სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ადვოკატი სასამართლოში იცავდა ზ. მ. - ს ინტერესებს შპს „მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკის“ წინააღმდეგ. სასამართლომ მოსარჩელე მხარის თითოეული მოთხოვნა სრულად გაიზიარა და დააკმაყოფილა.
საქმის გარემოებები
ზ. მ. შპს „მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკში“ 2019 წლიდან მუშაობდა. მრავალწლიანი შრომითი ურთიერთობის განმავლობაში მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის რაიმე ფორმა არასდროს გამოყენებულა.
მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებული წლების განმავლობაში ჯეროვნად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, დამსაქმებელმა მოულოდნელად მოსთხოვა მას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენისთანავე, დამსაქმებელმა სწორედ შშმ პირის სტატუსის საფუძვლით, დისკრიმინაციულად შეწყვიტა მასთან შრომითი ხელშეკრულება.
სასამართლოს გადაწყვეტილება
სასამართლომ სრულად გაიზიარა საიას ადვოკატის პოზიცია და დაადგინა, რომ დასაქმებულის გათავისუფლება განხორციელდა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულად და კანონმდებლობის უხეში დარღვევით.
სასამართლოს გადაწყვეტილებით:
1. ბათილად იქნა ცნობილი ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;
2. დადგინდა დისკრიმინაციის ფაქტი შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით;
3. სამუშაო ადგილზე აღდგენის ნაცვლად, მოპასუხეს დაეკისრა შესაბამისი კომპენსაციის გადახდა;
4. მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2023 წლის 1 სექტემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე/აღსრულებამდე;
5. მოპასუხეს მიყენებული მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურებაც დაეკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომით ურთიერთობებში შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და შშმ პირთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით. საქმე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ დამსაქმებელს არ აქვს უფლება, პირის შშმ სტატუსი გამოიყენოს შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტის საფუძვლად.
თუ გსურთ, ხელი შეუწყოთ საიას საქმიანობას, მათ შორის, უფასო იურიდიულ დახმარების მიმართულებას, შემოწირულობების განხორციელების გზაა:
საქართველოს მოქალაქის მიერ საბანკო გადარიცხვა.
თქვენთვის სასურველი თანხის ოდენობა შეგიძლიათ გადმორიცხოთ შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
მიმღების ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“
მიმღების ანგარიში: GE25TB7324636080100001
მიმღების სახელი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
მადლობა საიას საქმიანობის მხარდაჭერისთვის!
გააზიარე: