სიახლეები
2025 წლის 11 ივლისს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო მასალიდან ჩანს, რომ პირი პოლიციელს მიმართავს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აკავებენ სხვა მოქალაქეს, და შემდეგ ამატებს ფრაზას: „მოვა დრო და დედას გიტირებენ“. აღნიშნული ფრაზის თქმის შემდეგ, ერთ-ერთი პოლიციელი ამ პირს მაისურის საყელოში წვდა და მოქაჩა. შემდეგ, კიდევ ორი პოლიციელი შეუერთდა მას და სამივე ცდილობდნენ პირის დაკავებას ძალის გამოყენებით და მის მანქანაში ჩასმას, თუმცა მოქალაქე შეუძლოდ გახდა და ძირს დავარდა. 1
საიას მიაჩნია, რომ მოქალაქის მიმართ გამოყენებული ღონისძიება გამოხატვის თავისუფლებაში უკანონო და არათანაზომიერი ჩარევაა.
საქართველოს კონსტიტუციითა2 და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით 3 დაცული და გარანტირებულია პირის აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. მოქალაქეს უფლება აქვს გამოხატოს თავისი პოზიცია და გააკრიტიკოს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, წარმომადგენლების ქმედება. მოქალაქის მიერ წარმოთქმული ფრაზა ვერ ჩაითვლება პირის დაკავების საფუძვლად, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ მოქალაქემ ეს თქვა სამართალდამცავების ქმედებების გაკრიტიკების კონტექსტში.
ევროპულ სასამართლოს, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებაში აქვს განმარტებული, რომ თუ ადამიანის ქმედება (ამ შემთხვევაში, მისი გამოხატვა) არც ძალადობრივია, არც მიზნად ისახავს ძალადობას, არც აქვს რესურსი, გადაიზარდოს მოვლენათა ესკალაციაში, მის წინააღმდეგ დაკავების ინიციირება უკანონოა. 4ამასთან, ასევე, განმარტებული აქვს ევროპულ სასამართლოს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში მეტი ტოლერანტობა უნდა იქნეს გამოვლენილი იმ პირების მიმართ, რომლებიც გამოთქვამენ კრიტიკულ მოსაზრებებს, თუნდაც ეს მოსაზრებები, გამოხატული იყოს გაუმართავად ან ემოციური ფორმით. 5
გარდა იმისა, რომ მოქალაქის მიერ ზემოაღნიშნული ფრაზის გამო დაკავება გაუმართლებელია, გავრცელებული ვიდეო მასალის მიხედვით, არ იკვეთებოდა პოლიციელის მხრიდან ძალის გამოყენების აუცილებლობა. ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან დაკავების, როგორც უკიდურესი ღონისძიების, თვითნებური გამოყენების პრაქტიკას.
1 მთავარი, https://www.facebook.com/reel/3570323463104720, 11.07.2025, [11.07.2025].
2 საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 17.
3 ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მუხლი 10.
4 შდრ. ჩხარტიშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Chkhartishvili v. Georgia, 31349/20, 11/05/2023).
5 შდრ. ჩხარტიშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Chkhartishvili v. Georgia, 31349/20, 11/05/2023, 1484/07, 02/10/2012), §89. ციტ : ჰაიდ პარკი და სხვები მოლდოვის წინააღმდეგ (Hyde Park and Others v Moldova ) (nos. 5 and 6), App nos 6991/08 and 15084/08 (ECtHR, 14 September 2010) § 43 ; ნილ სენი და იოჰანსენი ნორვეგიის წინააღმდეგ, ( Nilsen and Johnsen v Norway ) [GC], App no 23118/93 (ECtHR, 25 November 1999) §§ 52–53.
გააზიარე: