სიახლეები

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 2026 წლის თებერვლიდან იცავს დაზარალებული საბა სხვიტარიძის ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება 2024 წლის 5 დეკემბერს სამართალდამცავთა მხრიდან საბა სხვიტარიძის მიმართ განხორციელებული წამების ფაქტს 8 ეპიზოდად.
2024 წლის 5 დეკემბერს ღამის საათებში საბა სხვიტარიძე გადაადგილდებოდა მამასთან, ზაზა სხვიტარიძესთან ერთად თბილისიდან გურიის მიმართულებით. ქალაქ ზესტაფონთან ახლოს მათი ავტომობილი გააჩერა საპატრულო პოლიციის მანქანამ, ავტომობილთან მივიდა საპატრულო პოლიციის სამი თანამშრომელი, რომლებმაც, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, დააკავეს საბა სხვიტარიძე და ჩასვეს საპატრულო პოლიციის ავტომობილში, ზაზა სხვიტარიძეს კი ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და არ მისცეს საშუალება, მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა საბა სხვიტარიძის ადვოკატისთვის. მიუხედავად მოთხოვნისა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ ჩართეს სამხრე კამერები და არ გააკეთეს არანაირი განმარტება დაკავების საფუძველთან დაკავშირებით.
ა. მოვლენათა ქრონოლოგიური აღწერა:
• ეპიზოდი 1 (სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ძალადობა ტრანსპორტირებისას გორიდან თბილისამდე):
დაკავების ადგილიდან საპატრულო პოლიციის ავტომობილით საბა სხვიტარიძე გადაიყვანეს თბილისის მიმართულებით. ქალაქ გორის გადასახვევთან, ავტობანზე არსებული „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურთან, საპატრულო პოლიციის ავტომობილიდან საბა სხვიტარიძე გადასვეს „ტოიოტა ქემრის“ ავტომობილის უკანა სავარძელზე. ავტომობილში საბა სხვიტარიძესთან ერთად ჩაჯდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 თანამშრომელი, რომელთაც არ ეცვათ სამსახურეობრივი ფორმა. მათ საბა სხვიტარიძე წაიყვანეს თბილისის მიმართულებით. ავტომობილში, შსს-ის თანამშრომლები საბა სხვიტარიძეს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ერთ-ერთი პირი მას დაემუქრა ე.წ. „დუბინკით გაუპატიურებითა“ და ე.წ. „ქათმების კამერაში ჩასმით“.
• ეპიზოდი 2 (ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა სასურველი ჩვენების მიღების მიზნით ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობის მე-5 სართულზე ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირების მიერ):
ტოიოტა „ქემრის“ მარკის ავტომობილით საბა სხვიტარიძე მიიყვანეს თბილისში, კორნელი ჩალაძის N1-ში მდებარე ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში. აქ ის აიყვანეს მე-5 სართულზე და შეიყვანეს ერთ-ერთ ოთახში, სადაც აღნიშნულმა ოთხმა პირმა დაიწყო საბა სხვიტარიძეზე ფსიქოლოგიური ძალადობა, მუქარა და მოთხოვნა იმისა, რომ საბა სხვიტარიძეს ეღიარებინა პოლიციელზე თავდასხმა. მიუხედავად მოთხოვნისა, საბა სხვიტარიძე უარყოფდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს და ითხოვდა ადვოკატთან დარეკვის უფლებას. მას შემდეგ, რაც ზემოაღნიშნულმა პირებმა საბა სხვიტარიძისგან ვერ მიიღეს დანაშაულის აღიარება, დატოვეს ოთახი.
• ეპიზოდი 3 (ფიზიკური ძალადობა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობის მე-5 სართულზე ტაქტიკურ ფორმაში გამოწყობილი ნიღბიანი პირების მიერ):
ოთახში მალევე შევიდა 4 ხაკისფერ ტაქტიკურ ფორმაში გამოწყობილი ნიღბიანი პირი, რომლებმაც 5-10 წუთის განმავლობაში ფიზიკურად იძალადეს საბა სხვიტარიძეზე, ისინი სცემდნენ მას ხელებითა და ფეხებით, ურტყამდნენ კიდურების, მუცლის, მკერდისა და თავის არეში. იძალადეს წაქცეულ დაზარალებულზეც. მარცხენა ხელის ნეკა თითზე დააჭირეს ფეხი და სცადეს ხელის მოტეხვა. ძალადობის შედეგად საბა სხვიტარიძემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი.
• ეპიზოდი 4 (ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა სასურველი ჩვენების მიღების მიზნით ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობის მე-5 სართულზე ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირების მიერ):
ფიზიკური ძალადობის დასრულების შემდეგ ოთახში დაბრუნდა ის 4 პირი, რომლებმაც გორიდან თბილისში გადაიყვანეს საბა სხვიტარიძე, ისინი კვლავ მოითხოვდნენ მისგან აღიარებით ჩვენებას და კვლავ ემუქრებოდნენ იმით, რომ იგი მოხვდებოდა ე.წ. „ქათმების“ საკანში.
• ეპიზოდი 5 (სიტყვიერი შეურაცხყოფა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობის მე-8 სართულზე, ერთ-ერთი ხელმძღვანელის მიერ):
მას შემდეგ, რაც მათ კვლავ ვერ მიიღეს საბა სხვიტარიძისგან სასურველი ინფორმაცია, მოსთხოვეს მოწესრიგებულიყო, იმ მოტივით, რომ მას გამომძიებელი უნდა შეხვედროდა. საბა სხვიტარიძემ, ძლიერი თავბრუსხვევის გამო, ვერ შეძლო მოწესრიგება (ჰქონდა ტვინის შერყევა), რის გამოც აღნიშნულმა პირებმა თავად სცადეს დასვრილი ტანსაცმლის მოწესრიგება. საბა სხვიტარიძეს ოთახში აერია გული, რაც გამოწვეული იყო ტვინის შერყევით.
ზემოაღნიშნულმა ოთხმა პირმა საბა სხვიტარიძე გადაიყვანა ამავე შენობის მე-8 სართულზე, სადაც ლიფტთან დახვდათ პოლიციის ფორმაში ჩაცმული სამი პირი, რომლებმაც საბა სხვიტარიძე შეიყვანეს ლიფტისგან მარცხნივ მდებარე, ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირის ოთახში, რომელმაც საბა სხვიტარიძეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და უთხრა, რომ მალე შეიყვანდნენ გამომძიებელთან.
• ეპიზოდი 6 (გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილის მიერ დაზარალებულის მდგომარეობის უგულვებელყოფა და დაკითხვის პროცესის წარმართვა):
მალევე საბა სხვიტარიძე გადაიყვანეს გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის ოთახში. სალომე ედიშერაშვილი საბა სხვიტარიძეს უსვამდა კითხვებს, თუმცა საბა სხვიტარიძე არც ერთ მათგანს არ პასუხობდა და ითხოვდა ადვოკატთან დარეკვის უფლებას. მიუხედავად მოთხოვნისა, სალომე ედიშერაშვილი აგრძელებდა კითხვების დასმას გამოკითხვის ოქმის შევსების მიზნით.
• ეპიზოდი 7 (ფიზიკური ძალადობა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობის მე-8 სართულზე 5 პირის მიერ გამომძიებელი ს. ედიშერაშვილის სამუშაო ოთახში):
მას შემდგომ, რაც გამომძიებელი ედიშერაშვილი დარწმუნდა, რომ ვერ მიიღებდა სასურველ პასუხებს საბა სხვიტარიძისგან, მან დატოვა ოთახი, სადაც მალევე შევიდა შსს-ის ორი თანამშრომელი, რომელთაც ეკეთათ სამედიცინო ნიღბები. სამმა სამართალდამცავმა, რომლებიც საბა სხვიტარიძეს მე-8 სართულის ლიფტთან დახვდნენ და საბოლოოდ შეიყვანეს ედიშერაშვილის ოთახში, დაიწყო საბა სხვიტარიძის გაკავება, ახალშესულმა ორმა სამართალდამცავმა კი დაიწყო საბა სხვიტარიძეზე ფიზიკური ძალადობა. ისინი საბა სხვიტარიძეს ურტყამდნენ ტანისა და თავის არეში, თავზე გადაამტვრიეს ხის ნივთი, რომელიც იდო ედიშერაშვილის სამუშაო მაგიდაზე. ტვინის შერყევის გამო საბა სხვიტარიძეს კიდევ ერთხელ აერია გული, რის შემდგომაც შეწყდა მასზე ძალადობა.
• ეპიზოდი 8 (სასტიკი ცემის კიდევ ერთი ეპიზოდის მერე, რაც გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილისთვის შეცნობადი იყო, მისი, როგორც გამომძიებლის მოვალეობების უგულვებელყოფით, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით წამებაში თანამონაწილეობა):
ოთახში დაბრუნდა ედიშერაშვილი, რომელმაც კვლავ დაიწყო კითხვების დასმა სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, რაზეც კვლავ ვერ მიიღო პასუხები. ედიშერაშვილს რეაგირება არ მოუხდენია დაზარალებულის მიმართ შეცნობადად განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის არც ერთ ეპიზოდზე, რითაც, ისიც გახდა თანამონაწილე ს. სხვიტარიძის მიმართ განხორციელებულ წამებაში.
ბ. დაზარალებულის დაზიანებებთან დაკავშირებული მტკიცებულებები:
დაახლოებით 05:00-ზე საბა სხვიტარიძე ჩაიყვანეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობის მინუს ერთ სართულზე, სადაც შეასახლეს წინასწარი დაკავების იზოლატორში.
1. საბა სხვიტარიძის დაზიანებები აღწერეს როგორც იზოლატორის, ისე მე-6 პენიტენციური დაწესებულების ექიმებმა. დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ მას აღენიშნება ტკივილები თავის არეში, სისხლჩაქცევები მუცლის მარჯვენა ნახევარში და კუდუსუნის მიდამოში. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით საბა სხვიტარიძეს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები მარჯვენა ფერდქვეშ მუცლის მარჯვენა ნახევარში და კუდუსუნზე, დაზიანებები ხანდაზმულობით ემთხვევა საბა სხვიტარიძის დაკავების თარიღებს.
2. ტრასოლოგიური ექსპერტიზა ჩატარდა „ჰუდზე“, რომელიც დაკავების დღეს ეცვა საბა სხვიტარიძეს, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით „ჰუდს“ აღენიშნება 3 ხევითი და რღვევითი დაზიანება.
გ. დაზარალებულთან მიმართებით განხორციელებულ ქმედებებში ფიგურანტი პირები:
საბა სხვიტარიძეს სხვადასხვა დროს გამოკითხვის ოქმში მითითებული აქვს იმ პირების დიდი ნაწილის შესახებ, რომლებიც მონაწილეობდნენ მის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაში. გამოძიების მასალებში მოიპოვება მათი სახელები, გვარები და ფიზიკური მახასიათებელი ნიშნები.
ს. სხვიტარიძის განმარტებით:
1. პირები, ვინც „ტოიოტა ქემრის“ ავტომობილით გორიდან თბილისამდე საბა სხვიტარიძე გადმოიყვანეს და მასზე ეპიზოდში 1, 2 და 4 განახორციელეს ძალადობა, არიან ლევან კუნდუხაშვილმა, ვანო გავაშელიშვილმა, თორნიკე ჯაფარიძემ და მიხეილ სუჯაშვილმა.
2. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მე-8 სართულზე, გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის ოთახში ეპიზოდ 7-ში საბა სხვიტარიძეზე ძალადობის ბრძანება გასცა გამომძიებელმა თედორე გრიგალაშვილმა, რაც გამოიწვია იმან, რომ საბა სხვიტარიძემ უარი განაცხადა, ხელი მოეწერა შსს-ის თანამშრომლების მიერ შევსებულ ოქმზე.
