სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით საჩივარი გააგზავნა. საქმე შეეხება ციალა ქათამიძის ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავებასა და მის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებას.
1 წლის წინ, 2025 წლის იანვარში, პოლიციამ ციალა ქათამიძე ქ. ბათუმში ადმინისტრაციული წესით დააკავა და მოგვიანებით, მის მიმართ ერთსა და იმავე ფაქტზე 2 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო. ორივე საქმეზე სასამართლომ ციალა სამართალდამრღვევად ცნო და დააჯარიმა პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის საფუძვლით (173-ე მუხლი) - 2000 ლარის, ხოლო სტიკერის ქვაფენილზე დაკვრით იერსახის დამახინჯების საფუძვლით (150-ე მუხლი) - 1000 ლარის ოდენობით.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით დასაბუთებულია, რომ ციალა ქათამიძის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული დაკავებით, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებით, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ისეთი უფლებები, როგორებიცაა - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი), საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი), გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი) და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მუხლი 11).
კერძოდ:
● თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი)
როგორც ცნობილია, 2025 წლის 11 იანვარს, ციალა ქათამიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს შენობის წინ, ე.წ. შლაგბაუმთან, ქვაფენილზე წარწერით - „იფიცება საქართველო“, გაკვრის გამო, დააკავეს. იმ მომენტში, ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელმა, ირაკლი დგებუაძემ განმარტა, რომ ციალა ქათამიძე დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე, შენობის იერსახის დამახინჯებისათვის. უკანონო დაკავების გასამართლებლად, ციალა ქათამიძის მიმართ პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე გაყალბებული ოქმი შეადგინა, რომელიც, მომჩივნის მტკიცებით, მცდარ ინფორმაციას შეიცავდა, მათ შორის, დამკავებელი პირის შესახებ. სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ საჩივარში ხაზგასმულია, რომ ციალა ქათამიძის დაკავება იყო რუტინული და თვითნებური და არ შეფასებულა საქმის ინდივიდუალური გარემოებები.
● საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი)
საჩივარში ვდავობთ, რომ 173-ე მუხლის საქმეზე დაირღვა კონვენციის 6(1) და 6(2) მუხლით გარანტირებული უფლებები, რამდენადაც პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყო უსაფუძვლო, ხოლო დადგენილი ფაქტობრივი და იურიდიული გარემოებები იყო მცდარი და არაჯეროვანი. რეალურად საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, გარდა პოლიციელთა ჩვენებებისა, რომელიც ციალა ქათამიძის მხრიდან პოლიციელების შეურაცხყოფას დაადასტურებდა. ორივე ინსტანციის სასამართლომ მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა და მხოლოდ პოლიციელთა მიერ წარდგენილ ჩვენებებზე დაყრდნობით მიიჩნია ციალა ქათამიძე სამართალდამრღვევად, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების სტანდარტებს არღვევს.
● შეკრებისა თავისუფლება (კონვენციის მე-11 მუხლი) / გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი)
საჩივარში, ასევე, ვდავობთ, რომ ციალა ქათამიძე მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდა აქციის სხვა მონაწილის დაკავების გამო. შესაბამისად, არ არსებობდა გაერთიანების / გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევის გამამართლებელი საფუძველი.
გააზიარე: