სიახლეები
17 ოქტომბერს, სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კოალიციამ “მომავალი სიღარიბის გარეშე” (Oxfam-საქართველოს წარმომადგენლობის დაფინანსებით) ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოაწყო აქცია-კონცერტი სახელწოდებით – “უთხარი არა სიღარიბეს!”
კონცერტში მონაწილეობდნენ:
33ა;
ბაკურ ბურდული;
ზუმბა;
სალომე კორკოტაშვილი;
პანჩო;
ფრანი.
მუსიკოსები საკუთარ სიმღერებში ფრაზებად აჟღერებდნენ რეალურ სამწუხარო სტატისტიკას, რომელიც ამბობს, რომ:
სიღარიბის გამო ყოველ დღე მსოფლიოში 58 ათასი ადამიანი იღუპება...
ყოველ სამ წამში ერთი ბავშვი კვდება...
საქართველოში ყოველი მეოცე ბავშვი ვერ აღწევს 5 წლის ასაკს...
მსოფლიოში 100 მილიონ ბავშვზე მეტი ვერ დადის სკოლაში სიღარიბის გამო...
ჩვენს გარშემო ყოველი მეოთხე ვერ იღებს სრულფასოვან საკვებს...
ყოველი მეორე ავადმყოფი ვერ იხდის მკურნალობის ხარჯებს...
ყოველდღიურად იზრდება უსახლკარო ბავშვთა რაოდენობა...
ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ეს რეალობა, რადგან როგორც ნელსონ მანდელამ თქვა “სიღარიბე ადამიანის მიერ არის შექმნილი და მისი დაძლევა და საბოლოო აღმოიფხვრა შესაძლებელია ადამიანების მიერ!”
2000 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მსოფლიოს განვითარებადი თუ განვითარებული ქვეყნების ლიდერები შეკრიბა. შემუშავდა გაეროს ათასწლეულის დეკლარაცია. 2000 წლის სექტემბრის გაეროს ათასწლეულის სამიტზე შეკრებილი ქვეყნების ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას რომლითაც მათ აიღეს ვალდებულება, რომ 2015 წლამდე საკუთარ ქვეყნებში ღარიბ ადამიანთა რაოდენობას გაანახევრებდნენ.
მათ შორის იყო საქართველოც.
ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენეთ ქვეყნის ხელისუფლებას, რომ 2015 წლამდე აუცილებლად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება!
შუა კონცერტის დროს მუსიკოსები და 3000-მდე სტუმარი ფეხზე ადგა და ყველამ ერთად “არა” უთხრა სიღარიბეს.
ამასთან, ნიაზ დიასამიძემ დაწერა სიმღერა, რომელსაც სწორედ ჩვენი კოალიციის სახელი ჰქვია. მუსიკალურ კომპოზიციას ზემოაღნიშნული მუსიკოსები ასრულებენ.
ამ სიმღერაზე გადაღებული კლიპის პრემიერა შედგა ტელეკომპანია რუსთავი-2-ის ეთერში, 14 ოქტომბერს, გადაცემაში კურიერი-P.S.
ხოლო 17 ოქტომბერს, კლიპი იხილა დაახლოებით 44 ათასმა მაყურებელმა. ფეხბურთში, ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის დროს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები შოტლანდიელებს დაუპირისპირდა (და გაიმარჯვა ანგარიშით 2:0).
კონცერტზე მოსულ საზოგადოებას დაურიგდა თეთრი სამაჯურები, მაისურები და კეპები, რომლებზეც კოალიციის ლოგოა გამოსახული წარწერით “მომავალი სიღარიბის გარეშე”.
გააზიარე: