სიახლეები
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობის გამო ქვეყანაში შესვლაზე პერსონალური სანქციები დაუწესა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წევრებს, მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ვალერიან ცერცვაძესა და ირაკლი შენგელიას.[1] აშშ-ის საელჩოს განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას მოსამართლეთა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის შესახებ სანდო ინფორმაცია უდევს საფუძვლად [2]. კოალიცია მხარს უჭერს სახელმწიფო დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილებას.
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის უკვე წლებია ქართული მართლმსაჯულების სისტემის მთავარ გამოწვევად მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის - კლანის მმართველობას მიიჩნევს. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შიდა გამოწვევები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც [3]. კლანი ალიანსშია ხელისუფლებასთან და პოლიტიკური ინტერესების მქონე საქმეებზე გადაწყვეტილებას იღებს არა მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მის საზიანოდ, ვიწრო პოლიტიკური თუ სხვა მიზნების მისაღწევად. სანქცირებული მოსამართლეები სწორედ ამ ჯგუფს წარმოადგენენ. მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე და ირაკლი შენგელია მოქმედი მოსამართლეები არიან და წლების განმავლობაში იკავებდნენ საკვანძო თანამდებობებს სისტემაში, ხოლო ვალერიან ცერცვაძეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მოსამართლე არ არის, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ამ სისტემის შექმნაში. აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
სამწუხაროდ, არაერთი მოწოდების, ე.წ “შარლ მიშელის შეთანხმების”, თუ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფონზეც კი, მმართველმა პარტიამ არ გამოავლინა პოლიტიკური ნება სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმისთვის. მეტიც, უკანასკნელ პერიოდში გავლენიანმა მოსამართლეებმა უფრო მეტად გაიმყარეს პოზიციები.3 რეფორმები, რომლებიც ბოლო წლებში გატარდა სისტემაში, ცალსახად ემსახურებოდა კლანის გავლენების გაძლიერებას და მიმართული იყო ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.
გავლენიანი მოსამართლეების მიმართ სანქციების გამოყენება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მწვავეა მართლმსაჯულების სისტემაში არაფორმალური გავლენებისა და კლანურობის პრობლემები. ამ პროცესებით რეპუტაციული ზიანი ადგება მთლიანად მართლმსაჯულების სისტემას, საქართველოს მოქალაქეებს კი ეზღუდებათ სამართლიანი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უფლება. ამ ფონზე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას:
• შეასრულოს ევროკავშირის რეკომენდაცია მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით და განახორციელოს მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმა;
• გადადგას რეალური ნაბიჯები კლანური მმართველობის დასასრულებლად მართლმსაჯულების სისტემაში;
• დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიუკერძოებელი და კეთილსინდისიერი არამოსამართლე წევრები, ამავდროულად შეცვალოს გადაწყვეტილების მიღების არსებული წესი.
აშშ-ს საელჩოს განცხადებაში გაჟღერებულ შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველ ინფორმაციას უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება შესაბამისი ორგანოების მხრიდან.
[1] Public Designations of Mikheil Chinchaladze, Levan Murusidze, Irakli Shengelia, and Valerian Tsertsvadze, Due to Involvement in Significant Corruption, Press Statement, U.S. Department of State, 5 April 2023, available at: https://www.state.gov/public-designations-of-mikheil-chinchaladze-levan-murusidze-irakli-shengelia-and-valerian-tsertsvadze-due-to-involvement-in-significant-corruption/, accessed: 6.04.2023.
[2] ხშირად დასმული კითხვები ქართველი ოფიციალური პირების სანქცირება 7031C წესის საფუძველზე“, აშშ-ს სალეჩო, 2023 წლის 5 აპრილი, ხელმისაწვდომია: https://ge.usembassy.gov/ka/fact-sheet-7031c-designations-of-georgian-officials-ka/, განახლებულია: 06.05.2023.
[3] 2022 Country Reports on Human Rights Practices: Georgia, U.S. Department of State, 2022, available at: https://www.state.gov/reports/2022-country-reports, accessed: 6.04.2023.
გააზიარე: