ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით უკანასკნელ დღეებში გურჯაანში განვითარებულ მოვლენებს, ვგმობთ საზოგადოებისადმი გამოხატულ აშკარა უპატივცემლობის ფაქტებს, რომლებიც შესაძლოა ასევე შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოვუწოდებთ. აგრეთვე, მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვა მაღალი თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებს, თავი შეიკავონ იმგვარი განცხადებების გაკეთებისაგან, რომლებიც ძალადობის აშკარა და დაუფარავი წახალისების ტოლფასია და კონფლიქტური სიტუაციის ესკალაციას იწვევს.
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის 20 აპრილს გურჯაანის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები, კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან ერთად, შეიჭრნენ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილის სამუშაო ოთახში და მას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებს შენობის დატოვება აიძულეს. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გ. ღვინიაშვილმა გურჯაანის გამგებლის კორუფციული საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შექმნა დააანონსა.
დაპირიპირების დროს ისროდნენ კვერცხებს. მიუხედავად გამგეობის შენობასთან მობილიზებული ათეულობით პოლიციელისა, მათ ვერ უზრუნველყვეს მომხდარის ეფექტურად აღკვეთა.
აღსანიშნავია, რომ შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ბუბუნაური, გურჯაანის პოლიციის უფროსი გიორგი კრაწაშვილი და სხვები მოვლენებს რამდენიმე მეტრიდან აკვირდებოდნენ. დაპირისპირებას ასევე თვალს ადევნებდნენ გურჯაანის გამგებელი გივი გერგიძე, მისი მოადგილეები ელგუჯა გიორგაძე და დიმიტრი კალატოზიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, მისი მოადგილე რესპუბლიკური პარტიიდან ზვიად ყვირალაშვილი და სხვები.
გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური ძალის გამოყენებით პარლამენტის წევრის სამუშაო ოთახში შეჭრისას განსაკუთრებით აქტიურობდნენ გამგეობის ქონების მართვის განყოფილების უფროსი დავით ნიკოლაშვილი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დურმიშხან ამისულაშვილი, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ხაზიური, საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე ზაქრო ქაჩლიშვილი, სოფელ ვეჯინის რწმუნებული კუკური ჯამატაშვილი, ქალაქ გურჯაანის რწმუნებული დიმიტრი არევაძე და სხვები.
დაპირისპირების ფაქტები 21 აპრილსაც დაფიქსირდა, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გურჯაანში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეჩერებული პროექტები გააპროტესტეს. პარლამენტის წევრებთან, გიორგი ღვინიაშვილთან და ლევან ბეჟაშვილთან გურჯაანის საფეხბურთო კლუბ „ალაზანის“ მენეჯერი მიხეილ ფურცელაძე მივიდა და დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. იყო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მცდელობაც.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გურჯაანის მოვლენებთან დაკავშირებით 21 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში მოიწონა აქტივისტების საქციელი და
აღნიშნა, რომ «ნაციონალური მოძრაობის ქმედებებს გურჯაანის მოსახლეობამ სამართლიანად და ადეკვატურად უპასუხა», რითაც ფაქტობრივად ხელი შეუწყო ძალადობის ესკალაციას.
პოლიციის უმოქმედობით და პრემიერ-მინისტრის ზემოხსენებული შეფასებით გამხნევებულმა თავდამსხმელებმა მაჟორიტარ დეპუტატზე შეტევა 22 აპრილსაც გააგრძელეს, რა დროსაც შენობაში შეკრებილმა „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ღვინიაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს კვერცხები (ინკუბაციური პერიოდის) ესროლეს. ,,
კახეთის საინფორმაციო ცენტრი'' ცნობით, «გამგეობის შენობაში რამდენიმე პოლიციელიც იმყოფებოდა, თუმცა მათ "ქართული ოცნების" წევრების მიმართ არავითარი გამაფრთხილებელი მოწოდება არ გაუკეთებიათ.”
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს მიიღონ სათანადო ზომები, რათა მოხდეს მომხდარის დროული და მიუკერძოებელი გამოძიება. ასევე, უზრუნველყოფილ იქნეს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ნეპოტიზმისა და კორუფციული გარიგებების შესაძლო ფაქტების შესწავლა და სათანადო რეაგირება.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
მედიის განვითარების ფონდი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია
იდენტობა
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი
საფარი
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო