სიახლეები
საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც საიამ მოამზადა და სასამართლოში შალვა რამიშვილს წარმოადგენს აყენებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნას.
გასაჩივრებული მუხლი ერთიანად ართმევს ყველა პატიმარს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. არსებული კანონით მათ არც ხმის მიცემა შეუძლიათ და არც საკუთარი კანდიდატურის დაყენება.
იმის გათვალისწინებით რომ საქართველოს კონსტიტუცია იზიარებს უფლებათა პროპორციული შეზღუდვის პრინციპს, არაკონსტიტუციურია ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის აქტიური საარჩევნო უფლების იმაზე მეტად შეზღუდვა ვიდრე ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
კონსტიტუციური სარჩელით ჩვენ მსუბუქი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრებისთვის აქტიური საარჩევნო უფლების (უფლება აირჩიოს) აღდგენას ვითხოვთ.
აღსანიშნავია რომ პატიმართათვის აქტიური საარჩევნო უფლების ერთიანი და განურჩეველი ჩამორთმევა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი ოქმის მე-3 მუხლის (თავისუფალი არჩევნების უფლება) დარღვევად მიიჩნია საქმეში ჰირსტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ. საქართველო აღნიშნული ოქმის ხელმომწერი სახელმწიფოა და ევალება შეასრულოს ამ ოქმიდან და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
გააზიარე: