სიახლეები
საიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ასოცირებული პროფესორისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) ასისტენტ-პროფესორის სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მოცემულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული წესდება, რომლის მიხედვითაც, ასოცირებულ პროფესორთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულება იდება 7 წლის ვადით. საია, ასევე ასაჩივრებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონს, რომლის მიხედვითაც, უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით ასისტენტ-პროფესორის უფლებამოსილების ვადას წარმოადგენს 3 ან 4 წელი.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.“ ამ კონსტიტუციური დებულების შესაბამისად, ნებისმიერი შეზღუდვა შრომის უფლებაზე უნდა დაწესდეს ორგანული კანონით. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონი, რომელიც ასისტენტ-პროფესორის უფლებამოსილების ვადად განსაზღვრავს 3 ან 4 წელს, არის საქართველოს კანონი და არა ორგანული კანონი. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაც, რომელიც უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის უფლებამოსილებას განსაზღვრავს 7 წლით, არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი და არა ორგანული კანონი.
ორგანული კანონი შრომის კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია ვადიანი შრომის ხელშეკრულების დადება 30 თვეზე მეტი ვადით (2 წელი და 6 თვე). თუ უფრო მეტი ვადით ხდება პირის დასაქმება, მაშინ ასეთი შრომითი ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს უვადოდ. მოცემულ შემთხვევაში, ასისტენტ-პროფესორთან შრომის ხელშეკრულება იდება არა ორი წლით და 6 თვით, არამედ 3 ან 4 წლით, ხოლო ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში - 7 წლით. ამგვარად, გასაჩივრებული ნორმით დადგენილი ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა არათუ არ გამომდინარეობს ორგანული კანონიდან, არამედ ეწინააღმდეგება კიდეც მას.
მართალია, შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი პუნქტით, დასაშვებია სპეციალური კანონით შრომითი ურთიერთობის ორგანული კანონისაგან განსხვავებულად მოწესრიგება, თუმცა, თავად ამ ნორმის მიდგომის კონსტიტუციასთან თავსებადობა პრაქტიკაში არაერთხელ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მკაფიოდ აქვს განმარტებული, რომ ორგანული კანონით მოსაწესრიგებელი საკითხების კანონით მოწესრიგება გაუმართლებელია, თუნდაც კონკრეტული საკითხის კანონით მოწესრიგების შესაძლებლობაზე თავად ორგანული კანონი მიუთითებდეს, რამდენადაც ასეთპირობებში ხდება ორგანული კანონით მოსაწესრიგებელი საკითხების შედარებით დაბალი ლეგიტიმაციის აქტით მოწესრიგების უფლებამოსილების საკუთარ თავზე დელეგირება.“
ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენს “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების ნორმების ფორმალურ-სამართლებრივი შესაბამისობა კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან.
სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში უნივერსიტეტების ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორების შრომითი მდგომარეობა გაუმჯობესდება, რადგან მათთან აკადემიურ საქმიანობასთან დაკავშირებული შრომითი ხელშეკრულება დაიდება უვადოდ.
1 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის №2/5/658 გადაწყვეტილება, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-28; საქართველიოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილება საქმეზე „პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-72.
გააზიარე: