სიახლეები
2025 წლის 14 ივლისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილს გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ და ის კლინიკაში იყო გადაყვანილი. 1 კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განმარტებით, ბაჩიაშვილს აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები სხვადასხვა ადგილზე, სხვადასხვა არეში ჭრილობები, ღია ჭრილობები თავის არეში. გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო ექიმი ნევროლოგის რეკომენდაციით, პაციენტი კლინიკაში შემოსვლიდან რამდენიმე საათში დააბრუნეს პენიტენციურ დაწესებულებაში პენიტენციური დაწესებულების ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. 2
მოგვიანებით, ჯერ ბაჩიაშვილის ადვოკატების, 3 ხოლო შემდეგ სახალხო დამცველის ოფისის 4 მიერ გავრცელებული ინფორმაციითაც დადასტურდა აღნიშნული ფაქტი. ხოლო იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური მომხდარს 2 დღის დაგვიანებით, მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია.5
საია მიიჩნევს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ძალადობა შეიძლება გაუტოლდეს წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას, რაზეც პასუხისმგებელია სპეციალური პენიტენციური სამსახური, ხოლო მომხდარზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფის მიერ დაწყებული/წარმოებული გამოძიება ვერ ჩაითვლება, როგორც დამოუკიდებელი ორგანოს მიერ წარმოებული, რითაც ასევე ირღვევა ბრალდებულის პროცედურული უფლებები. ამასთან, პრობლემურია მის მიმართ გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვის პრაქტიკა.
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა იმაზე, რომ ბაჩიაშვილს შპს „მტკვარი ჰესის“ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, პროკურორის დადგენილების საფუძველზე, შეეზღუდა გარე სამყაროსთან კომუნიკაცია. 13 სახალხო დამცველის არაერთ საპარლამენტო ანგარიშშია საუბარი აღნიშნულ პრობლემაზე. კერძოდ, სახალხო დამცველმა წინადადებითაც მიმართა საქართველოს პარლამენტს, ხოლო იუსტიციის მინისტრს რეკომენდაციით, რომლითაც ითხოვდა არსებული რეალობის იმგვარად მოწესრიგებას, რომ სატელეფონო კომუნიკაციის შეზღუდვის პირობებშიც კი საფრთხე არ შექმნოდა ბრალდებულის კომუნიკაციას ადვოკატთან.14
ამასთან, 12 ივლისს ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ზემოთხსენებულ საქმეზე საქართველოს პროკურატურამ, არგუმენტით, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მოსაპოვებელია დამატებითი მტკიცებულებები, კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს წინასასამართლო სხდომის გამართვის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით. საყურადღებოა, რომ აღნიშნულ საქმეზე ბაჩიაშვილს ბრალი თებერვალში წარუდგინეს. ამასთან, უცნობია ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო სხდომის თარიღიც. 15
შესაბამისად, ერთმანეთს დროში ემთხვევა ბრალდებულის მიმართ არასათანადო მოპყრობა პენიტენციურ დაწესებულებაში, ბრალდებულისთვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შეზღუდვის მანკიერი პრაქტიკა და, ამასთან, მის საქმეზე ახლო პერიოდში სხდომების გადადება/არჩატარება.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ: „ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინციდენტის დაფიქსირების დღიდან, 2025 წლის 11 ივლისიდან აწარმოებს გამოძიებას და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. აღსანიშნავია, რომ ინციდენტთან დაკავშირებით, მსჯავრდებულ გ.ბ.-ს ასევე შეხვდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი.“
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ 16 საქართველოს გენერალური პროკურორის 2025 წლის 30 ივნისის №019 ბრძანებით, გაიზარდა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო ქვემდებარობა. აღნიშნულმა შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა, რომლებზეც გამოძიების წარმმართველი ორგანო შესაძლოა ფორმალურად იყოს კომპეტენტური, მაგრამ მის მიერ წარმართული გამოძიებით ირღვეოდეს ობიექტურობის, მიუკერძოებლობისა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პრინციპები. ასეთ შემთხვევაში გამოძიება ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების მოთხოვნებს, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული არაერთი უფლების პროცედურულ გარანტიას, მათ შორის, წამების აკრძალვას.
აგრეთვე, ხაზგასასმელი ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ ბაჩიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნახსენებია №8 დაწესებულების დირექტორთან კომუნიკაციაც, რაც დროში წინ უძღვოდა მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას. იმის გათვალისწინებით, რომ იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს პენიტენციურ სამსახურზე ადმინისტრაციულ ზედამხედველობას, ამავე სამინისტროს ქვემდებარე სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიება ასუსტებს გამოძიების ლეგიტიმურობას, საზოგადოებრივ ნდობას და აჩენს განცდას, რომ უწყება, რომელმაც ვერ/არ დაიცვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის უსაფრთხოება, შესაძლოა მოქმედებს შიდა ინტერესების დაცვით.
საიას მიაჩნია, რომ გამოძიება საქართველოს პროკურატურამ უნდა აწარმოოს, ხოლო მნიშვნელოვანია, პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყოს მომხდართან დაკავშირებული ვიდეოჩანაწერების (საკანსა და დერეფანში) და საქმესთან შემხებლობაში არსებული ყველა მტკიცებულების საქართველოს პროკურატურის შესაბამისი საგამოძიებო ნაწილისთვის გადაცემა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, გ. ბაჩიაშვილის ინტერესების დამცველებს მიეცეთ სისხლის სამართლის საქმის მასალების, მათ შორის, აღნიშნული ჩანაწერების გაცნობის შესაძლებლობა. 17
ამასთან, ბრალდებული პირდაპირ უთითებს რამდენიმე პირის შესახებ, რომელთა გამოკითხვაც პირველ ეტაპზე არის მყისიერად საჭირო:
№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი, რომელსაც წინარე კომუნიკაცია ჰქონდა ბაჩიაშვილთან და რომელმაც მომხდარის შემდეგ საკნიდან გაიყვანა;
ასევე, გ. ბაჩიაშვილი აღწერს იმ პირის მონაცემებს, ვინც მასზე იძალადა, რაც ასევე აღბეჭდილი უნდა იყოს კამერებზე;
უთითებს №8 დაწესებულების „ე“ ბლოკის დღის უფროსზე, ვინმე არჩილზე, რომელიც, ბრალდებულის თანახმად, ინფორმირებული იყო ძალადობის ფაქტზე და უმოქმედობით ხელს უწყობდა მას („[...] ჩხუბის მიმდინარეობისას მეხუთე „ე“ ბლოკის დღის უფროსმა არჩილმა კარის სარკმელი შეაღო, რა დროსაც შეჩერდა ეს ჩხუბი, თუმცა ამ პიროვნებამ არჩილს უთხრა, რომ დაეკეტა სარკმელი, რასაც, ჩემდა გასაკვირად, მაშინვე დაემორჩილა და სარკმელი დაკეტა. შემდეგ ისევ გაგრძელდა ჩხუბი“); 18
ამასთან, უნდა გამოიკითხოს იმ დღეს ხსენებულ კორპუსზე მორიგე სხვა თანამშრომლები;
გ. ბაჩიაშვილი უთითებს ციხის სამედიცინო პერსონალზე, სადაც მან პირველადად მიიღო სამედიცინო დახმარება;
გ. ბაჩიაშვილი უთითებს კლინიკა „ვივამედის“ პერსონალზე, სადაც ციხიდან გადაყვანის შემდეგ მიიღო სამედიცინო დახმარება.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილი იმყოფება №18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. ამავე სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება მეორე მსჯავრდებულიც. 19 აღნიშნული შესაძლოა გიორგი ბაჩიაშვილისთვის ქმნიდეს დამატებით დამაშინებელ გარემოს, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ერთხელ უკვე ვერ/არ დაიცვა პენიტენციურმა დაწესებულებამ ხსენებული პირის თავდასხმისგან მისი უსაფრთხოება.
საქართველოს სახალხო დამცველს – მსჯავრდებულის უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით პენიტენციურ სამსახურში განახორციელოს რეგულარული ვიზიტები;
საქართველოს გენერალურ პროკურორს – სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაავალოს საქართველოს პროკურატურას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას გამოძიების შედეგების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პრინციპების დაცვით.
საია მიუთითებს, ასევე, რომ ზემოთ ხსენებული შემთხვევები გავლენას ახდენს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ სხვა პირთა მდგომარეობაზეც – არასათანადო მოპყრობის შიშსა და დაუცველობის განცდას უმძაფრებს როგორც დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს, ასევე მათ ოჯახის წევრებს.
ფოტო: ტაბულა
1 „პირველების“ ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში სცემეს, ტვ პირველი, 14.072025, ხელმისაწვდომია: https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/politika/105501-pirvelebis-inpormatsiit-giorgi-bachiashvils-tsikheshi-stsemes?fbclid=IwY2xjawLhq-hleHRuA2FlbQIxMQABHosddyCxZXiV7ioxO7akIucDFhzR8YkV_1M706_6q_xFLgA_nAiZH8tiSeZo_aem_q2yUTgPCID1AC_cfWvoMRQ (განახლებულია:14.07.2025).
2 ზურაბ ჩხაიძე: ჰქონდა დაზიანებები, ღია ჭრილობები თავისა და სხეულის სხვადსხვა არეში. კლინიკაში შემოსვლიდან რამდენიმე საათში დაბრუნდა პენიტენციურ დაწესებულებაში, ფორმულა, 14.07.2025, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/share/p/12MVeSjSrN4/ (განახლებულია:14.07.2025).
3 ბაჩიაშვილს თავის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება - "ვივა მედის" კლინიკური დირექტორი, ბიემჯის ვებგვერდი 14.07.2025, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/QjDx4
4 საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება, 14.07.2025, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/share/p/16gx3XTXVi/ (განახლებულია: 14.07.2025).
5 სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება, 14.07.2025, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/share/p/1771eSN2jg/ (განახლებულია:14.07.2025).
6 ბაჩიაშვილის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ, სადაც მისი სიცოცხლის მოსპობის საფრთხეზე საუბრობენ, პუბლიკა, 23.04.2025, ხელმისაწვდომია: https://publika.ge/bachiashvilis-advokatebi-ganckhadebas-avrceleben-sadac-misi-sicockhlis-mospobis-safrtkheze-saubroben/ (განახლებულია: 14.07.2025).
7 გამიტაცეს და 2 დღე თვალებახვეული მატარეს - ბაჩიაშვილის სიტყვა პროცესზე, ტაბულა, 29.05.2025, ხელმისაწვდომია: https://tabula.ge/ge/news/735904-gamitatses-2-dghe-tvalebakhveuli-matares (განახლებულია: 14.07.2025).
8 ქონების იძულებით წართმევას, დაშინებას ვუკავშირებ - ბაჩიაშვილის თქმით, გლდანის ციხეში სცემეს, ტაბულა, 14.07.2025, ხელმისაწვდომია: https://tabula.ge/ge/news/738053-konebis-idzulebit-cartmevas-dashinebas (განახლებულია:14.07.2025).
9 „ჩემს ცემას ვუკავშირებ ჩემი ქონების უკანონოდ იძულებით წართმევას, დაშინებას“ - გიორგი ბაჩიაშვილი მისი ცემის შესახებ ყვება, ფორმულა, 14.07.2025, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/share/p/19PC9e5pfu/ (განახლებულია: 14.07.2025).
10 შეადარეთ: ბოიდი ბელგიის წინააღმდეგ [GC], §§ 117 და 119-121, 2015 წ.; ასევე იხ. გაფგენი გერმანიის წინააღმდეგ [GC], 2010, § 121).
11 „ჩემს ცემას ვუკავშირებ ჩემი ქონების უკანონოდ იძულებით წართმევას, დაშინებას“ - გიორგი ბაჩიაშვილი მისი ცემის შესახებ ყვება, ფორმულა, 14.07.2025, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/share/p/19PC9e5pfu/ (განახლებულია: 14.07.2025).
12 Freedom House, Policy Brief June 20, 2024, #WhereAreThey: When Political Prisoners Are Held Incommunicado, https://freedomhouse.org/article/wherearethey-when-political-prisoners-are-held-incommunicado, (განახლებულია: 15.07.2025).
13 გადაცემა ახალი ფორმულა, 14.07.2025 21:15 სთ.
14 პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2023 წლის ანგარიში.გვ. 73 ხემისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2024053014473115290.pdf , საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება საქართველოს პატიმრობის კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ , ხელმისაწვდომია:https://ombudsman.ge/res/docs/2022021912151369737.pdf
15 მტკვარი ჰესის" საქმეში გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს, ამიტომ პროკურატურა სხდომების გადადებას ითხოვს - ადვოკატი, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/iIruE
16 ხელმისაწვდომია:https://matsne.gov.ge/document/view/4638682?publication=3
18 იქვე.
19 იხ. პენიტენციური სამსახურის განცხადება , https://www.facebook.com/share/p/196DTKfdJM/
გააზიარე: