GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

02 ოქტომბერი, 202409:53

2024 წლის 2 ოქტომბერს საიამ გამოაქვეყნა ანგარიში „ბაიკერები რუსული კანონის წინააღმდეგ (სამართლებრივი რეპრესიები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობის გამო)“. დოკუმენტი მიმოიხილავს და აფასებს „რუსული კანონის“ საპროტესტო აქციებში მონაწილე მოტოციკლეტის მძღოლების წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფაქტებსა და სამართლებრივ ასპექტებს, რასაც აქვს კამპანიური ხასიათი და არ არის განყენებული, ინდივიდუალური შემთხვევები.

ანგარიში საზოგადოებას აცნობს კონკრეტული ჯგუფის, მოტოციკლეტის მძღოლების, წინააღმდეგ მიმართული ადმინისტრაციული სამართალწარმოების შესახებ, მიმოიხილავს სატრანსპორტო საშუალებებით პროტესტის სამართლებრივ რეგულირებას და აფასებს დადგენილებებს პრობლემურ ადმინისტრაციულ საჩივრებზე. ამასთანავე, ანგარიში გამოკვეთს, რამდენად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წარმოება მოტოციკლეტის მძღოლების წინააღმდეგ საშიში პრეცედენტი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებით დაცული სფეროსთვის.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 28 მაისს, საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო, და მიუხედავად ფართომასშტაბიანი პროტესტისა, თუ კანონის დასაბუთებული კრიტიკისა, მიიღო რუსული სტილის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. საპროტესტო აქციების დროს ხშირი იყო ადამიანის უფლებებისა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უხეში დარღვევები. გარდა ამისა, კანონპროექტის ინიციირებიდან დღემდე, ხელისუფლება ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს სამოქალაქო სივრცის შევიწროებას. საპროტესტო აქციების დროს ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეების, პროტესტის მხარდამჭერების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და მათი ოჯახის წევრების (მათ შორის, ბავშვების და ოჯახის ხანდაზმული წევრების) დაშინებას, მათ მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებასა და ფიზიკურ ძალადობას (ამ ფაქტებზე იხ. საიას ანგარიში „საქართველო: ადამიანის უფლებები რუსული კანონის პირისპირ, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა უცხოური გავლენის გამჭირვალობის კანონპროექტის რეინიციირებიდან 60 დღის განმავლობაში, 2024).

ერთ-ერთ სპეციფიკურ ჯგუფს, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა,  მიეკუთვნებიან სწორედ მოტოციკლეტის მძღოლები (ბაიკერები), რომლებიც ხშირად მონაწილეობდნენ კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში, მარშით უერთდებოდნენ აქციებს და შეჰქონდათ მუხტი. მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის დროს, მათ წინააღმდეგ არანაირი სანქცია არ დაწესებულა, შემდგომ პერიოდში, ქუჩაში მოძრაობის დროს, პოლიციის ეკიპაჟებმა დაიწყეს მძღოლების გაჩერება და მათთვის ადმინისტრაციული ჯარიმის დაწერა. აღსანიშნავია, რომ დაჯარიმებულთა შორის ისეთი ადამიანებიც აღმოჩნდნენ, რომლებსაც მოტოციკლეტისტთა მარშებში მონაწილეობა არ მიუღიათ. საიას ხელთ არსებული ინფორმაციით, ზემოაღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით 20 ინდივიდუალური ჯარიმა დაიწერა.

დოკუმენტის მიზნებისთვის, საიამ ღია წყაროების მიხედვით შეისწავლა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესები და შესაბამისი ადმინისტრაციული საქმის მასალები.

იხილეთ კვლევა 

სხვა სიახლეები