დ. გამოძიების მიერ საბაზისო მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებული ხარვეზები
გამოძიებას არ აქვს ამოღებული პოლიციის დეპარტამენტის შიდა და გარე კამერების ჩანაწერები, რომლებიც დაადასტურებდა საქმის ფაბრიკაციასა და საბა სხვიტარიძეზე განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას. 112-ის წერილის მიხედვით, მათ არ აღმოაჩნდათ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შიდა და გარე კამერების არც ერთი იმ პერიოდის ჩანაწერი, როდესაც საბა სხვიტარიძე შენობაში შეიყვანეს და მასზე არასათანადო მოპყრობა განხორციელდა.
ასევე არ არის ამოღებული კამერის ჩანაწერები ავტობანიდან ზესტაფონი-გორი-თბილისის მიმართულებით, რომლის მეშვეობითაც დადასტურდებოდა, რომ სამართალდამცავები იძლევიან ცრუ ჩვენებას საბა სხვიტარიძის დაკავებისა და მისი თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გადაყვანის ნაწილში.
ე. სახელმწიფოს ვალდებულებები
სახელმწიფოს აკისრია აბსოლუტური ვალდებულება, თავი შეიკავოს მის წარმომადგენლების მიერ წამებისა და არასათანადო მოპყრობისგან და უზრუნველყოს ასეთი ფაქტების ეფექტიანი, დამოუკიდებელი, დროული და შედეგზე ორიენტირებული გამოძიება. ეს მოიცავს ადვოკატზე დროულ წვდომას, დაკავებისა და ტრანსპორტირების გამჭვირვალე პროცესს (მათ შორის ვიდეოფიქსაციას), წამების სანდო მტკიცებულებებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას, სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცავთა იდენტიფიკაციას, და მათი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისგან ჩამოშორებას მანამ, სანამ გამოძიება საქმეზე დასრულდება.
საგამოძიებო ორგანოებს განსაკუთრებული ვალდებულება აქვთ უზრუნველყონ ყველა ხელმისაწვდომი ობიექტური მტკიცებულების, მათ შორის ვიდეოჩანაწერების, ამოღება და გამოყენება.
საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ გამოძიება ვერ აკმაყოფილებს წამების საქმეებში დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს. კერძოდ, არ არის უზრუნველყოფილი სათანადოდ, გონივრულ ვადებში მტკიცებულებების შეგროვება, ასევე არ იკვეთება ეფექტიანი ნაბიჯები დასახელებული სამართალდამცავების იდენტიფიკაციის, დაკითხვისა და საქმეში მათი სტატუსის განსაზღვრის მიმართულებით. გამომძიებლის მიერ დაზარალებულის აშკარა დაზიანებებისა და მისი მონათხრობის უგულებელყოფა ქმნის ფორმალური გამოძიების შთაბეჭდილებას, რაც ზრდის დაუსჯელობასთან დაკავშირებით არსებული კითხვების რიცხვს და ასუსტებს როგორც დაზარალებულის, ისე საზოგადოების ნდობას სისტემის მიმართ. ს. სხვიტარიძის საქმე კიდევ ერთი მაგალითია საქართველოში საპოლიციო წამების ფაქტების მიმართ ინსტიტუციური და ნორმატიული პრევენციის მექანიზმების მოშლის, ხოლო, სისტემის შიგნით, როგორც მაღალი, ისე დაბალი რანგის სამართალდამცავების მიერ სამართლის საბაზისო აკრძალვების, როგორც განზრახი აქტიური მოქმედებით, ისე უმოქმედობით, დარღვევის.
წამების აკრძალვის ვალდებულების უგულვებელყოფა სახელმწიფოსთვის უმძიმესი დარღვევაა, და, საია ამ საქმის თაობაზე დავას სათანადო საერთაშორისო მექანიზმებში საჭიროებისამებრ განაგრძობს, რათა სტრატეგიული სამართალწარმოებით დაიცვას, არა მხოლოდ, საბა სხვიტარიძის, როგორც დაზარალებულის ინტერესებით, არამედ, მისი სახელით ყველა იმ პირის, რომელიც მის მსგავს სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს.
გააზიარე: