სიახლეები

2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებდა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.1 ამ განცხადების შემდეგ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა. მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციისა და პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვის ტენდენცია მანამდეც შეინიშნებოდა, თუმცა საანგარიშო პერიოდში უფრო თვალსაჩინო გახდა საარჩევნო პროცესზე ზემოქმედების შედარებით შეფარული მეთოდებიდან უფრო პირდაპირ და მკაცრ ფორმებზე გადასვლა. ეს, მათ შორის, გამოიხატა პოლიტიკური პარტიების საქმიანობისა და პოლიტიკური მონაწილეობის შემზღუდავი სამართლებრივი მექანიზმების გაფართოებასა და პრაქტიკულ გამოყენებაში.
წინამდებარე მცირე მიმოხილვა ეხება საანგარიშო პერიოდში2 განვითარებულ იმ საკანონმდებლო და პოლიტიკურ პროცესებს, რომლებმაც ქვეყანაში არსებითად გააუარესა აქტიური (ხმის მიცემის) და პასიური (არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის) საარჩევნო უფლებების რეალიზების შესაძლებლობა. ამ პროცესების ერთობლივი გავლენა და ბუნდოვანი სამართლებრივი ცნებებით გამოწვეული მსუსხავი ეფექტი არსებით საფრთხეს უქმნის ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციასა და მოქალაქეთა მონაწილეობას.
1. აქტიური საარჩევნო უფლების შეზღუდვა
1.1. საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით: „სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე”.3 მიუხედავად ამისა, 2025 წლის დეკემბერში მიღებული ახალი საარჩევნო კოდექსით, საპარლამენტო არჩევნები, მუნიციპალური არჩევნების მსგავსად, მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში ტარდება.4 შესაბამისად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ იხსნება, ხოლო ხმის მიცემის ალტერნატიული მექანიზმი (მაგალითად, ფოსტით ან ელექტრონულად) კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.
მართალია, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები ფორმალურად ინარჩუნებენ ხმის უფლებას, მაგრამ მისი რეალიზაცია საქართველოში ფიზიკურად ჩამოსვლაზეა დამოკიდებული. მგზავრობის ხარჯი, მანძილი, სამუშაო და ოჯახური ვალდებულებები ბევრი ემიგრანტისთვის კენჭისყრაში მონაწილეობას მნიშვნელოვნად ართულებს ან შეუძლებელს ხდის.
ქვეყნის ფარგლებს გარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკანონმდებლო შეზღუდვით შეილახა აქტიური საარჩევნო უფლების საყოველთაობის ასპექტი, რადგან საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, სათანადო დასაბუთების გარეშე, ხმის მიცემის უფლების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი და არაპროპორციული დაბრკოლება შეექმნათ. საკითხი 2026 წლის აპრილში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საფრანგეთში მცხოვრები მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა,5 თუმცა სასამართლოს საქმე არსებითად განსახილველად ჯერაც არ მიუღია.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილი იყო 67 საარჩევნო უბანი. ამ უბნების მიხედვით ამომრჩეველთა რაოდენობამ 95 910 შეადგენა, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა დაახლოებით 34 000-მა ამომრჩეველმა მიიღო. ნიშანდობლივია, რომ საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ხმების მხოლოდ 13,49% მიიღო, მაშინ როდესაც ქვეყნის მასშტაბით მის მიერ მიღებული ხმების წილმა 53,93% შეადგინა.6
2. პასიური საარჩევნო უფლების შეზღუდვა
2.1. კონსტიტუციური სარჩელის წინმსწრები საკანონმდებლო ცვლილებები
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის წარდგენამდე კანონმდებლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. 2025 წლის მაისში სასამართლოს მიეცა უფლება, აკრძალოს პარტია, რომლის მიზნები ან საქმიანობა, მათ შორის პერსონალური შემადგენლობა, არსებითად იმეორებს უკვე აკრძალული პარტიისას,7 და ასეთი საქმის განსახილველად 14-დღიანი ვადა დაწესდა. იმავე წლის ოქტომბერში კი განისაზღვრა, რომ აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს ეკრძალება ახალი პარტიის დაარსება, პარტიაში ხელმძღვანელი პოსტის დაკავება, სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობების დაკავება და არჩევნებში მონაწილეობა.8 ამასთან, აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირს ასევე ეკრძალება შემოწირულობების გაღება სხვა პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ.9
პარტიის პერსონალური შემადგენლობისა და საარჩევნო სიების მსგავსების გათვალისწინება აჩენს კითხვას, რამდენად შეიძლება ცალკეულ პირთა წარსული პოლიტიკური კავშირები ახალი პარტიის აკრძალვის საფუძვლად იქცეს, თუ არ დგინდება ამ პარტიის მიერ კანონით აკრძალული მიზნების ან საქმიანობის განხორციელება.
დემოკრატიული ინსტიტუტების მიტაცების პირობებში, ე.წ. „მემკვიდრე პარტიების“ საქმიანობის აკრძალვისა და თავად ამ ტერმინის ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა სამომავლოდ აჩენს პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვის, ახალი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბებისა და საქმიანობისთვის დაბრკოლებების შექმნის რისკს.
ამ რეგულაციების შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა კრიტერიუმებით მიიჩნევა პირი აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებულად და რა საფუძვლით ვრცელდება მასზე პოლიტიკური მონაწილეობის შეზღუდვები. მოცემული რეგულირების პირობებში ეს სრულიად ბუნდოვანია, რაც მკაცრი სანქციის პირობებში მოქალაქეებს კანონიერი, კონსტიტუციით დაცული საქმიანობისგან თავშეკავებისკენ უბიძგებს, რადგან მათთვის არც ნორმის ფარგლებია ნათელი და არც სანქციის რისკია განჭვრეტადი. ამასთან, პარტიის აკრძალვა თავისთავად არ ადასტურებს, რომ მასთან დაკავშირებული თითოეული პირი ინდივიდუალურად არის პასუხისმგებელი იმ საქმიანობაზე, რომელიც პარტიის აკრძალვის საფუძვლად იქნა მიჩნეული. შესაბამისად, შეზღუდვების გამოყენებისას მნიშვნელოვანია სამართლებრივი განსაზღვრულობის, ინდივიდუალური პასუხისმგებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნების დაცვა.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა ვადით არ არის შემოსაზღვრული და კონკრეტულ პარტიასთან კავშირი პირისათვის შეიძლება მისი პოლიტიკური კარიერის დასრულების ტოლფასი იყოს მთელი სიცოცხლის განმავლობაში, რაც არსებითად არაპროპორციულად ზღუდავს პირის პოლიტიკურ უფლებებს.
ვენეციის კომისიის 2026 წლის 9-10 ოქტომბერს მიღებულ შეფასების მიხედვით, კანონმდებლობა პლურალიზმისა და დემოკრატიის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება და საქართველოს სუვერენიტეტის, კონსტიტუციური სისტემისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისგან დაცვის ნაცვლად, მათთვის სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნის.10
2.2. პარტიის წევრობის აკრძალვა უცხოეთისგან დაფინანსებულ ორგანიზაციაში დასაქმებული პირებისთვის
2026 წლის მარტში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებებით პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალათ პირებს, რომლებიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შემოსავალს (სრულად ან ნაწილობრივ) იღებენ იმ ორგანიზაციისგან, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური ძალისგან აქვს მიღებული.11
ბოლო რვა წლის განმავლობაში უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციაში მუშაობის გამო მოქალაქისთვის პოლიტიკური პარტიის წევრობის და შესაბამისად პასიური საარჩევნო უფლების ჩამორთმევა არსებითად ეწინააღმდეგება გაერთიანების თავისუფლების დაცვის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს.
ასეთი შეზღუდვა პრობლემურია, რადგან იგი მმართველი ჯგუფის ფინანსური გავლენებისგან პოტენციურად თავისუფალ მოქალაქეს უზღუდავს პოლიტიკური მიზნებით გაერთიანებისა და პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის უფლებას არა მის მიერ ჩადენილი კონკრეტული უკანონო ქმედების, არამედ ორგანიზაციაში მისი პროფესიული საქმიანობისა და ამ ორგანიზაციის მიერ უცხოური დაფინანსების მიღების ფაქტის გამო.
კანონით დაშვებული უცხოური დაფინანსების მოპოვებისა და გამოყენების შესაძლებლობით სარგებლობა არ შეიძლება გახდეს მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის საფუძველი.
შეჯამება
განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები მიუთითებს, რომ აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებების შეზღუდვა ურთიერთდაკავშირებული მიმართულებებით მიმდინარეობს. კერძოდ, ერთი მხრივ, საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს ექმნებათ ხმის მიცემის მნიშვნელოვანი პრაქტიკული დაბრკოლებები, ხოლო, მეორე მხრივ, ვიწროვდება პოლიტიკური გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები. ამ ცვლილებების ერთობლივი ეფექტი სცდება ცალკეული მოქალაქეებისა თუ პოლიტიკური პარტიების უფლებრივ მდგომარეობას და საფრთხეს უქმნის პოლიტიკური კონკურენციის, პლურალიზმისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის საფუძვლებს.
განსაკუთრებით პრობლემურია პოლიტიკური მონაწილეობის შეზღუდვის დაკავშირება არა პირის ინდივიდუალურად დადგენილ უკანონო ქმედებასთან, არამედ მის წარსულ პარტიულ კავშირებთან ან პროფესიულ საქმიანობასთან. ბუნდოვანი სამართლებრივი კრიტერიუმები, შეზღუდვების ხანგრძლივი ან განუსაზღვრელი მოქმედება და მათი ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა ქმნის თვითნებური გამოყენების რისკს და მსუსხავ ეფექტს კანონიერ პოლიტიკურ საქმიანობაზე. შედეგად, მოქალაქეებს პოლიტიკური მონაწილეობისგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს არა მხოლოდ უშუალოდ დაწესებული აკრძალვები, არამედ მათი შესაძლო გავრცელების განუჭვრეტელი საფრთხეც.
განხილული ტენდენციები ცხადყოფს ისეთი სამართლებრივი გარემოს ჩამოყალიბებას, რომელშიც საარჩევნო უფლებების ფორმალური აღიარება სულ უფრო მეტად სცილდება მათი რეალურად განხორციელების შესაძლებლობას.
1 „ქართულ ოცნებას“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა არ სურს” საინფორმაციო პორტალი რადიო თავისუფლება, 2024 წლის 28 ნოემბერი, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/33219304.html, [01.11.2026].
2 ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებიდან დღემდე.
3 საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი.
4 საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლი „ა“ ქვეპუნქტი.
5 კონსტიტუციური სარჩელი N1962, ხათუნა ქართველიშვილი და ნათია ვეშაგური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური ვებგვერდი, 2026 წლის 4 მაისი, ხელმისაწვდომია: https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=19847 [01.11.2026].
6 „ოცნება“ მმართველობის გასამყარებლად ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლებას ართმევს“, საინფორმაციო პორტალი „ნეტგაზეთი“, 2025 წლის 17 ნოემბერი, ხელმისაწვდომია: https://netgazeti.ge/news/791319/ [01.11.2026].
7 „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
8 „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი. მსგავსი შინაარსის ცვლილებები შევიდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ორგანულ კანონისა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის სათანადო მუხლებშიც.
9 „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის 26-ე მუხლის პირველ პუნქტს ემატება „ა1“ ქვეპუნქტი.
10 CDL-AD(2026)027, §62.
11 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები.
გააზიარე: