GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

16 იანვარი, 202317:24

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 2022 წლის 16 იანვარს მიღებული განაჩენით ალექსანდრე ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას მიმართ მსჯავრდებული ექვსი პირი ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩადენაში გაამართლა (სსკ-ის 225 მუხლი, მე-2 ნაწილი). შედეგად, მსჯავრდებულ პირებს შეუმცირდათ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მათთვის განსაზღვრული სასჯელი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ეს წარმოადგენს 2021 წლის 05 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე სიძულვილის ჯგუფების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერების კიდევ ერთ მაგალითს, რაშიც უპირველესი როლი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურას მიუძღვით, როგორც გამოძიების წარმართვასა და ბრალის წარდგენაზე უფლებამოსილ ორგანოებს. 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 აპრილის განაჩენით 6 პირის მიმართ, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთობლიობაში ზურაბ მახარაძისა და სხვა პირთა მხრიდან განხორციელებული ქმედება, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მათ წინააღმდეგ პროცესები არ მიმდინარეობდა, საჯარო წყაროებზე დაყრდნობით ორგანიზებულ დანაშაულებრივ ქმედებად შეაფასა. ამავე სასამართლომ აღნიშნული საკითხის შეფასების დროს განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ონლაინ გამოცემა ,,პუბლიკა“-დან გამოთხოვილ ინფორმაციასა და ვიდეო ჩანაწერზე. ხსენებული მტკიცებულებები ასახავს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ აქციის მონაწილეები 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან და დასაგეგმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, სადაც სტუდიაში მიმდინარეობს საუბარი 4 პირს შორის, რომლებიც არიან: ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი მარტინენკო და გიორგი ქარდავა. 

ხაზგასასმელია, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენს და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს. თუმცა, არსებითია იმ ფაქტის აღნიშვნა, სწორედ პროკურატურა არის ის უწყება, რომელიც ხელს აფარებს ძალადობის მთავარ ორგანიზატორებს. ამას ასევე ადასტურებს 5 ივლისის დაზარებული პირების ერთ-ერთ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტება: „მან ნამდვილად დაინახა რიგ მტკიცებულებებში ჰომოფობიური და ძალადობის შემცველი მოწოდებები, ასევე გაირკვა კონკრეტულ პირთა სახელები და გვარები, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია ბრალდების მხარეს იმის სამტკიცებლად, რომ ბრალდებულები სტრუქტურულად და მყარად ორგანიზებული ჯგუფის მონაწილენი იყვნენ [...] შეუძლებელია გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენა, რომ ბრალდებულებმა ამ სახის ჯგუფურ მოქმედებაში მიიღეს მონაწილეობა.“[1]

საია ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი მარტინენკო და გიორგი ქარდავას მიმართ დევნის დაწყებას არაერთხელ ითხოვდა, როგორც საჯაროდ, ასევე, პროკურატურასთან კორესპონდენციისას. ამის მიუხედავად, დღემდე არც ერთი მათგანის მიმართ ბრალი წარდგენილი არ არის. მათ შორის, სახალხო დამცველმა 2021 წლის 03 სექტემბერს ზურაბ მახარაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე მიმართა გენერალურ პროკურატურას 2021 წლის 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე. სახალხო დამცველის წინადადება პროკურატურამ არ გაიზიარა. შესაბამისად, პროკურატურის პოზიცია, რომ ის აპირებს განაჩენის გასაჩივრებას, მხარდაჭერილი უნდა იყოს იმ ფაქტითაც, რომ წარუდგინოს ბრალი დანაშაულის მთავარ ორგანიზატორებს, მათ შორის, ზურაბ მახარაძეს, შოთა მარტინენკოს, ირაკლი მარტინენკოს და გიორგი ქარდავას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული განცხადება არ ტოვებს თანმიმდევრულობის განცდას, გამოძიება კი ამ საქმეზე არაეფექტიანად მიმდინარეობს.

საია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის დასაბუთებულობასა და კანონიერებას მისი გაცნობის შემდეგ დეტალურად შეაფასებს.

 

 

 

 

 


[1] თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 აპრილის განაჩენი საქმეზე N1/4458- 21, გვ.49-50.

სხვა სიახლეები