შედეგები
საია ეხმაურება 17 ივლისს სასამართლო პროცესზე მოწმე გდდ-ს თანამშრომლების მიერ გაკეთებულ განცხადებას ჩაფხუტების დანომვრასთან დაკავშირებით
23 ივლისი, 2025აქციებთან დაკავშირებით დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესზე 17 ივლისს ბრალდების მხარის მოწმეებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (‘გდდ’) თანამშრომლებმა, ლაშა გელაშვილმა და გიორგი გობრონიძემ, განაცხადეს, რომ გდდ-ს ჩაფხუტებზე მითითებული იყო საიდენტიფიკაციო ნომრები. გიორგი გობრონიძემ ასევე მიუთითა, რომ ნომერი ჩაფხუტის უკანა მხარეს იყო მითითებული.
გდდ-ს თანამშრომლების ფორმაზე საიდენტიფიკაციო ნიშნების არარსებობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რომელიც სერიოზულად ართულებს პირების იდენტიფიკაციას. სპეცრაზმელთა ფორმებზე საიდენტიფიკაციო ნიშნების არარსებობა გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც 2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე, ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (Tsaava and Others v. Georgia). 1
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე, ისევე როგორც 2024 წლის გაზაფხულის აქციების ძალადობრივი დარბევისას, სპეცრაზმის აღჭურვილობაზე მსგავსი დანომვრის ან საიდენტიფიკაციო მონიშვნის არარსებობა მნიშვნელოვანი პრობლემა იყო, რომელსაც ხაზს უსვამდნენ როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, 2 ასევე თავად სახელმწიფო უწყებები.
სახალხო დამცველის საპრლამენტო ანგარიში, როგორც 2024 წლის გაზაფხულის, ასევე ნოემბერ-დეკემბრის აქციებთან დაკავშირებით, პირდაპირ მიუთითებს, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) თანამშრომლები არ ატარებენ რაიმე მაიდენტიფიცირებელ ნიშანს, რაც არსებითად უშლის ხელს პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და მნიშვნელოვნად აზიანებს გამოძიების პროცესს. რაც, თავის მხრივ, ახალისებს დაუსჯელობას“. 3 სპეცრაზმელების ფორმებზე ამოსაცნობი ნიშნების არარსებობაზე მიუთითებენ აქციაზე დაკავებული ან/და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი პირები, როგორც სახალხო დამცველის ანგარიშის,4 ასევე სამოქალაქო საზოგადოების 11 ორგანიზაციის მიერ მომზადებული დოკუმენტირების ანგარიშის მიხედვით. 5
აღსანიშნავია, რომ საიდენტიფიკაციო ნიშნების არარსებობა, როგორც პრობლემა დაიდენტიფიცირებული ჰქონდა თავად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც, რომელიც აღნიშნულ გარემოებას იყენებდა მის მიერ წარმოებული გამოძიების შედეგის თვალსაზრისით პოტენციური არაეფექტიანობის, კერძოდ, არასათანადო მოპყრობაში დამნაშავე სპეცრაზმელების იდენტიფიცირების სირთულის ასახსნელად (იხ. მაგალითად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსის, კარლო კაციტაძის, ინტერვიუ).6 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, სპეცრაზმის აღჭურვილობაზე ამომცნობი ნიშნების არარსებობა გამოწვევას წარმოადგენდა წინა წლებშიც. ანგარიში არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას 2024 წელს განსხვავებული პრაქტიკის/ტენდენციის შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსიც, ირაკლი შაიშმელაშვილი, ტვ პირველთან 2024 წლის 28 დეკემბრის ინტერვიუში ადასტურებდა, რომ სპეცრაზმელები სპეციალურ დანომვრას არ ატარებენ: „არავინ არ დაიკითხება, პირობას გაძლევთ, ამ ხელისუფლების პირობებში. პირველი, ვერც დააიდენტიფიცირებენ, თვითონ სისტემაშიც შეიძლება არ იცოდნენ, ვინები არიან. იმიტომ, რომ არ ხდება მათი დაიდენტიფიცირება. არ არის მათი სანომრე ნიშნები, არაფერი.“ 8
ამასთან, არსებობს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის არაერთი ვიდეოჩანაწერი, მათ შორის საპროტესტო აქციებიდან, სადაც სპეცრაზმელები სხვადასხვა რაკურსიდან ჩანს, თუმცა არცერთ შემთხვევაში მათ აღჭურვილობაზე ხილული არ არის რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი აღნიშვნა. 9
თუ ჩავთლით, რომ გდდ-ს თანამშრომლებს მაიდენტიფიცირებელი აღნიშვნა აღჭურვილობაზე გაკეთებული აქვთ ისეთი ზომით/ფორმით ან ისეთ ადგილას, სადაც იგი ხილული არ არის გარეშე პირისთვის, ასეთი ფორმით საიდენტიფიკაციო ნომრების მითითება ვერ ჩაითვლება სახელმწიფოს მიერ გატარებულ ეფექტიან პრევენციულ ზომად, რადგანაც იგი ვერ უზრუნველყოფს დამნაშავე პირების ამოცნობას, რაც სპეცრაზმელთა ფორმებზე მსგავსი ნიშნების დატანის მთავარი მიზანი უნდა იყოს. სტრასბურგის სასამართლოც აღნიშნავს, რომ ნიღბიანი პოლიციელების საიდენტიფიკაციო ნიშნები ხილულად უნდა იყოს წარმოდგენილი. ამასთან, ეს ვერსია ეწინააღმდეგება შსს-ს წერილში გაკეთებულ განმარტებას, რომლის მიხედვითაც გდდ-ს თანამშრომლების ჩაფხუტების ნომრების მიხედვით აღრიცხვა არ ხორციელდება. კერძოდ:
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2024 წლის 31 დეკემბრის N MIA 6 24 03973670 წერილით განმარტავს, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოსამსახურეებზე სპეციალური საშუალებებისა და აღჭურვილობის გადაცემა ხორციელდება რაოდენობრივად, კონკრეტული ნომრის მითითების გარეშე“. წერილის მიხედვით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის 13 დეკემბრის №3348201 ბრძანებით დამტკიცებულია №14 დანართი „სპეციალური საშუალებების, აღჭურვილობის, სანივთე ქონების აღრიცხვისა და მიმაგრების წიგნი“, რომელშიც ხდება მოსამსახურეზე მიმაგრებული სპეციალური აღჭურვილობის კომპლექტის ერთჯერადად გატარება, ნომრის მითითების გარეშე. სპეციალური აღწურვილობის კომპლექტი მოიცავს ჩაფხუტს, ფარს, ხელკეტს, აირწინაღსა და დამცავ საშუალებას ე.წ. „რობოკოპს“. წერილში პირდაპირ არის მითითებული, რომ „შესაბამისი დანაყოფების მიერ არ ხორციელდება მოსამსახურეთა აღრიცხვა ჩაფხუტის ნომრების შესაბამისად.“
მოწმე გდდ-ის თანამშრომელმა, გიორგი გობრონიძემ, ასევე, პროცესზე მიუთითა, რომ იგი არ არის ე.წ. „ამყვანების ჯგუფში“ და სხვა დანაყოფს წარმოადგენს. ე.წ. „ამყვანების“ ჯგუფს, მისი განმარტებით, უწოდებენ შავებში ჩაცმულ ჯგუფს, რომელსაც აღჭურვილობა არ აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა ტვ პირველთან 2024 წლის 28 დეკემბრის ინტერვიუში განმარტა,რომ აქციების დროს ორი კატეგორიის დანაყოფი არის წარმოდგენილი: ე.წ. რობოკოპები, რომლებიც ძირითადად მოქმედებენ „კოლოფის“ შემადგენლობაში, და დაკავების ჯგუფები. თუ კი დავუშვებთ, რომ გდდ-ს ზოგიერთი დანაყოფი ატარებს ამომცნობ ნიშნებს, ზოგიერთი კი - არა, გაურკვეველი ხდება, რატომ არ აღუნიშნავთ ეს აქამდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სახალხო დამცველს ან/და შსს-ს და რატომ არ შეიცავს აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ს ზემოთ განხილული წერილი.
ყოველივე ზემოთ განხილულიდან გამომდინარე, უცნობია, რას გულისხმობდნენ სასამართლო პროცესზე ბრადების მხარის მოწმეები, როდესაც ჩაფხუტის დანომვრაზე მიუთითებდნენ. კითხივის ნიშნებს აჩენს, თუ რატომ ეწინააღმდეგება ეს ინფორმაცია სახელმწიფო უწყებების მიერ აქამდე გაკეთებულ განმარტებებს.
მნიშვნელოვანია, გენერალურმა პროკურატურამ, როგორც უწყებამ, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების შემდეგ, 2025 წლის 01 ივლისიდან, უნდა იძიებდეს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს, მათ შორის, აქციების კონტექსტში, საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია გდდ-ის თანამშრომლების იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით.
ფოტო: ილია რატიანი
1 Tsaava and Others v. Georgia, 13186/20, 2024, პარ. 223.
2 იხილეთ ანგარიში: საია et al., ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, 2024 წლის 28 ნოემბერი-2025 წლის 28 თებერვალი, 2025.
3 საქართველოს სახლხო დამცველის ანგარიში 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 78, https://ombudsman.ge/res/docs/2025040121291438156.pdf, [21.07.2025].
4 იქვე, 101.
5 იხილეთ ანგარიში: საია et al., ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, 2024 წლის 28 ნოემბერი-2025 წლის 28 თებერვალი, 2025, 11.
6 ტვ პირველი, 300-მდე ნაცემი და ნაწამები ადამიანი და არცერთი დასჯილი ჯალათი - კარლო კაციტაძე "შაბათის ეთერის" პირისპირ, 21.12.2024, https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/politika/89868-300-mde-natsemi-da-natsamebi-adamiani-da-artserti-dasjili-jalati-karlo-katsitadze?fbclid=IwY2xjawH1uCFleHRuA2FlbQIxMQABHWL2rfCh8aJ_9YBy7ZJfxXAN2BPPUXvbIJizDPZoIQ43_REO6ce8iT2g_Q_aem_Tco6XNUVLYcJckwidjX6Ew_, [21.07.2025].
7 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში, 64-65, https://info.parliament.ge/file/1/BillPackageContent/47827, [21.07.2025].
8 ნოდარ მელაძის შაბათი, ექსლუზიური ინტერვიუ ირაკლი შაიშმელაშვილთან, 28.12.2024, https://www.youtube.com/watch?v=ZMOUjqLcfao, [21.07.2025].
9 მაგალითად, იხილეთ ტვ პირველის კადრები, რომელიც 2024 წლის 25 ნოემბერს ე.წ. რობოკოპების გადაადგილებას ასახავს, https://www.facebook.com/watch/?v=555188083886962, [21.07.2025]; რადიო თავისუფლების კადრები, რომელებიც 2024 წლის 28-29 ნოემბრის ღამის მოვლენებს ასახავს, https://www.facebook.com/reel/1223498242054664, [21.07.2025]; ტვ პირველის კადრები, რომლებიც 2024 წლის 29-30 ნოემბრის ღამის მოვლენებს ასახავს, https://www.youtube.com/watch?v=C3rrEd8UxFo, [21.07.2025]; პუბლიკას კადრები, რომლებიც 7 დეკემბრის მოვლენებს ასახავს, https://www.facebook.com/watch/?v=1323359092157242, [21.07.2025].
გააზიარე: