GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

04 ნოემბერი, 202515:10

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურამ 2025 წლის 3 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მშვიდობიანი აქციების მონაწილეების მიმართ რეპრესიების ახალი ტალღის ფარგლებში მიღებული კანონის საფუძველზე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. პირველი ასეთი საქმის ფარგლებში ბრალი წარედგინა 61 წლის ზურაბ მენთეშაშვილს.1


პროკურატურის განცხადებით,2 ზურაბ მენთეშაშვილის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: [[..თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით, გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი, 31 ოქტომბერს, იმყოფებოდა თბილისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, რა დროსაც მას სახე ჰქონდა დაფარული და ხელოვნურად კეტავდა საავტომობილო გზას მაშინ, როდესაც ხალხის მცირე რაოდენობის გამო არ არსებობდა აღნიშნულის აუცილებლობა...]].


ამავე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ზურაბ მენთეშაშვილს დაუსაბუთებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახე - პატიმრობა.


საია მიიჩნევს, რომ ზურაბ მენთეშაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახის, პატიმრობის, გამოყენების არანირი საფუძველი არ არსებობდა, მისი მხრიდან მომდინარე საფრთხეების, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ნეიტრალიზება აღკვეთის ღონისძიების სხვა ნაკლებად მკაცრი სახეებითა და დამატებითი ვალდებულებებითაც იქნებოდა შესაძლებელი, რაზეც უთითებდა კიდეც დაცვის მხარე. ქმედება, რომლის ჩადენასაც ზურაბ მენთეშაშვილს ედავებიან გამომდინარეობს მისი კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლების უფლებიდან, აღნიშნული არ წარმოადგენს ვინმესთვის რაიმე სახის საფრთხეს, მას არ გამოუწვევია ზიანი, განმეორების შემთხვევაშიც კი, ის ვერ იქნება იმგვარი შედეგის მომტანი, რომლის პრევენციაც შესაძლოა საჭიროებდეს პირის თავისუფლების უფლებაში უხეშ ჩარევასა და მის საზოგადოებისგან იზოლაციას.

ამასთან,  ის გარემოება, რომ პირი არის ადმინისტრაციულ სახდელდადებული, ვერ გახდება იმის მტკიცების საფუძველი, რომ ის ჩაიდენს დანაშაულს, მით უფრო, როცა პირი წარსულში ნასამართლევიც კი არ არის. ამგვარი მსჯელობა არღვევს სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის გამყოფ ზღვარს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ანიჭებს დანაშაულის შინაარსს, რაც ეწინააღმდეგება პროპორციულობისა და ინდივიდუალიზაციის პრინციპებს და ქმნის საფრთხეს, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევაც კი, შესაძლოა, უსაფუძვლოდ იქცეს პირის კრიმინალად წარმოჩენის საბაბად.


მოცემულ შემთხვევაში, დაუსაბუთებლად პატიმრობის გამოყენება აჩენს განცდას, რომ სასამართლო მენთეშაშვილის მიმართ გამოყენებული პატიმრობით იქცა პროკურატურის იმ მიზნის თანამონაწილედ, რომელიც შესაძლოა გულისხმობდეს პატიმრობით ანალოგიური ქმედების ჩამდენ სხვა პირთა დაშინებას.


ამასთან, საია კვლავ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება, გამოხატვის თავისუფლებასა და გაერთიანების თავისუფლებასთან ერთად, ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედს წარმოადგენს.3 როდესაც ფასდება უფლებაში ჩარევა, დაკისრებული სასჯელების ბუნება და სიმკაცრე არსებითი ფაქტორია.4 სისხლის სამართლის სანქციების გამოყენება ამ შემთხვევაში, ფუნდამენტური უფლებების განხორციელებაზე მათი პოტენციური მსუსხავი ეფექტის გამო, განსაკუთრებულ დასაბუთებას საჭიროებს.5 ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციები არ უნდა ექვემდებარებოდეს სისხლის სამართლის სანქციების საფრთხეს,6 განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს სანქციები თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.7 შესაბამისად, ისეთი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც დემონსტრაციის დროს არაძალადობრივი ქცევისთვის იწვევს თავისუფლების აღკვეთას, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იქნას განხილული, რათა დაცული იყოს ასეთი ზომების გამოყენებით უფლებაში ჩარევის თანაზომიერების პრინციპი: ლეგიტიმური მიზანი, გამოსადეგობა, აუცილებლობა და პროპორციულობა.8


სამართლებრივი საფუძველი, რომლის საფუძველზეც მენთეშაშვილს წარედგინა ბრალი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მისი მიზანია ხელყოს შეკრების ან მანიფესტაციის უფლება, რაც ასევე სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული დანაშაულია.9 ის ფაქტი, რომ აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს მკაცრი სასჯელით პირთა დაშინება. კანონმდებელს ფორმალურადაც კი არ შეუქმნია მოსამართლისთვის ნაკლებად მზღუდავ ალტერნატივებს შორის არჩევანი.


ალტერნატიული სასჯელის არქონა არღვევს სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და პროპორციულობის პრინციპებს, რომლებიც სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძველია. ასეთ პირობებში, სასამართლო ფაქტობრივად იქცევა „მექანიკურ აღმასრულებელ რგოლად“.


აქვე საქართველოს პროკურატურის მუშაკებს (პროკურორებს) შევახსენებთ, რომ მათი საქმიანობის უმთავრესი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია და მათ მიერ გატარებული სისხლის სამართლის პოლიტიკა თანხვედრაში უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციასთან. პროკურატურა არ არის ორგანო, რომელიც კონტექსტისგან განყენებულად, კონსტიტუციისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების უგულებელყოფით, მხოლოდ რეპრესიული პოლიტიკის გასატარებლად სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე უნდა წარმართავდეს ქვეყანაში სისხლის სამართლის პოლიტიკას.


საია განაგრძობს სასამართლო მონიტორინგს და საზოგადოებას დროდადრო მიაწვდის განახლებულ ინფორმაციასა და შეფასებებს.



1 პროკურატურამ შეკრების ჩატარების წესის დარღვევის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

2 იქვე.

3 Guidelines on Freedom of Peaceful Assembly SECOND EDITION, OSCE/ODIHR 2010, გვ- 9.

4 Kudrevičius and Others v. Lithuania [GC], 2015, § 146.

5 Rai and Evans v. the United Kingdom (dec.), 2009.

6 Akgöl and Göl v. Turkey, 2011, § 43.

7 Gün and Others v. Turkey, 2013, § 83.

8 საიას განცხადება - “ქართული ოცნება“ ავტორიტარულ კანონშემოქმედებას შეკრების თავისუფლების კრიმინალიზების ინიციატივით აგრძელებს

9 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 161.

სხვა სიახლეები