GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

18 ნოემბერი, 202508:57

„ქართული ოცნების“ ინიციატივა,1 რომლის მიხედვითაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, არსობრივად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ არჩევნების საყოველთაობის პრინციპს.


საარჩევნო უფლება არ შეიძლება მხოლოდ ფორმალურად არსებობდეს. სახელმწიფოს მხრიდან უფლების მიზანმიმართულ დარღვევად უნდა ჩაითვალოს ისეთი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს აქვს რეალური შესაძლებლობა უზრუნველყოს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა, მაგრამ მმართველი პარტიის ინტერესების გამო, საქართველოს მოქალაქეებს არ ეძლევათ ხმის მიცემის რეალური შესაძლებლობა. არჩევნების საყოველთაობის პრინციპი2 სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების არჩევნებში რეალური მონაწილეობა და არ დაუშვას, რომ მათი აქტიური საარჩევნო უფლება ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ფორმალობად იქცეს. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად „სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე,“3 უკვე წლების მანძილზე არსებული შესაძლებლობის მოქალაქეებისთვის წართმევით, მათთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვით, გაუგებარია როგორ ასრულებს სახელმწიფო ამ ვალდებულებას.


საზღვარგარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, განაგრძონ თავიანთი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფიზიკურად არ იმყოფებიან ქვეყნის ტერიტორიაზე.4 არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა უზრუნველყოფს მოქალაქეების მიერ სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებას, მიუხედავად გეოგრაფიული, ეკონომიკური თუ პოლიტიკური გარემოებებისა.5 აღნიშნილი საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს საქართველოს შემთხვევაში, რადგან ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა დიდია და მუდმივად იზრდება. ისინი ქვეყანაში დარჩენილ ოჯახებს მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ და ამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში.6


ვენეციის კომისიის მოსაზრებით, მოქალაქეთა ევროპული მობილობის გათვალისწინებით და სახელმწიფოების ინდივიდუალური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოებმა უნდა გამოიჩინონ პოზიტიური მიდგომა საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ხმის მიცემის უფლებთან დაკავშირებით.7 ქვეყნების რიცხვი, რომლებიც თავიანთ მოქალაქეებს საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლებას აძლევენ, მზარდია და ამის პარალელურად, საქართველოს მოქალქებითვის ამ შესაძლებლობის წართმევა დაუშვებელია.8


ამასთან, საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის წესის ჩამოყალიბება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ანალოგიით, კონსტიტუციურად გაუმართლებელი და მანკიერი პრაქტიკაა, რადგან ეს ორი პროცესი არსებითად განსხვავებული სამართლებრივი ბუნებისა და პოლიტიკური მნიშვნელობის მქონეა.


არსებითია ისიც, რომ აღნიშნული საკანონდებლო პროცესის პარალელურად მმართველი პარტია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მიზნით აწარმოებს დავას საკონსტიტუციო სასამართლოში.9 გარდა ამისა, აძლიერებს ზეწოლას დამოუკიდებელ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა 10 და მედიაზე. ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის პირობებში, მსგავსი ნაბიჯების გადადგმა კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართული ოცნების მისწრაფებებს და ძირს უთხრის არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების შესაძლებლობას.


ფოტო: რადიო თავისუფლება 



1„ოცნება“ არჩევნებზე ხმის მიცემას უზღუდავს ემიგრაციაში მყოფ მოქალაქეებს“, საინფორმაციო პორტალი „ბათუმელები“, 2025 წლის 17 ნოემბერი, ხელმისაწვდომია: https://batumelebi.netgazeti.ge/news/595131/?fbclid=IwY2xjawOHvwlleHRuA2FlbQIxMQBzcnRjBmFwcF9pZBAyMjIwMzkxNzg4MjAwODkyCGNhbGxzaXRlAjMwAAEe7Nw3ip6rjQXuUV7B0C5VWP6psHNOZfTlf1YUE-u9cBViiaUjWo4J08MSM7c_aem_HbLoKxcJrh6jl6_G7Cfh1A, განახლებულია: 17.11.2025. 

2 სწორედ არჩევნების საყოლევთაობის პრინციპი ხდის შესაძლებელს საკანონმდებლო ორგანოში ე.წ. ასახვითი წარმომადგენლობის უზრუნველყოფას, რაც საზოგადოების ყველა ძირითადი ჯგუფის ინტერესთა პარლამენტში ასახვას გულისხმობს. იხილეთ - გონაშვილი, ვ., ერემაძე, ქ., თევდორაშვილი, გ., კახიანი, გ., კვერენჩხილაძე, გ., ჭიღლაძე, ნ., შესავალი საკონსტიტუციო სამართალში, მერიდიანი, 2016, გვ. 276.

3 საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი.

4 European Commission for Democracy through Law (Venice Commission), Report on Out-of-Country Voting, CDL-AD(2011)022. (64).

5 Ibid. (66)

6 მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის პერიოდში, ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით, საქართველო ფულადი გზავნილების მიმღებთა ათეულში მე-6 ადგილს იკავებს, 4,2 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილების შემოდინებით, რაც, ამავე პერიოდისთვის, საქართველოს მშპ-ს 13.8%-ს უტოლდება.

uropean Commission for Democracy through Law (Venice Commission), Report on Out-of-Country Voting, CDL-AD(2011)022. (99).

8 Out-of-Country Voting Learning from Practice, Adhy Aman and Mette Bakken, International Institute for Democracy and Electoral Assistance, ხელმისაწვდომია: https://www.idea.int/sites/default/files/publications/out-of-country-voting.pdffbclid=IwY2xjawOH9zZleHRuA2FlbQIxMABicmlkETF3eTJUS1hGNXNaa21YaEZIc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MghjYWxsc2l0ZQEyAAEeJFZV446Zs1-FgbiyDk98kZWQu1nMP47aaG2UXiqkGsOtJbOpIdsC8oR6ozk_aem_iZTlovAFhfEn3FdApJ3UnA, განახლებულია: 17.11.2025.

9 საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე. ხელმისაწვდომია: https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=18680. 

10 „შვიდი სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაადეს“, საინფორმაციო პორტალი „რადიო თავისუფლება“, 2025 წლის 27 აგვისტო, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/33514228.html, განახლებულია: 17.11.2025; ,,ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების ახალი ეტაპი 30-მდე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ დაიწყო“, საიას ოფიციალური ვებგვერდი, 2025 წლის 22 სექტემბერი, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/post/Statemnet-22-09 , განახლებულია: 17.11.2025. 



სხვა სიახლეები