაძლოა ფინანსდებოდეს როგორც საჯარო ისე კერძო წყაროებით. საჯარო დაფინანსების ნაწილში, იგი უნდა მიიღოს წარმომადგენლობით ორგანოში (პარლამენტში) წარმოდგენილმა ყველა პარტიამ. ხოლო თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს შეუძლია ფინანსები გაავრცელოს ასევე იმ პარტიებზე, რომელიც წარმოადგენენ ელექტორატის გარკვეულ ნაწილს.2 გარდა ამისა, ვენეციის კომისია ითვალისწინებს სხვა სახის შეღავათებსაც, მათ შორის, საფინანსო დაბეგვრისგან გათავისუფლება, რაც შესაძლებელია მხოლოდ ისეთ ოპერაციებზე, რომლებიც უშუალოდ პარტიულ საქმიანობას უკავშირდება.3 ამასთანავე, პარტიული ფინანსები უნდა გაკონტროლდეს სახელმწიფო დაფინანსების ნაწილშიც. დოკუმენტი ხაზს უსვამს ასევე ფინანსების მიღების პერიოდულობას, კერძოდ სახელმწიფომ უნდა აირჩიოს, თუ რა პერიოდულობით დააფინანსებს იგი პარტიებს, წინასაარჩევნოდ თუ გარკვეული რეგულარულობით.4


საჯარო დაფინანსებას კიდევ უფრო ყოვლისმომცველად განმარტავს ვენეციის კომისიის 2010 წლის რეკომენდაცია.5 საჯარო სუბსიდიების მიზნებთან ერთად, რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, საჯარო ფინანსები არ უნდა წარმოადგენდეს პოლიტიკური პარტიის შემოსავლების ერთადერთ წყაროს. საჯარო დაფინანსებამ არ უნდა გამოიწვიოს ერთი მხრივ, პარტიის გადამეტებული დამოკიდებულება სახელმწიფოზე, ხოლო, მეორე მხრივ, კერძო შემოწირულობების მნიშვნელობის დაკარგვა.6 რეკომენდაცია ხაზს უსვამს სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის არსებობის აუცილებლობას. საჯარო დაფინანსების მექანიზმი უნდა ემსახურებოდეს პარტიებს შორის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას, თუმცა იგი ასევე უშვებს გარკვეული გამონაკლისების დაშვებას შეღავათების სახით იმ მიზნით, რომ წაახალისოს ქალებისა თუ სხვადასხვა უმცირესობის ჩართვა პარტიის პოლიტიკურ ცხოვრებაში.7 გარდა ამისა, პირდაპირ ფინანსურ დახმარებასთან ერთად რეკომენდაცია ითვალისწინებს დაფინანსების ირიბ ფორმებსაც, რომელიც არ არის გამოხატული ფინანსურ კონტრიბუციაში.8 აგრეთვე, რეკომენდაცია აწესრიგებს ფინანსების გადანაწილებისა და პარტიათა კრიტერიუმების საკითხებს,9 რაზეც ქვემოთ უფრო ვრცლად იქნება საუბარი. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ვენეციის კომისიამ განაახლა და დახვეწა არსებული რეკომენდაციები.10


ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციაში პოლიტიკურ პარტიათა მხარდაჭერა სახელმწიფოსთან ერთად მოქალაქეთა უფლებაცაა.11 დოკუმენტი საკმაოდ მოკლედ პრინციპების დონეზე განსაზღვრავს სახელმწიფო დაფინანსების საკითხებს, რაზეც ზემოთ უკვე იყო საუბარი. იგი ხაზს უსვამს ობიექტური კრიტერიუმების არსებობას კანონმდებლობაში, უშვებს ირიბი დაფინანსების შესაძლებლობას და ადგენს პოლიტიკური პარტიის დამოუკიდებლობის გარანტიას.



2. დაფინანსების სახეები



სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს დაფინანსების სხვადასხვა სისტემა. სახელმწიფო სუბსიდიები პოლიტიკური პარტიებისათვის შესაძლოა დაკავშირებული იყოს საარჩევნო კამპანიასთან. ზოგ შემთხვევაში კი სახელმწიფო უზრუნველყოფს პარტიათა რეგულარულ დაფინანსებას, რომელიც არ უკავშირდება საარჩევნო კამპანიას.12 შესაბამისად, დაფინანსების სახეებიდან პირველ რიგში, გამოიყოფა რეგულარული და არარეგულარული დაფინანსება. კვლევის მიხედვით, უმეტეს ქვეყნებში მოქმედებს პარტიათა რეგულარული დაფინანსების სისტემა.13


პოლიტიკური პარტიების დაფინანსება სახელმწიფოს მიერ გულისხმობს მისთვის პარტიული მიზნებისთვის გადაცემულ ნებისმიერ სიკეთეს, რომელიც მომდინარეობს სახელმწიფო წყაროებიდან. ხშირად სახელმწიფო დაფინანსებას (სუბსიდირებას) აიგივებენ ბიუჯეტის ფინანსურ დახმარებასთან, რაც გამოიხატება პარტიებისათვის კონკრეტული რაოდენობის თანხის გადარიცხვაში. თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი სახეა, სახელმწიფო დაფინანსება შეიძლება იყოს როგორც პირდაპირი ისე ირიბი სახის. პირდაპირი საჯარო დაფინანსება პოლიტიკურ პარტიებს ეძლევა ფულის - ჩვეულებრივ, საბანკო გადარიცხვების სახით.14 ხოლო არაპირდაპირი საჯარო დაფინანსება გულისხმობს არაფულად, თუმცა ღირებულებით რესურსებს, რომლებსაც მთავრობა აძლევს პოლიტიკურ პარტიებს.15 პირდაპირი დაფინანსების გადანაწილების წესები და თავისებურებები განხილული იქნება ქვემოთ.


სახელმწიფოებს შეუძლიათ არაპირდაპირი დახმარება გაუწიონ მხარეებს სხვადასხვა ფორმით. კერძოდ, ერთ-ერთია მედიაზე ხელმისაწვდომობა, რაც პრაქტიკული თვალსაზრისით ჩვეულებრივ გულისხმობს უფასო სარეკლამო დროს საჯარო მედიაში. აგრეთვე, უპროცენტო სესხები სარეგისტრაციო გადასახადის გადახდისთვის ან ძირითადი საარჩევნო კამპანიის მოსაწყობად, საარჩევნო ბიულეტენების უფასო ბეჭდვა და გავრცელება, თავისუფალი ან სუბსიდირებული საოფისე ფართი პოლიტიკური პარტიების შტაბ-ბინებისთვის ან ადგილობრივი ფილიალებისთვის, უფასო ან სუბსიდირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი კანდიდატებისთვის, ძირითადი პარტიის აქტივისტებისთვის ან ზოგიერთ შემთხვევაში პოლიტიკურ მიტინგებზე მიმავალი მხარდამჭერებისთვისაც კი, სამთავრობო შენობების გამოყენება, როგორიცაა სკოლები, ადმინისტრაციული შენობები, უფასო ან სუბსიდირებული სატელეფონო ხაზები და სატელეფონო ზარები.16


არაპირდაპირი დაფინანსების კიდევ ერთი გავრცელებული ფორმაა პოლიტიკური პარტიებისთვის სპეციალური დაბეგვრის სტატუსი. ეს ნიშნავს იმას, რომ პარტიები არ იხდიან ნორმალურ გადასახადებს შემოსულებსა და ხარჯებზე, რომ ისინი თავისუფლდებიან დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან, ან საერთოდ თავისუფლდებიან რაიმე სახის გადასახადის გადახდისგან.17



3. დაფინანსების კრიტერიუმები



დაფინანსების მოდელის განსაზღვრის შემდეგ აუცილებელია დადგინდეს კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც გადაწყდება დაფინანსების უფლების მქონე პოლიტიკურ პარტიები. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, აუცილებელია, კანონმდებლობაში არსებობდეს ობიექტური კრიტერიუმები, რომელსაც დაეყრდნობა პარტიათა დაფინანსების სისტემა ქვეყანაში.


ევროსაბჭოსა და ეუთოს სტანდარტებით, იმისათვის, რომ პარტიამ სახელმწიფოსგან მიიღოს დაფინანსება, უნდა აკმაყოფილებდნენ მოცემული მოთხოვნებიდან ყველას ან რომელიმეს: 1. იყოს რეგისტრირებული პოლიტიკურ პარტიად, 2. საზოგადოების მხარდაჭერის მინიმალური დონის დადასტურება, 3. გენდერული ბალანსი და წარმომადგენლობა, 4. ფინანსური ანგარიშების სრულყოფილად შევსება და 5. ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესაბამის სტანდარტებთან შესაბამისობა.18 აღსანიშნავია, რომ ეს მოთხოვნები ფაკულტატიურია და სახელმწიფოს უტოვებს დისკრეციას, ამ პრინციპებზე დაყრდნობით მოაწესრიგოს საკუთარი კანონმდებლობა.


საერთაშორისო გამოცდილებით, რიგ ქვეყნებში პოლიტიკურ პარტიად რეგისტრაცია საკმარისია ყველა ან რამდენიმე სახის შეღავათის/სუბსიდიის მისაღებად. ზოგ ქვეყანაში დამატებითი მოთხოვნაა პოლიტიკური პარტიის მიერ არჩევნებში მონაწილეობის მიღება.19 ამასთან, შესაძლებელია მოცემული კრიტერიუმები ცალცალკე მოქმედებდეს პოლიტიკური სუბსიდიების ცალკეულ სახეზე. მაგალითად, კონკრეტული შეღავათისათვის აუცილებელი იყოს პარტიის რეგისტრაცია, ხოლო სხვა სახის სუბსიდიისათვის არჩევნებში მონაწილეობა.20 ასეთი სისტემები მართალია ინკლუზიურია, მაგრამ ისინი ხელს უწყობენ პოლიტიკური პარტიების სისტემის ფრაგმენტაციას და, პოტენციურად, ისეთი პოლიტიკური პარტიების შექმნას, რომელთა ერთადერთი მიზანი სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებაა.21


თუმცა უმეტეს ქვეყნებში პარტიათა დაფინანსების ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის საზოგადოების მხარდაჭერის დონის დადასტურება. ისინი ადგენენ ბარიერის გარკვეულ ფორმას, რომლის დროსაც პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამოავლინონ მინიმალური სახალხო მხარდაჭერა, რათა მიიღონ პირდაპირი საჯარო დაფინანსების შესაძლებლობა. მხარდაჭერის გაზომვის ყველაზე გავრცელებული გზები მოიცავს თითოეული პარტიის მიერ მოპოვებული ხმების ან მანდატების რაოდენობის დათვლას.22


მხარდაჭერის დამადასტურებელი კრიტერიუმი შეიძლება იყოს შემდეგი სახის:23


- წინა არჩევნებზე მოპოვებული ხმების წილი - ამ დროს საჯარო დაფინანსების უფლება მიღების აქვთ მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც წინა არჩევნებში მიიღეს მოსახლეობის ხმების გარკვეული წილი. ხშირად (თუმცა არა ყოველთვის) ეს ბარიერი უფრო დაბალია, ვიდრე საპარლამენტო წარმომადგენლობისთვის.

- მომდევნო არჩევნებში მოპოვებული ხმების წილი - დაფინანსდება ის პარტია, რომლებიც მიიღებენ ხმების გარკვეულ ნაწილს არჩევნებამდე. პარტიებს, რომლებიც არჩევნებზე ამ ბარიერს ვერ გადალახავენ, მოუწევთ თანხის უკან დაბრუნება.

- წარმომადგენლობა არჩეულ ორგანოში - დაფინანსების უფლება აქვთ მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც აქვთ წარმომადგენლობა კონკრეტულ არჩეულ ორგანოში (როგორც წესი, პარლამენტში). თუმცა ასეთმა ბარიერმა შეიძლება გაართულოს ახალი პოლიტიკური ძალების წარმატებით შესვლა პოლიტიკურ ასპარეზზე.

- წინა არჩევნებში მოპოვებული მანდატების წილი - ამ შემთხვევაში საკმარისი არ არის პოლიტიკური წარმომადგენლობის მოპოვება; პარტიებს ასევე უნდა ჰქონდეთ მოპოვებული ადგილების გარკვეული რაოდენობა ან წილი.

- მომდევნო არჩევნებში მოპოვებული მანდატების წილი - როგორც ზემოთ აღნიშნული, ეს კრიტერიუმი გამოიყენება ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც დაფინანსება ნაწილდება არჩევნებამდე.; პარტიებს, რომლებიც ვერ მოიპოვებენ მანდატების საჭირო რაოდენობას, უნდა დააბრუნონ მიღებული თანხები.

- წარდგენილი კანდიდატების რაოდენობა - ეს კრიტერიუმი ადგენს, რომ მხოლოდ პარტიები, რომლებიც წარმოადგენენ კანდიდატების გარკვეულ რაოდენობას, ან რომლებიც წარადგენენ კანდიდატებს ყველა საარჩევნო ოლქის გარკვეულ ნაწილში, საკმარისად მიიღებენ მონაწილეობას საარჩევნო პროცესში, რათა უზრუნველყონ საჯარო დაფინანსების მიღება.

- პარტიის წევრთა რაოდენობა - პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსების მისაღებად უნდა ჰყავდეთ რეგისტრირებული წევრების გარკვეული რაოდენობა.

დაფინანსების წარმოდგენილი მოდელების არჩევა სახელმწიფოს დისკრეციაა. შეუძლებელია მოდელის პრეფერენცირება, რადგან მათი შერჩევისას აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ადგილობრივი პოლიტიკური კონტექსტი და სამართლებრივი აღქმები.



4. დაფინანსების განაწილების მოდელები



დაფინანსების კრიტერიუმები ადგენს, თუ ვინ მიიღებს დაფინანსების უფლებას. თუმცა ამის შემდეგ აუცილებელია სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სახსრების გადანაწილება. პოლიტიკური სახსრების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა ლოგიკით: 1. თანაბრად გადანაწილება, 2. პროპორციულად გადანაწილება და 3. საჭიროების მიხედვით გადანაწილება.


თანაბრად გადანაწილება თავის თავში ითვალისწინებს სხვადასხვა მოდელს, თუმცა ძირითადი ლოგიკა არის სახელმწიფო სახსრების თანაბარი გადანაწილება მიღების უფლების მქონე პარტიებისთვის. თანაბარი გადანაწილება შესაძლოა შემდეგი წესით:24

- თანხა თანაბრად ნაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელიც მონაწილეობას იღებს არჩევნებში. მართალია ეს წესი ყველაზე მარტივია, თუმცა შესაძლოა ბევრ ფინანსურ რესურსთან იყოს დაკავშირებული. ამასთანავე იგი ზრდის პარტიების „არაკეთილსინდისიერი“ მოქმედების რისკს. კერძოდ, ისინი შესაძლოა არჩევნებში მონაწილეობას იღებდნენ ფინანსური სარგებლის მოპოვების მიზნით.

- თანხა თანაბრად ეძლევა ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ბოლო არჩევნებში მანდატების გარკვეული რაოდენობა მიიღო. ამ წესის საფუძველზე ზემოთაღნიშნული რისკი მართალია გადაიზღვევა, რადგან თანხა გადანაწილდება ისეთ „სერიოზულ“ პარტიებზე, რომლებსაც შესწევთ უნარი, წარმოადგინონ მოსახლეობა სახელმწიფო ორგანოში. თუმცა იგი ნაკლებად ემსახურება პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებასა და პატარა პარტიების ხელშეწყობას. ეს ერთგვარად მათ დისკრიმინაციადაც არის შეფასებული.

- თანაბარი თანხა ეძლევა ეროვნულ საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ პარტიას. ეს წესი მართლია პოლიტიკურ პარტიათა უფრო დიდი რაოდენობაზე თანხის გადანაწილებას უწყობს ხელს, თუმცა მაინც ვერ აზღვევს პატარა პარტიების დისკრიმინაციის რისკებს.

- თანაბარი ოდენობა ეძლევა ყველა პარტიას და კანდიდატს, რომლებმაც ბოლო არჩევნებში ხმების გარკვეული რაოდენობა მიიღეს. ამ წესის მიხედვით, შესაძლოა, პოლიტიკურ პარტიას არ ჰქონდეს მოპოვებული საკმარისი ხმები საკანონმდებლო ორგანოში შესასვლელად, თუმცა მათ მაინც მოახერხეს საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხარდაჭერის მოპოვება. ამ წესით ფაქტობრივად კომპენსირდება ზემოთ წარმოდგენილი რისკები, ერთი მხრივ, არ მოხდეს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა „არასერიოზულ“ ან „არაკეთილსინდისიერ“ პარტიებზე და, მეორე მხრივ, ხელი შეეწყოს პატარა პარტიებს პოლიტიკურ განვითარებაში.


სახელმწიფო ფინანსების პროპორციულად გადანაწილების ლოგიკა დაფუძნებულია პარტიათა „დამსახურებაზე“. ისინი თანხებს მიიღებენ მათი საზოგადოებრივი მხარდაჭერის მიხედვით. აქ გამოყოფენ შემდეგ მოდელებს:25

- რესურსები გადანაწილდება კენჭისყრაში წარდგენილი კანდიდატების რაოდენობის პროპორციულად.

- თანხები გაიცემა წარმოდგენილი პარტიული სიის „წარმომადგენლობითი დონის“ პროპორციულად. ეს მეთოდი გამოიყენება სხვადასხვა ჯგუფების, მათ შორის, გენდერული ნიშნით წარმომადგენლობითობის დონის გასაზრდელად.

- სახსრები გაიცემა მოზიდული სახსრების პროპორციულად (მაგ. გრანტები, და ა.შ.). სახელმწიფოზე დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად შემოღებულ იქნა საჯარო სახსრების განაწილების ეს სისტემა, როდესაც მათი რაოდენობა დამოკიდებულია პოლიტიკური პარტიის მიერ მოძიებული ფონდების რაოდენობაზე. ეს სისტემა ააქტიურებს, ერთი მხრივ, პარტიას, მოიზიდონ რაც შეიძლება მეტი სახსრები და, მეორე მხრივ, ამ პარტიის მხარდამჭერ ელექტორატს, წვლილი შეიტანონ თავიანთი კანდიდატის გამარჯვებაში.

- სახსრები გადანაწილებულია საკანონმდებლო ორგანოში მიღებული ადგილების/ მანდატების პროპორციულად. ამ შემთხვევაში მცირე პარტიათა დისკრიმინაციის საფრთხე კვლავ აქტუალური ხდება.

- თანხები ნაწილდება არჩევნებში მიღებული ხმების პროპორციულად. ეს სისტემა შესაძლოა არ იყოს მცირე პარტიებისათვის ხელსაყრელი, თუმცა წინასთან შედარებით დისკრიმინაციის რისკი მეტწილად გადაზღვეულია.

- თანხები გადანაწილებულია პარტიის წევრობის ან მხარდაჭერის სხვა ნიშნების პროპორციულად. ამ სისტემაში საზოგადოების მხარდაჭერის დამადასტურებელი ნებისმიერი ნიშანი შესაძლოა იყოს გამართლებული დაფინანსების მოსაპოვებლად, მათ შორის პარტიის წევრთა რაოდენობაზე. ეს ახალ პარტიებს მისცემს უკეთეს შესაძლებლობას. თუმცა, წევრობის დონე ავტომატურად არ არის მკაფიო მაჩვენებელი იმისა, თუ რამხელა მხარდაჭერას მიიღებდა პარტია საყოველთაო არჩევნებზე, გარდა ამისა წევრობის რეესტრი შეიძლება იყოს რთული ფინანსების გადანაწილებაზე პასუხისმგებელი ორგანოსთვის.


პოლიტიკური სახსრების გადანაწილების კიდევ ერთი საინტერესო სისტემაა საჭიროებებზე დაფუძნებული პარტიებისათვის თანხების მიცემა. იგი მიზნად ისახავს თანაბარი შესაძლებლობების პრინციპის საუკეთესო რეალიზაციას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. აქ გამოიყოფა შემდეგი მოდელები:26

- ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის გაცემული თანხები. პოლიტიკური სისტემა ღია უნდა იყოს ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის. ამის საპირისპიროდ კი საჯარო დაფინანსება

ხშირად აღიქმება, როგორც სტატუს კვოს შენარჩუნება, სადაც სისტემა ხელს უწყობს დამკვიდრებული პოლიტიკური პარტიების ხელისუფლებაში დარჩენას სახელმწიფო სუბსიდიების ხარჯზე. ეს სისტემა კი სწორედ ამ რისკის გადამზღვევ მექანიზმს ადგენს, რათა გარკვეული პერიოდულობით გააჯანსაღოს პოლიტიკური სპექტრი.

- მცირე პოლიტიკური პარტიებისთვის გაცემული თანხები. თუ განაწილების კრიტერიუმები მცირე პოლიტიკურ პარტიებს ზიანს აყენებს, მათთვის გამოიყოფა სპეციალური სახსრები. ეს მოდელიც ემსახურება თანაბარი შესაძლებლობების გაძლიერებას.

- უმცირესობის პარტიებისთვის გადაცემული თანხები. საჯარო სახსრები შეიძლება გამოყენებულ იქნას არასაკმარისი წარმომადგენლობითი ჯგუფების მონაწილეობის წახალისებისთვის. პარტიებს ან პარტიულ სიებს, რომლებიც წარმოადგენენ ეროვნულ უმცირესობათა კანდიდატებს, შეუძლიათ მიიღონ სპეციალური სახსრები ან გათავისუფლდნენ ზემოთ აღნიშნული ზღვრული კრიტერიუმების შესრულებისგან.


შესაბამისად საჭიროებაზე დაფუძნებული განაწილების სისტემა წარმოადგენს მეტ-ნაკლებად საგამონაკლისო, შესაბამისად, დროებით ზომებს და იგი თავისთავად დიდ პოლიტიკურ კონსენსუსს მოითხოვს.


მსოფლიოში წარმოდგენილი მოდელებიდან ყველას გამოყენების გამოცდილება არსებობს. მათი შერჩევა ასევე უნდა მოხდეს ადგილობრივი კონტექსტისა და პოლიტიკური სისტემის გათვალისწინებით. ეს პრინციპი მოიცავს როგორც პირდაპირ ისე არაპირდაპირ დაფინანსებას და მოქმედებს როგორც ფულად ტრანზაქციებზე, ასევე სხვა ტიპის სარგებელზე, რომელსაც პოლიტიკური პარტია სახელმწიფოსგან იღებს.



5. პარტიათა დაფინანსების სისტემა საქართველოში


5.1. სამართლებრივი ჩარჩო და რეგულაციები


საქართველოში პოლიტიკურ პარტიების საქმიანობას სამართლებრივად „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი არეგულირებს. იგი დაფინანსების ორივე სახეს იცნობს, როგორც კერძო შემოწირულობებს, ასევე სახელმწიფო სუბსიდიებს.


კანონის მიღებიდან დღემდე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის შესაბამისმა მუხლმა, რომელიც პარტიათა სახელმწიფო დაფინანსებას არეგულირებს, და სახელმწიფო დაფინანსების წესმა რამდენჯერმე განიცადა ცვლილება. თავდაპირველად სახელმწიფო დაფინანსების ოდენობა განისაზღვრებოდა ყოველწლიურად კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ და პროპორციულად ნაწილდებოდა იმ პარტიებზე, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მოახერხეს პროპორციული საარჩევნო სისტემით 5%-იანი ბარიერის გადალახვა.27 2005 წლის ცვლილებებით პარტიისთვის დაფინანსების მისაღებად დადგენილი ბარიერი 4%-მდე შემცირდა და კანონმა დააზუსტა თანხის განაწილების წესი. კერძოდ, პარტია სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებდა უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით.28 2007 წელს კანონმდებლობით განისაზღვრა საბაზისო დაფინანსების ცნება, რომელიც წლიურად 150 000 ლარს შეადგენდა. თუმცა საბაზისო დაფინანსების გარდა პარტიას შეეძლო დაფინანსების მიღება პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობისა და არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით.29 გარდა ამისა, ამ წელს დაფინანსებაზე საპარლამენტოსთან ერთად გავლენას ახდენდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც 3%-იანი ბარიერით.30 2012 წლის ცვლილებით კანონმდებლობაში განისაზღვრა არაპირდაპირი დაფინანსების სისტემაც, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური პარტიები ბიუჯეტიდან მიიღებდნენ დაფინანსებას პოლიტიკური რეკლამის განთავსებისათვის.31 მომდევნო წლებში სხვადასხვა დროს იცვლებოდა დაფინანსების გამოანგარიშების ფორმულის სხვადასხვა ცვლადი. თუმცა სისტემა არსებითად იგივე დარჩა.


დღეს მოქმედი წესის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას იღებს ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც მიიღო.32 ხოლო თანხა შემდეგნაირად გადანაწილდება: მიღებულ პირველ 50 000 ნამდვილ ხმაზე პარტია მიიღებს 15 ლარს თითოეულისთვის, ხოლო ყოველ შემდეგ ხმაზე დამატებით 5 ლარს.33 კანონმდებლობამ ასევე გაწერა დაფინანსების დაკარგვის წესებიც. კერძოდ, თუ პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიის დეპუტატების ნახევარს ან ნახევარზე მეტს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა და ადგილმონაცვლე პირის დადგენა შეუძლებელია, მაშინ იგი კარგავს დაფინანსების მიღების უფლებას. ხოლო თუ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები პარლამენტში არასაპატიო მიზეზით გააცდენენ სხდომებს, ისინი 6 თვის განმავლობაში აღარ მიიღებენ სახელმწიფო დაფინანსებას. მოქმედი რედაქციით გაქუმებულია პარტიათა გენდერული ნიშნით წახალისების მექანიზმები.


პარტიათა სახელმწიფო დაფინანსების სისტემა მოიცავს რეგულარულ - ყოველწლიურ დაფინანსებას და ითვალისწინებს როგორც პირდაპირი, ისე ირიბი დაფინანსების სახეს. რაც შეეხება კრიტერიუმს, იგი გამოიხატება წინა არჩევნებში მიღებული ხმების წილით - საერთო ხმათა მინიმუმ 1%, ხოლო გადანაწილების წესი ეფუძნება პროპორციულ პრინციპს და ფინანსები ნაწილდება მიღებული ხმების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არ მოქმედებს საგამონაკლისო ფორმები საჭიროებაზე დაფუძნებული დაფინანსებით.



5.2. პრაქტიკული გამოწვევები და კრიტიკული შეფასება


პარტიული დემოკრატიისა და პოლიტიკური პარტიების სამართლის მიმხართულებით დღეს საქართველო გარკვეული გამოწვევების წინაშე დგას. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ნაკლებად პასუხობს მათ უმთავრეს დანიშნულებას - მონაწილეობა მიიღონ მოსახლეობის პოლიტიკური აზრის ჩამოყალიბებაში და მათი ინტერესების გატარებაში. ჯერ კიდევ აქტუალურია კლიენტელისტური მიდგომები და ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გატარების პრობლემა. პოლიტიკური პარტიების არაეფექტურობას ამწვავებს ისიც, რომ საქართველოში ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც ფინანსდებიან და ჩნდება კითხვები ამ ფინანსების განკარგვასთან და მიზნობრივად დახარჯვასთან დაკავშირებით.


პირველ რიგში, როგორც აღინიშნა, საერთაშორისო სტანდარტები ქვეყნებს სთავაზობენ მხოლოდ მიდგომებსა და პრინციპებს, შესაბამისად კანონმდებელს აქვს დიდი დისკრეცია სფეროს რეგულირებაში. შესაბამისად, რეგულირებისას უნდა შეირჩეს ისეთი წესი, რომელიც მაქსიმალურად მორგებული იქნება ადგილობრივ კონტექსტზე. დაფინანსების რეგულარული სისტემა მართალია პატარა პოლიტიკური პარტიებისთვის ხელსაყრელია და იგი, ცალკე აღებული, ხელს უწყობს მათ პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაციას, რაც დღეს ასე საჭიროა ქვეყანაში.


თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოში დღემდე პრობლემაა სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლობის დონე საკანონმდებლო ორგანოში და ცალკეულ პოლიტიკურ პარტიაში. გენდერული დისბალანსის აღმოფხვრისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იყო გენდერული კვოტების სისტემა, რომელიც პარტიათა დაფინანსების ნაწილში საჭიროებაზე დაფუძნებული დაფინანსების სისტემას წარმოადგენდა. იგი დროებით ზომად იყო განსაზღვრული, თუმცა 2024 წლის საკანონმდებლო ცვლილებებით იგი გაუქმებულია ისე, რომ პრობლემა რეალურად არ მოგვარებულა. ეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნათლად გამოჩნდა, როდესაც ქალთა წარმომადგენლობა პარტიულ სიებში წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით 44,3%-დან 29%-მდე შემცირდა.34 შესაბამისად, აუცილებელია, კანონმდებელმა კვლავ დააბრუნოს გენდერული კვოტები ან სხვა სახით უზრუნველყოს ქალთა წარმომადგენლობის გაძლიერება. ქართულ კონტექსტში ასევე საინტერესო იქნებოდა ეთნიკური უმცირესობების გაძლიერება პოლიტიკურ ცხოვრებაში და გარკვეული საფინანსო შეღავათების შემოღება საკანონმდებლო დონეზე.


გარკვეული სახის პრობლემები არსებობს არაპირდაპირი დაფინანსების სისტემაში, კერძოდ უფასო პოლიტიკური რეკლამის ნაწილში. ეს გამოწვევები დაკავშირებულია კანონის ინტერპრეტაციასთან და გამოიხატება კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წინასაარჩევნო გადაწყვეტილებებში.35 აუცილებელია, კომისიამ კეთილსინდისიერად განმარტოს კანონის ნორმები და უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიების თანაბარი შესაძლებლობები და ჯანსაღი კონკურენცია.


აუცილებელია აღინიშნოს, რომ პარტიათა სახელმწიფო დაფინანსების სისტემამ თავისი როლი უნდა შეასრულოს პოლიტიკური კულტურისა და აქტიური პარტიული ცხოვრების ჩამოყალიბებაში. თუმცა ამისათვის ასევე აუცილებელია თვითონ პოლიტიკური პარტიების კეთილსინდისიერება და თავიანთი პოლიტიკური მიზნებისკენ აქტიურად სწრაფვა, თავიანთი იდეების მოქალაქეებამდე სწორად მიტანა და საჭირო საქმიანობის განხორციელება. ა.შ.


ავტორი: მათე ბუბაშვილი 



1 Guidelines and Report on The Financing of Political Parties, Rec. N CDL-INF (2001) 8, adopted by Venice Commission, 2001.

2 იქვე.

3 იქვე.

4 იქვე.

5 Guidelines on Political Party Regulation, N. CDL-AD(2010)024, adopted by Venice Commission, 2010.

6 იქვე.

7 იქვე.

8 იქვე.

9 იქვე.

10 Guidelines on Political Party Regulation Second Edition, N. CDL-AD(2020)032, adopted by Venice Commission, 2020

11 Common rules against corruption in the funding of political parties and electoral campaigns, Rec(2003)4, Council of Europe, Committee of Ministers, 2003.

12 Ohman Magnus, Political Finance Regulations Around the World, International IDEA, 2012, P. 23.

13 იქვე.

14 Parties and Candidates, 2nd Edition, The Electoral Knowledge Network, 2012, available at: https://aceproject.org/ace-en/topics/pc/pca/pca02/pca02a/default.

15 იქვე.

16 იქვე.

17 იქვე.

18 Guidelines on Political Party Regulation Second Edition, N. CDL-AD(2020)032, adopted by Venice Commission, 2020, § 245.

19 Ohman Magnus, Political Finance Regulations Around the World, International IDEA, 2012, P. 24.

20 მაგ. ელ სალვადორი და პანამა.

21 Ohman Magnus, Political Finance Regulations Around the World, International IDEA, 2012, P. 24

22 იქვე.

23 იქვე.

24 Parties and Candidates, 2nd Edition, The Electoral Knowledge Network, 2012, available at: https://aceproject.org/ace-en/topics/pc/pca/pca02/pca02a/default.

25 იქვე.

26 იქვე.

27 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტი, 1997 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით.

28 კერძოდ, 200 000 ხმამდე – თითოეული ამომრჩევლის ხმაზე 2 ლარი; დამატებით 200 000-დან 500 000 ხმამდე – თითოეული ამომრჩევლის ხმაზე 1,5 ლარი; დამატებით 500 000 ხმაზე ზევით – თითოეული ამომრჩევლის ხმაზე 1 ლარი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 2005 წლის 16 დეკემბრის მდგომარეობით.

29 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლი, 2007 წლის 8 ივნისის მდგომარეობით.

30 იქვე.

31 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლი, 2012 წლის 8 მაისის მდგომარეობით.

32 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლ

33 იქვე.

34 საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების სადამკვირვებლო მისია, წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2025, გვ. 38.

35 დამატებითი ინფორმაცია იხ.: საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების სადამკვირვებლო მისია, წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2025, გვ. 100-105.