GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

22 ივლისი, 202615:39

2026 წლის 22 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, ფეისბუქ პოსტებით შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფის საბაბით, სასამართლომ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.1


სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის, ცენზურისა და თვითცენზურის გარემოს შექმნის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს. იგი ცალსახად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა კონსტიტუციურ და ევროპულ სტანდარტებს, რომელთაც ქართული ოცნებისა და შსს-ს წარმომადგენლები მიზანმიმართულად ამახინჯებენ და არასწორად წარმოაჩენენ.


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, მათ შორის, მეოთხე სექციის გადაწყვეტილება საქმეზე “მილაძე საქართველოს წინააღმდეგ”,2 რომელსაც მანიპულაციურად ციტირებენ3, ცხადად მიუთითებს, რომ:


● თავად ვულგარული ფრაზების გამოყენება არ არის გადამწყვეტი ფაქტორი გამოხატვის შეურაცხმყოფელად მიჩნევისას, რადგან მას შესაძლოა მხოლოდ სტილისტური დატვირთვა ჰქონდეს. ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა დაიცვან სათანადო ბალანსი და უნდა განასხვავონ დაცული პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ინტერესის მქონე გამოხატვა გაუმართლებელი პირადი შეურაცხყოფისგან;


● ეროვნულმა ორგანოებმა უნდა დაასაბუთონ ჩარევის აუცილებლობა და გადაწყვეტილება უნდა გაამყარონ საკმარის და რელევანტურ მიზეზებზე მითითებით;


● დაუშვებელია ისეთი სანქციის გამოყენება, რომელიც არის მძიმე ან არაპროპორციული (მაგალითად, მაღალი ოდენობის ჯარიმა ან სისხლისსამართლებრივი სანქცია), რადგან ეს ახდენს არსებით ზეწოლას გამოხატვის თავისუფლებაზე.


● დაუშვებელია არაძალადობრივი გამოხატვის, თუნდაც გაუმართლებელი შეურაცხყოფის საპასუხოდ, საპატიმრო სასჯელების, მათ შორის ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება.


● დაკისრებულმა სანქციამ არ უნდა შექმნას “მსუსხავი ეფექტი“ (chilling effect) და რეალურად არ უნდა აფერხებდეს მოქალაქეებს საჯარო დებატებში მონაწილეობისგან.


ქართული ოცნება 2025 წლიდან მოყოლებული, აქტიურად იყენებს ადმინისტრაციულ სანქციებს სოციალურ ქსელებში გამოხატვისთვის.4 პროცესი განსაკუთრებით გააქტიურდა 2026 წლის 1 ივნისიდან, როდესაც შსს-ში ახალმა სტრუქტურულმა ერთეულმა, ე.წ. “ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ” დაიწყო სოციალური ქსელებში გამოხატვის სისტემური მონიტორინგი.5 მიუხედავად სამმართველოს დასახელებისა, ნაცვლად სიძულვილის ენის მონიტორინგისა, მისი საქმიანობა ძირითადად მწვავე პოლიტიკური გამოხატვისთვის ადამიანთა წინააღმდეგ ადმინისტრაციულ წარმოებას მოიცავს.6


რადიო თავისუფლების მიერ 3 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შსს-ს მიერ მიწოდებული მონაცემების მიხედვით, სამმართველოს მიერ, მისი შექმნიდან 1 თვის განმავლობაში (2026 წლის 1 ივნისი - 1 ივლისის პერიოდში):7


● გამოვლენილი იყო 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც საერთო სასამართლოებში იმ დროისთვის წარდგენილი იყო 150 საქმე.


● საერთო სასამართლოებში წარდგენილი 150 საქმიდან, სასამართლოების მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო 33 საქმეზე, საიდანაც 31 შემთხვევაში, სახდელის სახით, გამოყენებულ იქნა ჯარიმა, ხოლო, 2 შემთხვევაში - სიტყვიერი შენიშვნა.


შსს და სასამართლო სპციალურ ქსელებში მწვავე გამოხატვის დასჯადობისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ორ მუხლს იყენებს:


● 17316 მუხლი, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურის შეურაცხყოფისთვის აწესებს ჯარიმას 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით. ამ მუხლით სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების ჩადენისთვის გათვალისიწინებულია ჯარიმა 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით. აღნიშნული ნორმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2025 წლის დასაწყისში, შეკრებისა და გამოხატვის შემზღუდველ სხვა ნორმებთან ერთად გაჩნდა.


ეს ნორმა გააკრიტიკა, მათ შორის, ეუთო ოდირმა, რომლის მიხედვითაც მეტისმეტად ფართო და სუბიექტურია „სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ლანძღვა-გინებაზე, შეურაცხმყოფელ გადაკიდებასა ან/და სხვაგვარ შეურაცხმყოფელ ქმედებაზე“ მითითება რაიმე სახის შინაარსის აღწერის, განმარტების ან დარღვევის დამაფუძნებელი სხვა ელემენტების მოხმობის გარეშე. ეს იძლევა თვითნებური განმარტების შესაძლებლობას. ODIHR-ის რეკომენდაციით, სახელმწიფომ უნდა გადახედოს ამ მუხლს მისი პოტენციური მსუსხავი ეფექტის გამო და შეცვალოს ის, მინიმუმ, იმგვარად, რომ შეიცავდეს დარღვევის დამდგენი ელემენტების უფრო ზუსტ განმარტებას. ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც შეურაცხყოფა სიმწვავის გარკვეულ ზღვარს აღწევს.8


● როდესაც გამოხატვის ადრესატი პოლიტიკური თანამდებობის პირი ან მოხელე არ არის, შსს და სასამართლო იყენებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლს (“წვრილმანი ხულიგნობა”), რომელიც სანქციად 500 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო ახდელდადებული პირის მიერ ჩადენის შემთხვევაში - 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.


ცალსახაა, რომ გამოხატვის თავისუფლების მასობრივი, სისტემური კონტროლი ხდება ისეთი ფორმებითა და, მათ შორის, ისეთი კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც მარტივად იძლევა თვითნებური გამოყენების შესაძლებლობას, თავისი სიმძიმით შეაძლოა უტოლდებოდეს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ქმნის სისტემური ცენზურის ინსტიტუციურ მექანიზმებს და უგულებელყოფს გამოხატვის თავისუფლების დაცვის გარანტიებს. გამოყენებული სანქციების სიმძიმე, გამოხატვის კონტროლის მასშტაბი და სახელმწიფო ორგანოების მხრიდან გამოხატვის კონტექსტისა და პოლიტკურ დისკუსიაში მისი როლის უგულებელყოფა საზოგადოებაში ცენზურის ფონს ქმნის, მსუსხავი ეფექტის შექმნას ემსახურება და უხეშად არღვევს გამოხატვის თავისუფლებას.


განსაკუთრებით შემაშფოთებელია მშვდობიანი, თუნდაც შეურაცხმყოფელი გამოხატვისთვის საპატიმრო სასჯელის გამოყენება, მაშინაც კი როდესაც საქმე გვაქვს ადმინისტრაციულ პატიმრობასთან. მაგალითად, საქმეზე “ჩხარტიშვილი საქართველოს წინააღმდეგ”, რომელშიც მომჩივანმა მშვიდობიან დემონსტრაციაზე პოლიციელებს ლობიოს მარცვლები ესროლა შეძახილით “სალაფავი მონებისთვის”, ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არაძალადობრივი, თუნდაც წესრიგის დამრღვევი ქცევისთვის, რომელიც ფუნდამენტური უფლებით სარგებლობას უკავშირდებოდა, საპატიმრო სასჯელის გამოყენება, როგორი ხანმოკლეც არ უნდა ყოფილიყო ის, არაპროპორციული იყო და მომჩივნის 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა კონვენციასთან შეუთავსებლად მიინია.9


ამასთან, აღსანიშნავია, რომ გამოხატვის ფუნდამენტური უფლებით სარგებლობის გამო ცნობილი ჟურნალისტის და ტელეკომპანია “ფორმულას” თანამშრომლის, ვახო სანაიას, პატიმრობა მედიის მიმართ შემზღუდავი და რეპრესიული გარემოსა და კონკრეტულად “ფორმულას” წინააღმდეგ მიმართული ისეთი რეპრესიული ზომების ფონზე ხდება, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ მიმართული (SLAPP) სამოქალაქო სარჩელი/სასამართლო გადაწყვეტილება და იმავე საქმეზე, პარალელურად, ცრუ დასმენის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) სისხლის სამართლის გამოძიების წარმოება “ფორმულას” მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო.10



1 ვახო სანაიასთვის 14-დღიანი პატიმრობის საბაბი შემდეგი ფეისბუქპოსტები გახდა: „ლადო ბოჟაძეს სიტყვა გაექცა ლევან მურუსიძეზე და ეგრევე გადააწნეს სახრე ზურგზე. იმედია, სუ *ლე არ ეძახეს, რადგან აკრძალულია კანონით ლადოსთვის *ლის დაძახება… აქვე მინდა, მოგიწოდოთ, ნურც თქვენ უწოდებთ ლადოს *ლეს; „პაპუაშვილი *ლეა – ასეთი კომენტარები მხვდება სოციალურ ქსელში… წინაზეც დავწერე სტატუსი, რომ სამმართველო უკვე ამოქმედებულია და იქნებ ამ სამსახურს სცეთ პატივი, თუმცა შალვას პატივისცემისკენაც მოგიწოდებთ დაბეჯითებით. გასაგებია, რომ *ლედ მიგაჩნიათ ამხელა კაცი, მაგრამ სამმართველოც **ლეობაა?“ მანამდე ვახო სანაია ფეისბუქ პოსტების გამო 2025 წლის 20 ივნისს 4 000 ლარით, ხოლო 2026 წლის 10 ივლისს - 6 000 ლარით დაჯარიმდა. იხილეთ: პუბლიკა, ტელეწამყვან ვახო სანაიას ფეისბუქპოსტების გამო 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 22.07.2026, https://publika.ge/telewamyvan-vakho-sanaias-feisbuqpostebis-gamo-14-dghiani-administraciuli-patimroba-sheufarde/

2 Miladze v. Georgia, 41585/23, 19.05.2026. იხილეთ ასევე: საია, საქართველოში ცენზურის ინსტიტუციური რისკის ფონზე ევროსასამართლოს უახლესი გადაწყვეტილების მიმოხილვა, 19.05.2026, https://www.gyla.ge/post/GYLA-cenzurisinstituciuririskebi-evrisasamartlosgadatskvetileba,

3 მაგალითად იხილეთ: პირველი არხი, ირაკლი კობახიძე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა გარედან თავს მოხვეულ ტენდენციებს დავუპირისპირდეთ, ამას ემსახურება კანონმდებლობა, ამისთვის შეიქმნა შესაბამისი დეპარტამენტი, 10.07.2026, https://1tv.ge/news/irakli-kobakhidze-yvelaferi-unda-gavaketot-rata-garedan-tavsmokhveul-tendenciebs-davupirispirdet-amas-emsakhureba-kanonmdebloba-amistvis-sheiqmna-shesabamisi-departamenti/,

4 ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში 2025 წელს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასება, 10.12.2025, გვ. 15, https://admin.gyla.ge/uploads_script/publications/pdf/%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98%202025%20%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1.pdf

5 რადიო თავისუფლება, შსს-ს „სისტემური მონიტორინგის“ სამმართველომ 10 თანამშრომლით დაიწყო მუშაობა, 01.06.2026, https://www.radiotavisupleba.ge/a/33769921.html,

6 სიძულვილის ენის საყოველთაოდ აღიარებული განმარტება არ არსებობს, თუმცა სიძულვილის ენის შესახებ გაეროს სამოქმედო გეგმის მიხედვით, იგი განიმარტება, როგორც ნებისმიერი წერილობითი, ზეპირი ან ქცევითი კომუნიკაცია, რომელიც თავს ესხმის ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს ან იყენებს მის მიმართ დისკრიმინაციულ ენას რელიგიის, ეთნიკური იდენტობის, ეროვნების, რასის, კანს ფერის, წარმომავლობის, გენდერის ან იდენტობასთან დაკავშირებული სხვა ფაქტორის გამო (იხ. United Nations Strategy and Plan of Action on Hate Speech, 2019, გვ. 2, https://www.un.org/en/genocideprevention/documents/advising-and-mobilizing/Action_plan_on_hate_speech_EN.pdf). შესაბამისად, სიძულვილის ენას შეურაცხყოფისაგან იდენტობასთან დაკავშირებით, დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობა განასხვავებს - იგი დაკავშირებულია რომელიმე დაცულ ნიშნანთან, რომელიც პირს ან ადამიანთა ჯგუფს ახასიათებს ან რომელთანაც ხდება მათი ასოცირება.

7 რადიო თავისუფლება, როცა არ არსებობს დაზარალებული, მაგრამ ხულიგნობისთვის გაჯარიმებენ - რა ხდებოდა სხდომაზე, სადაც ფეისბუკ-კომენტარზე იდავეს, 03.07.2026, https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%99-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A1/33795580.html

8 ODIHR, Opinion-Nr.: FOPA-GEO/536/2025 [TN], par. 101-104, https://www.osce.org/odihr/587466

9 Chkhartishvili v. Georgia, 31349/20, 11.05.2023.

10 საია, ტელეკომპანია ფორმულასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP (სტრატეგიული სამართალწარმოება საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ) პრეცედენტია, 15.07.2026, https://www.gyla.ge/post/GYLA-Formulacase-SLAPP,


სხვა სიახლეები