GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

17 ნოემბერი, 202511:35

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პოლიტიკური პატიმრის, მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა. საჩივარი შეეხება მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავებას და მის წინააღმდეგ წარმოებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებს.


როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიციამ მზია ამაღლობელი თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა და მოგვიანებით, მის მიმართ ერთიდაიმავე ფაქტზე 2 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო. ორივე საქმეზე სასამართლომ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად სცნო და დააჯარიმა პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის საფუძვლით (173-ე მუხლი) - 2000 ლარის, ხოლო სტიკერის კედელზე გაკვრით იერსახის დამახინჯების საფუძვლით 150-ე მუხლი) - 1000 ლარის ოდენობით.


ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი ახალი საჩივრით დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული დაკავებით, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებით დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი), საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი), გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი), შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მუხლი 11) და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მუხლი 13) კონვენციის მე-5 მუხლთან ერთობლიობაში.


კერძოდ:


● თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი) და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მუხლი 13)


როგორც ცნობილია, 2025 წლის 11 იანვარს, მზია ამაღლობელი შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დამხმარე შენობის გარე ფასადზე სტიკერის, წარწერით - „იფიცება საქართველო“, გაკვრის გამო დააკავა აღნიშნულ დროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ბესელიამ. დაკავებისას, იმ დროს ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, განმარტა, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს 150-ე მუხლის საფუძველზე, შენობის იერსახის დამახინჯებისათვის. აღსანიშნავია, რომ ამ მუხლის საფუძველზე კანონი პოლიციას პირის დაკავების უფლებამოსილებას არ აძლევს. შესაბამისად, უკანონო დაკავების გასამართლებლად, მზია ამაღლობელის მიმართ პოლიციამ შეადგინა გაყალბებული ოქმი 173-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც შეიცავდა სრულად მცდარ ინფორმაციას, მათ შორის დამკავებელი პირის შესახებ. სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ საჩივარში ხაზგასმულია, რომ მზია ამაღლობელის დაკავება იყო რუტინული და თვითნებური, რა დროსაც არ შეფასდა საქმის ინდივიდუალური გარემოებები.


ეროვნულ დონეზე მზია ამაღლობელმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გაასაჩივრა უკანონოდ გამოყენებული დაკავება. 2025 წლის 31 იანვარს, მზია ამაღლობელს და მის წარმომადგენელს ეცნობა, რომ შსს-ს იმდროინდელი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელზე დაწერილი საჩივარი ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების შესწავლის შესახებ გადაეგზავნა იმავე უწყებას და პირს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, გრიგოლ ბესელიას, რომელმაც მზია ამაღლობელი უკანონოდ დააკავა. გარდა იმისა, რომ ამ წერილით დაკავების კანონიერება განსახილველად გადაეგზავნა იმ პირს, რომელმაც თავად დააკავა მზია ამაღლობელი, საჩივრის განხილვა ამ დრომდე არ მომხდარა. ეს გარემოებები, რომელიც მათ შორის, კანონმდებლობაში არსებული სისტემური ხარვეზის ნაწილია, პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ეფექტიან სასამართლო კონტროლს დაკავების კანონიერების შესწავლისას, რითაც დაირღვა კონვენციის მე-13 მუხლი.


● საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი)


საჩივარში ვდავობთ, რომ 173-ე მუხლის საქმეზე დაირღვა კონვენციის 6(1) და 6(2) მუხლით გარანტირებული უფლებები, რამდენადაც პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყო უსაფუძვლო, ხოლო დადგენილი ფაქტობრივი და იურიდიული გარემოებები იყო მცდარი და არაჯეროვანი. რეალურად საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, გარდა პოლიციელთა ჩვენებებისა, რომელიც დაადასტურებდა მზია ამაღლობელის მხრიდან პოლიციელების შეურაცხყოფისა, თუ ამ უკანაკნელთა მხრიდან მზია ამაღლობელის მისამართით მოწოდების ფაქტებს. შედეგად, ორივე ინსტანციის სასამართლომ მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა და მხოლოდ პოლიციელთა მიერ წარდგენილ ჩვენებებზე დაყრდნობით მიიჩნია მზია ამაღლობელი სამართალდარღვევად, რაც არღვევს სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს.


● გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი), შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მუხლი 11)


2025 წლის 30 აპრილს მზია ამაღლობელის მიმართ კიდევ ერთი სამართალდარღვევის ოქმი შედგა 150-ე მუხლის საფუძველზე, რომლითაც მზია ამაღლობელს სტიკერის მიკვირს გამო შსს ედავებოდა შენობის იერსახის დამახინჯებას. ნიშანდობლივია, რომ 150-ე მუხლზე სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია პოლიციელის, ნოდარ ზენაიშვილის მიერ, რომელმაც 2025 წლის 11 იანვარს თავად შეადგინა მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი და სტიკერის მიკვრის ფაქტი თავადვე მიუთითა დაკავების მოტივად. საჩივარში მითითებულია, რომ მაშინ, როცა მზია ამაღლობელს სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია პოლიციელებისთვის, ხოლო სტიკერის გაკვრას არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არ არსებობდა გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებში ჩარევის გამამართლებელი საფუძველი, ხოლო წარმოებული ადმინისტრაციული საქმეები იყო თვითნებური და წარმოადგენდა მზია ამაღლობელის მიზანმიმართულ დასჯას.


აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოში სწრაფ ვადაში უკვე მიმდინარეობს მზია ამაღლობელის პირველი საჩივარის განხილვა. პირველი საქმე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენებას, დაუსაბუთებელი პატაკის საფუძველზე მზია ამაღლობელის ტელეფონზე ექსპერტიზის ჩატარებას და სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას არსებულ იმ დარღვევებს შეეხება, რომლებზე უკვე ამოწურულია ქვეყნის შიგნით გასაჩივრების მექანიზმები. მზია ამაღლობელის უფლებების დარღვევის სხვა ფაქტებზე სტრასბურგის სასამართლოში ეტაპობრივად კიდევ გაიგზავნება სხვა საჩივრები.

სხვა სიახლეები