სიახლეები

26 ივნისი წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეა. წამება ადამიანის უფლებათა უმძიმესი დარღვევაა, რომელიც აბსოლუტურად აკრძალულია, როგორც ჩვეულებითი სამართლით, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებით და საქართველოს კონსტიტუციით.
მიუხედავად ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებებისა, უკვე წლებია, წამებასა და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს, მიზანმიმართულად ქმნის წამების წამახალისებელ გარემოს, უზრუნველყოფს დამნაშავეთა დაუსჯელობას და უგულებელყოფს საერთაშორისო მექანიზმების თუ ადგილობრივი უფლებადამცველების მოწოდებებს წამების პრევენციის, აღკვეთისა და დამნაშავეთა პასუხისმგებლობის შესახებ.
სისტემური წამების პრობლემა განსაკუთრებით აშკარა გახდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერის აქციების მიმდინარეობისას. 2024 წლის 28 ნოემბრიდან 7 დეკემბრის შუალედში და 2025 წლის 2 თებერვალს საპოლიციო ძალები აქტიურად იყენებდნენ წამებას მშვიდობიანი და მასობრივი პროტესტების წინააღმდეგ, რაზეც მიუთითებს როგორც ადგილობრივი უფლებადაცვითი ორგანიზაციების ერთობლივი დოკუმენტირება, ასევე საქართველოს სახალხო დამცველი და საერთაშორისო მექანიზმები, მათ შორის, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT) და ეუთოს ადამიანური განზომილების მექანიზმის (მოსკოვის მექანიზმის) ანგარიში.
არასათანადო მოპყრობა ხშირი იყო 2024 წლის გაზაფხულის აქციების განმავლობაშიც. ასევე, სახელმწიფოს მხრიდან, 2019 წლის 19-20 ივნისის აქციის მონაწილეების მიმართ არასათანადო მოპყრობას ადასტურებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ.
განსაკუთრებით საგანგაშოა 2024 წელს აქცებზე სპეციალური საშუალებების უკანონო და არაპროპორციული გამოყენება, მათ შორის, წყლის ჭავლში ქიმიური გამღიზიანებლების შერევა, რაც საქართველოში შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობის პირობებში, არსებითად უთანაბრდება ექსპერიმენტული იარაღის გამოყენებას.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის 1 მარტიდან 2026 წლის 20 თებერვლამდე პერიოდში საპროტესტო აქციებზე დაკავებული, სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ მონახულებული, 131 პირიდან 35 (26.7%) პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა, ხოლო 17-ს დაზიანებები აღენიშნებოდა.
2025 წელს გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირები მიუთითებდნენ, რომ დაკავების შემდგომ მათ იძულებით სრულად აშიშვლებდნენ პირადი ჩხრეკის/დათვალიერების (შემოწმების) საბაბით, რაც არღვევს CPT-ს სტანდარტებს და ადამიანის დამცირებას ისახავს მიზნად.
2025 და 2026 წელს სასამართლო მონიტორინგის ფარგლებში დაიდენტიფიცირდა, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სხვადასხვა დროს მიუთითა აქციების კონტექსტში სისხლის სამართლის წესით დაკავებულმა 17-მა პირმა.
წამება და არასათანადო მოპყრობა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საპროტესტო კონტექსტს მიღმაც, რისი ილუსტრაციაც არის 2026 წლის მაისში გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ჯგუფური ძალადობის შემთხვევა და 2026 წლის 13 ივნისს ტვ პირველის ეთერში გავრცელებული კადრები, რომლებიც პოლიციის განყოფილებაში, ინფორმაციის მიღების მიზნით, დაკავებულ მოქალაქეებზე ჯგუფურ ძალადობას ასახავს.
სახელმწიფო არაეფექტიანი გამოძიებით, მათ შორის, დამნაშავეთა დაუსჯელობითა და დანაშაულთა არასათანადო კვალიფიკაციით წამების ნორმალიზებას ახდენს. ამასთან, სახელმწიფო უკვე წლებია უარს ამბობს წამების პრევენციისთვის საჭირო ზომების მიღებაზე: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოწოდებების მიუხედვად, პოლიციელებს სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულება დღემდე არ აქვთ, ხოლო საპოლიციო ღონისძიებებში მონაწილე პოლიციელები დღემდე არ არიან აღჭურვილი ამომცნობი ნიშნებით. გარდა ამისა, საპოლიციო ძალადობის გამოძიებისთვის შექმნილი უწყების - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ნაცვლად, სახელმწიფომ ეს სამსახური 2025 წელს საერთოდ გააუქმა, რითაც ფორმალურადაც უარი თქვა წამების გამოძიების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე.
აღსანიშნავია, რომ, ყოველივე ამის ფონზე, ქართული ოცნება შემზღუდველი კანონებით, უცხოეთის აგენტის იარლიყით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მუქარით, ანგარიშების დაყადაღებითა და სხვა რეპრესიული მეთოდების გამოყენებით ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განადგურებას, რაც, მათ შორის, წამების მსხვერპლებს უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი, ფსიქოლოგიური თუ სხვა ტიპის მხარდაჭერის გარეშე ტოვებს.
აშკარაა, რომ, საქართველოში წამება და არასათანადო მოპყრობა სისტემური და ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, რომელსაც სახელმწიფო აქტიურად იყენებს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის პროცესში. მიუხედავად, ცალკეულ შემთხვევებზე მართლმსაჯულების ფასადური განხორციელებისა, წამება რეჟიმის მხრიდან წახალისებულ პრატიკად რჩება.
საქართველოში წამებასთან და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა კომპლექსურ მიდგომას და სისტემურ ცვლილებებს საჭიროებს:
უნდა ჩატარდეს დროული, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება 2024 წლის გაზაფხულის აქციების დარბევების დროს არასათანადო მოპყრობასა და 2024 წლის ნოემბრ-დეკემბრის სისტემურ წამებასთან დაკავშირებით, მოძალადე პირების და ბრძანების გამცემი პასუხისმგებელი მაღალჩინოსნების გამოვლენის და პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
უნდა ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირების სავარაუდო წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.
დროულად უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა სავარაუდო მოძალადე პოლიციელებზე, ბრძანების გამცემ ხელმძღვანელებზე და სხვა პასუხისმგებელ პირებზე. სისხლისსამართლებრივი დევნის განმავლობაში მათ უნდა შეუჩერდეთ სამსახურებრივი უფლებამოსილება.
მართლმსაჯულების ორგანოებმა უარი უნდა თქვან იმ პრაქტიკაზე, როდესაც პოლიციის მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობა, ნაცვლად სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებისა (1441 და 1443 მუხლები - წამება და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა), კვალიფიცირდება, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსლების გადამეტება (სისლხის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი).
წამებისა და არასათანადო მოპყრობის გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირებს არასათანადო რეგირებისთვის უნდა დაეკისროთ შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
პროკურატურამ სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებზე დაზარალებულთა პოზიციები საჯარო დევნის ინტერესის შესაბამისად უნდა შეაფასოს. დაზარალებულის მიერ ბრალდებულთა მიმართ პრეტენზიის არქონის შესახებ განცხადება სახელმწიფოს არ ათავისუფლებს ვალდებულებისაგან, სრულად შეაფასოს საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება და ასე მიიღოს ბრალდებულთა მიმართ საპროცესო შეღავათების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება.
საკანონმდებლო დონეზე უნდა გაიწეროს პოლიციის მიერ სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულება.
პოლიციელთა უნიფორმები უნდა აღიჭურვოს მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით, განსაკუთრებით, როდესაც პოლიციის ეკიპირება ან უნიფორიმა არ იძლევა მისი იდენტიფიცირების საშუალებას.
უნდა აიკრძალოს დაკავებულთა პირადი ჩხრეკის/დათვალიერებისას მათი სრული გაშიშვლების დამამცირებელი პრაქტიკა. ასეთი ჩხრეკა უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალური რისკის შეფასებას, დაექვემდებაროს მკაცრ ზედამხედველობასა და წინასწარ დადგენილ სტანდარტებს. როდესაც არსებობს პირადი ჩხრეკის გაშიშვლების ფორმით ჩატარების აუცილებლობა, დაკავებულს არ უნდა მოეთხოვოს ერთდროულად ყველა ტანსაცმლის გახდა.
მკაფიოდ უნდა აიკრძალოს წყლის ჭავლში ქიმიური გამღიზიანებლების შერევა. დროულად უნდა მოხდეს 2024 წელს საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ქიმიური საშუალებების უკანონო, არაპროპორციული და ექსპერიმენტული გამოყენების გამოძიება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მკაფიოდ უნდა მოწესრიგდეს აქციის დაშლისას კინეტიკური საშუალებების გამოყენების წესები.
წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა მხარდაჭერა, მათი რებილიტაცია და მათ მიერ მიღებული ზიანის ანაზღაურება უზრუნველყოფილი უნდა იყოს. ამისთვის, ასევე უნდა შეწყდეს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისკენ მიმართული ღონისძიებები.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
საფარი
საქართველოს მომავლის აკადემია
თბილისი პრაიდი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
მწვანე ალტერნატივა
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
უფლებები საქართველო
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
გააზიარე: