GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

24 თებერვალი, 202611:43

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია („საია“) ეხმიანება პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ, რომელსაც პარლამენტმა 18 თებერვალს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.1 წარმოდგენილი ცვლილებები მნიშვნელოვნად აზიანებს იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და ზრდის მასზე პოლიტიკური გავლენების რისკს. ერთი მხრივ, კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამსახურის მიერ ხარისხიანი და მიუკერძოებელი იურიდიული დახმარების გაცემას, ხოლო, მეორე მხრივ, იგი ეწინააღმდეგება უფასო იურიდიული დახმარების ლოგიკას და ადვოკატის პროფესიული თავისუფლებისა და თვითმმართველობის პრინციპებს.  ამასთანავე კანონპროექტის განმარტებითი ბარათი ვერ ხსნის ამ ცვლილებების საჭიროებას.   განმარტებით ბარათში არაფერია  აღნიშნული იმ საკითხზე თუ რატომაა მოქმედი მოდელი ხარვეზიანი, და რატომ გახდის სამსახურის საქმიანობას უფრო ეფექტიანს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი. 


ქვემოთ მიმოხილულია ის საკვანძო პრობლემური საკითხები, რომლებიც ინიციირებულ ცვლილებებს, საიას შეფასებით, აქვს: 

  1. 1. იცვლება იურიდიული დახმარების სამსახურის ანგარიშვალდებულების ფორმა, რაც უარყოფითად აისახება მის დამოუკიდებლობაზე 


თუ მოქმედი რედაქციით, იურიდიული დახმარების სამსახური პარლამენტის წინაშე იყო ანგარიშვალდებული, ახლა იგი პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება. შესაბამისად, მასზე სრულად გავრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მოქმედება.2  შესაბამისად, სამსახურის დირექტორი ანგარიშს წარუდგენს არა საქართველოს პარლამენტს, არამედ პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრი თანამდებობაზე თავად დანიშნავს და გაათავისუფლებს სამსახურის დირექტორს, ერთპიროვნულად დაამტკიცებს სტარტეგიას.3 მიუხედავად იმისა, რომ ინიცირებული ვარიანტი კვლავ უსვამს ხაზს სამსახურის დამოუკიდებლობას, იურიდიული დახმარების სამსახურის დაქვემდებარება აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის ეწინააღმდეგება ზოგადად იურიდიული დახმარების ლოგიკასა და დაცვის უფლების განხორციელების პრინციპებს, რადგან ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეებისათვის გაწეული იურიდიული მომსახურება სახელმწიფო დაწესებულებებთან მიმართებით არსებულ დავებს ეხება და დავის ორივე მხარის ერთი ხელისუფლების შტოს ქვეშ მოქცევა პირის დაცვის ლოგიკას ეწინააღმდეგება. შედეგად, სამსახურის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მოქცევა უარყოფითად აისახება მის დამოუკიდებლობასა და საქმიანობის ობიექტურად და მიუკერძოებლად განხორციელებაზე. 


  1. 2 უქმდება იურიდიული დახმარების საბჭო, რაც შიდაინსტიტუციური თვალსაზრისით ასუსტებს სამსახურს  


წარმოდგენილი ცვლილებებით  იურიდიული დახმარების საბჭო,  როგორც სამსახურის პოლიტიკის განმსაზღვრელი და მონიტორინგზე პასუხისმგებელი კოლეგიური ორგანო, უქმდება.4 აქამდე საბჭო იყო სამსახურში არსებული კოლეგიური ორგანო, რომელიც მის  მართვას,ფუნქციების ეფექტიან შესრულებას, სამსახურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად.5 იგი 9 წევრისგან შედგებოდა, რომლებიც აირჩეოდნენ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, სახალხო დამცველის, იურიდიული დახმარების ბიუროების, იუსტიციის მინისტრისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ.6 იურიდიული დახმარების საბჭო განსაზღვრავდა სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ამტკიცებდა სტრატეგიას და ახორციელებდა მისი შესრულების მონიტორინგს. ამასთანავე საბჭო ირჩევდა სამსახურის დირექტორს.   


მოქმედი რედაქციით, საბჭოს უფლებამოსილებებში ასევე შედიოდა სამსახურის სტრატეგიის შესრულების მონიტორიგი,  სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესისა და კრიტერიუმების განსაზღვრა, რაც ფაქტობრივად ადგენდა იმას, თუ ვინ მიიღებდა უფასო იურიდიული მომსახურებას. წარმოდგენილი ცვლილებებით კი, გაუქმებული საბჭოს უფლებამოსილებების ნაწილი (მაგ. დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა, სტარტეგიისა და დებულების დამტკიცება) გადაეცემა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას, ხოლო უფლებამოსილებების ნაწილი, რომელიც სამსახურის მუშაობის კოორდინაციასა და, მათ შორის, ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ორგანიზებას ეხებოდა, მხოლოდ დირექტორის ხელში აღმოჩნდება.  


თავისთავად კოლეგიური ორგანოს არსებობა, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ დანიშნული წევრებისგან იყო შედგენილი, მიზნად ისახავდა, უზრუნველეყო მის სიჯანსაღე, აზრთა სხვადასხვაობა და კონსენსუსის აუცილებლობა. მნიშვნელოვანი უფლებამოსილებების არჩეული, კოლექტიური, კონსესუსზე ორიენტირებული ორგანოდან ერთპიროვნულად დანიშნული დირექტორის ხელში გადასვლა აუარესებს გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და ინკლუზიურობის ხარისხს. 


ინიცირებული ცვლილებებით, ფაქტობრივად, იურიდიული დახმარება ექცევა მთავრობის მმართველობის ქვეშ, რომელიც დამოუკიდებლობისა და შიდაავტონომიის შეზღუდული სტატუსით ისარგებლებს. მართალია, ფორმალურად საბჭოს უფლებამოსილებებს მთავრობა და სამსახურის დირექტორი ინაწილებს, თუმცა საბჭო, როგორც სხვადასხვა სუბიექტის მიერ დაკომპლექტებული ორგანო, რომელიც დამოუკიდებლობის ინსტიტუციური გარანტია იყო, უქმდება, რაც დელიბერაციული და კოლეგიალური მმართველობის სისტემის გაუქმებას ისახავს მიზნად.  


  1. 3 ცვლილებების გავლენა ინდივიდების დაცვის უფლებაზე 


გამომდინარე იქიდან, რომ იურიდიული დახმარების ბიუროები მოქალაქეებს უწევენ სამართლებრივ, მათ შორის უშუალოდ საადვოკატო მომსახურებას, აუცილებელია იურიდიული დახმარების სისტემა განხილულ იქნას საადვოკატო საქმიანობის პრინციპებთან7 მიმართებითმნიშვნელოვანი უკუსვლაა, დახმარების მიმღების განსაზღვრისათვის საჭირო კრიტერიუმების იმ დირექტორის მიერ დადგენის უფლებამოსილების მინიჭება, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშული პირია. ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ნაკლებობის პირობებში, ასეთი კრიტერიუმების განსაზღვრაც პოლიტიკური კონტროლის მექანიზმად შეიძლება იქცეს. 


იურიდიული დახმარების სამსახური მნიშვნელოვანი ინსტიტუტია ქვეყანაში დაცვის უფლების რეალიზების თვალსაზრისით. წარმოდგენილი ცვლილებებით კი, სამსახურის ინსტიტუციური გარანტიების შესუსტება გავლენას ახდენს მოქალაქეებს  მიერ დამოუკიდებელი და ხარისხიანი იურიდიული მომსახურების უფლებაზე, მით უფრო მაშინ, როდესაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რეპრესიული საკანონმდებლო კლიმატის პირობებში სულ უფრო ნაკლები რესურსით ახერხებენ მოქალაქეთა უფასო იურიდიულ დახმარებას.   

 



1 „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, 2026 წლის იანვარი, ხელმისაწვდომია: https://parliament.ge/legislation/31731 

2 „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი.

3 „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი

4 იქვე, მე-4 პუნქტი.

5 იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 1-ელი პუნქტი

6 იქვე, პუნქტი 2.

7 ამასთან კავშირში, აღსანიშნავია, რომ, უფასო იურიდიული დახმარება, რომელსაც საქართველოში იურიდიული დახმარების სამსახური ბიუროების მეშვეობით უზრუნველყოფს, არის საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული დაცვის უფლების რეალიზებისთვის აუცილებელი ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, მოქალაქეებს უწევს უფასო იურიდიულ კონსულტაციასა და მომსახურებას. იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც არა მხოლოდ ამ უწყებაში დასაქმებულის, არამედ ადვოკატის სტატუსითაც სარგებლობენ, აქვთ საადვოკატო საქმიანობის თავისუფლება. საადვოკატო საქმიანობის თავისუფლებაში იგულისხმება ის, რომ ადვოკატი თავისუფალი და დამოუკიდებელი უნდა იყოს პოლიტიკური, სამართლებრივი თუ სხვა სახის კონტროლისა და გავლენებისგან და უნდა ემორჩილებოდეს მხოლოდ კანონს, მიუხედავად იმისა, ის დამოუკიდებელ საადვოკატო საქმიანობას ეწევა თუ სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატია. ადვოკატს ასევე უნდა ჰქონდეს თავისი საადვოკატო სტრატეგიის დაგეგმვის უფლება და იგი უნდა სარგებლობდეს პროფესიული თვითმმართველობით. დაუშვებელია, მისი პროფესიული აქტივობების წარმართვაში სხვა პირი იყოს ჩართული, რომელიც სუბორდინაციუდამოკიდებულებაში იქნება მასთან. თვითმმართველობის უფლებით ასევე უნდა სარგებლობდეს ადვოკატთა ყველანაირი გაერთიანება, რომლებიც დამოუკიდებელი უნდა იყოს სახელმწიფო დაწესებულებებისგან. არსებული რედაქციის მიხედვით, იურიდიული დახმარება ეფუძნება კანონიერების, მხარეთა თანასწორობის პრინციპებს და უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით დაუბრკოლებელ სარგებლობას. იურიდიული დახმარების სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და დაუშვებელია მის საქმიანობაზე ზემოქმედება. იურიდიული დახმარების სისტემის დამოუკიდებლობასა და მის მოწყობაში სახელმწიფოს ჩაურევლობაზე მიუთითებს ასევე გაეროს იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის პრინციპები. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციით, ყველა საჭირო ზომა უნდა იქნას მიღებული იმისათვის, რომ ყველა პირისთვის იყოს ხელმისაწვდომი ეფექტიანი სამართლებრივი დახმარება დამოუკიდებელი იურისტების მიერ, მათ შორის, ისეთი პირებისთვისაც, რომლებიც ეკონომიკურად სუსტ მდგომარეობაში არიან. იხ. Recommendation No. R(2000)21 of the Committee of Ministers to member States on the freedom of exercise of the profession of lawyer, 25 October 2000; იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი, მუხლი 8; United Nations Principles and Guidelines on Access to Legal Aid in Criminal Justice Systems; Recommendation No. R(2000)21 of the Committee of Ministers to member States on the freedom of exercise of the profession of lawyer, 25 October 200

სხვა სიახლეები